19 მაისს Epic Games-მა განაცხადა, რომ მათი პოპულარული თამაში Fortnite მსოფლიო App Store-ებზე დაბრუნდა, რადგან კომპანია დარწმუნებულია, რომ სასამართლო დავას მოიგებს.

"ვბრუნდებით, რადგან Apple-მა იცის, რომ აშშ-ის ფედერალური სასამართლო მას App Store-ის საკომისიოების გამჭვირვალობას აიძულებს, და როგორც კი Apple-ს ხარჯების გამჟღავნება მოეთხოვება, მსოფლიოს მთავრობები მის უსამართლო საკომისიოებს არ დაუშვებენ", — განაცხადა Epic Games-მა.

ამერიკული კომპანია Epic Games, რომელსაც ჩინური Tencent უჭერს მხარს, Apple-თან სამართლებრივ დავაში 2020 წლიდან იმყოფება — ბრალდებით, რომ Apple-ის მიერ აპლიკაციების შიდა გადახდებზე 30%-მდე საკომისიოს დაწესება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაა.

ფოტო: Fortnite / Epic Games

2020 წელს Epic-მა Fortnite-ში პირდაპირი გადახდის სისტემა ჩართო, რითაც Apple-ის აპლიკაციის შიდა გადახდის სისტემას გვერდი აუარა. Apple-მა თამაში App Store-დან იმავე დღეს წაშალა. საპასუხოდ, Epic Games-მა იმავე დღეს შეიტანა სარჩელი სასამართლოში და 5-წლიანი დავის შემდეგ, 2025 წელს Fortnite ამერიკულ App Store-ზე დაბრუნდა.

2025 წლის დეკემბერში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ Apple-ს გარე გადახდებზე გარკვეული საკომისიოს აღება შეუძლია, თუმცა ეს 27%-ზე დაბალი უნდა იყოს. Apple-მა საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც უარი თქვა Apple-ის მოთხოვნაზე და საქმე საოლქო სასამართლოში დაბრუნდა. 2026 წლის 19 მაისს, Epic Games-მა თამაში გლობალურ App Store-ზე დააბრუნა.

"დროა მარეგულირებლებმა კანონები ნამდვილად აამოქმედონ, რათა მსოფლიოს დეველოპერებმა და მომხმარებლებმა ისარგებლონ ღია და სამართლიანი მობილური აპლიკაციების ეკოსისტემით", — თქვა კომპანიამ 19 მაისის განცხადებაში.

Fortnite 2017 წელს გამოვიდა და 650 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებლით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. თვეში აქტიური მოთამაშეების რაოდენობა 110 მილიონს აღწევს, ყოველდღიური კი დაახლოებით 30 მილიონს.

თამაში განსაკუთრებით ცნობილია მასშტაბური ღონისძიებებით, 2023 წელს Fortnite OG-ის გაშვების დღეს, აპლიკაციაში 44.7 მილიონი მოთამაშე შევიდა, ხოლო 2024 წლის Remix Finale ღონისძიებაზე ერთდროულად 14.3 მილიონი ადამიანი თამაშობდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.