ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო
ილონ მასკი დამარცხდა OpenAI-ს წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში — ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა და მოსამართლემ დაადგინეს, რომ მან დააგვიანა სარჩელის შეტანა AI-სტარტაპისა და მისი ხელმძღვანელების, სემ ალტმანისა და გრეგ ბროკმანის წინააღმდეგ.
ცხრაკაციან ნაფიც მსაჯულთა კოლეგიას მხოლოდ ორი საათი დასჭირდა OpenAI-ს სასარგებლოდ განაჩენის გამოსატანად, რომელიც აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაუყოვნებლივ მიიღო საკუთარ საბოლოო გადაწყვეტილებად.
მასკის მთავარმა ადვოკატმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. OpenAI-ს ადვოკატი კი დარწმუნებულია, რომ სარჩელი კონკურენტის მხრიდან პოსტფაქტუმ მოფიქრებული საბაბი იყო და ამას, მისი თქმით, მტკიცებულებები ნათლად ადასტურებდა.
მასკი ამტკიცებდა, რომ 2016-2020 წლებში OpenAI-სთვის გაღებული 38 მილიონი დოლარი არასწორად გამოიყენეს, რადგან ალტმანმა და ბროკმანმა ის მოახმარეს AI-კვლევებს და შემდეგ ტექნიკური ექსპერტიზა მომგებიან შვილობილ კომპანიაში გადაიტანეს. თუმცა მტკიცებულებებმა და ჩვენებებმა გამოავლინა, რომ მასკი მომგებიანი სტრუქტურის შექმნაზე თანახმა ყოფილა.
სარჩელის შესახებ:
მასკმა და ალტმანმა OpenAI 2015 წელს ერთად დააარსეს, თუმცა მასკმა კომპანია 2018 წელს მწვავე კონფლიქტის შემდეგ დატოვა. 2024 წელს მან ფედერალური სარჩელი შეიტანა, სადაც ამტკიცებდა, რომ ალტმანმა და გრეგ ბროკმანმა დაარღვიეს კომპანიის დამფუძნებელი პირობა — ღიად გაეზიარებინათ AI-ტექნოლოგია მსოფლიოსთვის, არამომგებიანი ორგანიზაციის სახით. სასამართლო პროცესამდე გამოქვეყნებულმა ასობით დოკუმენტმა მრავალი მომენტი გამოააშკარავა: ბროკმანის პირადი დღიური, სადაც ის მილიარდი დოლარის შოვნაზე ოცნებობდა; შივონ ზილისის, მასკის მოკავშირისა და ოთხი შვილის დედის, სავარაუდო ორმაგი აგენტის როლი; ასევე ზაკერბერგის პირადი შეთავაზება — Meta-ს პლატფორმები მასკის ინტერესებისთვის გამოეყენებინა. OpenAI სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მასკი უბრალოდ ცდილობდა საკუთარი კონკურენტი AI კომპანიის, xAI-ისთვის გზა გაეხსნა.
ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ სარჩელი ვადაგასულია, კერძოდ, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2024 წელს, სანამ მასკი სარჩელს შეიტანდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად სასამართლომ სამი ძირითადი მოთხოვნა: საქველმოქმედო ნდობის დარღვევა, უსამართლო გამდიდრება და Microsoft-ის მხარდაჭერა, საერთოდ არ განიხილა.
მასკმა გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ X-ში გააკრიტიკა და მოსამართლეს "აქტივისტი" უწოდა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა. OpenAI-ის წლიური შემოსავალმა 2025 წელს 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომპანია სააქციო ბირჟაზე გასვლას გეგმავს.
ასევე ნახეთ: ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
კომენტარები