მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანების სიაა
ფოტო: Artem Mikheev/iStock/Getty Images
დარემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევრებმა ბრიტანეთის ბიბლიოთეკის შუა საუკუნეების კოლექცია შეისწავლეს. ისინი აქამდე შეუმჩნეველ დოკუმენტსაც წააწყდნენ, რომელიც შავი ჭირის (1346-1353) გადარჩენილების შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდის.
დოკუმენტი იმას აღწერს, თუ რამდენი ხნით გააცდინეს სამუშაო შავი ჭირის დროს გლეხებმა. გარდა ამისა, პერგამენტზე გადარჩენილების სახელებიცაა დატანილი იმ დროსთან ერთად, რამდენიც მათ დამქირავებლებს ჰქონდათ განსაზღვრული ამ გლეხების გამოსაჯანმრთელებლად.
შავი ჭირი ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიაა. ითვლება, რომ ამ დაავადებით ევროპის მოსახლეობის 1/3-2/3 ამოწყდა. გადარჩენა რთული იყო, მაგრამ არა შეუძლებელი.
დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე სწრაფად ჰენრი ბრაუნი გამოკეთებულა: მას მხოლოდ 1 კვირა არ უმუშავია. სამაგიეროდ, ჯონ დერუორსსა და აგნეს მოლდს დაავადება გაუხანგრძლივდათ: ისინი სამუშაოზე 9 კვირის განმავლობაში არ გამოცხადებულან.
დაავადების საშუალო ხანგრძლივობა 3-იდან 4 კვირამდე იყო, გლეხების 3/4 სამუშაოს ერთ თვეზე ნაკლებში უბრუნდებოდა. მათი გამოკეთების სისწრაფე კიდევ უფრო ნიშანდობლივია იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამუშაოდან 1 წლით და 1 დღით გათავისულების უფლება ჰქონდათ.
ისტორიკოსები და არქეოლოგები დიდი ხანია მსჯელობენ, რამდენად მოქმედებდა შავი ჭირით სიკვდილიანობაზე ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა, სტატუსი, სქესი ან ასაკი.
შედარებით მდიდარი მოიჯარეების გადარჩენის ალბათობა უფრო მაღალი იყო, რაც შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობების ქონა გადარჩენაზე ნამდვილად ახდენდა გავლენას.
ზოგადად, შავი ჭირის ჩვენეულ გაგებას სიკვდილიანობის მასშტაბი განაპირობებს, თუმცა ეს სრული სურათი არ არის: გასათვალისწინებელია ის ადამიანებიც, რომლებსაც ჭირი ჰქონდათ, მაგრამ გადარჩნენ. მეორე მხრივ, მათ შესახებ ცოტა ინფორმაცია თუა შემორჩენილი.
ერთი რამ აშკარაა: ევროპის სოფლებსა და ქალაქებში შავი ჭირით დაღუპულები, მომაკვდავები და ავადმყოფები გაცილებით უფრო მეტნი უნდა ყოფილიყვნენ, ვიდრე ცოცხალი და ჯანმრთელი მოსახლეობა. ამას იმდროინდელი ჩანაწერები ცხადყოფს.
გარდა ამისა, 1349-1350 წლების მოსავალი შუა საუკუნეების ინგლისის ისტორიაში ყველაზე უარესად მიიჩნევა, იმაზე უარესადაც კი, ვიდრე 1315-1317 წლების მოსავალი (ამ დროს დიდი შიმშილობა იყო). ამის მიზეზად შავი ჭირით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი სახელდება.
ახალი არქივული აღმოჩენა შავი ჭირის გადარჩენილების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, რაც აქამდე ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი, ე.ი. არსებობდნენ გლეხები, რომლებიც არამხოლოდ გადაურჩნენ შავ ჭირს, არამედ ცოტა ხანში სამუშაოსაც კი დაუბრუნდნენ.
ნაშრომი გამოცემაში Historical Research გამოქვეყნდა.
კომენტარები