13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან
ფოტო: Youtube
Google-ის I/O 2026-ის მთავარი კონფერენცია სავსე იყო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სიახლეებით, მათ შორისაა Gemini 3.5 მოდელების ახალი ოჯახი, ძებნისა და მეილის განახლებები და Project Aura ჭკვიანი სათვალეების სიახლეები.
Google I/O არის Google-ის ყოველწლიური დეველოპერთა კონფერენცია, რომელიც 2008 წლიდან ყოველ წელს, კალიფორნიაში იმართება. კონფერენცია პირველ რიგში დეველოპერებისთვისაა განკუთვნილი და სწორედ აქ აცხადებს Google თავის უდიდეს სიახლეებს — ახალ პროდუქტებს, სერვისებსა და ტექნოლოგიებს. ბოლო წლებში, AI-ის სწრაფი განვითარების ფონზე, კონფერენცია თითქმის მთლიანად ხელოვნური ინტელექტის თემებს ეძღვნება და ფართო საზოგადოების დიდ ყურადღებასაც იპყრობს.
13 მთავარი სიახლე წლევანდელი კონფერენციიდან:
1. Gemini 3.5
Google-მა წარმოადგინა განახლებული AI მოდელები. დღეიდან ხელმისაწვდომია Gemini 3.5 Flash, ხოლო Gemini 3.5 Pro მომავალ თვეს გამოვა. Google-ის თქმით, ახალი მოდელი მნიშვნელოვნად სწრაფია, უკეთ ართმევს თავს დავალებებს, რომლებსაც დამოუკიდებლად, ჩარევის გარეშე ასრულებს, გაუმჯობესებული აქვს კოდირების შესაძლებლობები და ქმნის "უფრო მდიდარ, ინტერაქტიულ ვებ ინტერფეისებს". ასევე გაძლიერდა დამცავი ფილტრები და მავნე კონტენტის გენერაცია ნაკლებად სავარაუდოა.
Google-ის Gemini აპი ახალი Neural Expressive დიზაინით
ფოტო: Google
ასევე განახლდა Gemini აპლიკაცია ახალი დიზაინით: ახალი ანიმაციები, ფერები, შრიფტი და ჰაპტიკური უკუკავშირი. ხელმისაწვდომია 19 მაისიდან ვებზე, Android-სა და iOS-ზე.
2. Gemini Omni
Google-მა წარმოადგინა AI მოდელების სრულიად ახალი ოჯახი — Gemini Omni. პირველი მოდელი, Omni Flash, ხელმისაწვდომია Gemini აპში, Google Flow-სა და YouTube Shorts-ში. იგი შეძლებს ვიდეო კლიპების გენერაციას ტექსტის, ფოტოს, ვიდეოსა და აუდიოს საფუძველზე. მომავალში Omni შეძლებს "ნებისმიერი ბრძანებიდან ნებისმიერი შინაარსის შექმნას".
3. Gemini Spark — Google-ის პასუხი OpenClaw-ზე
ეს არის ყოველთვის ჩართული AI აგენტი, რომელსაც შეუძლია წერილების დაწერა, სასწავლო გიდების შექმნა და საკრედიტო ბარათის ფარული საკომისიოების მონიტორინგი. Gemini 3.5 Flash-ზე დაფუძნებული Gemini Spark მუმდივად მუშაობს ფონზე, Google Cloud-ის ვირტუალურ მანქანებზე, უკავშირდება Google Workspace-ს (Docs, Gmail, Sheets, Slides) და მესამე მხარის აპებს, როგორებიცაა Canva და Instacart. იგეგმება macOS-ზე Gemini აპის მეშვეობით ლოკალურ ფაილებზე წვდომაც.
4. Android აპების შექმნა Google AI Studio-ში
Google საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მთლიანი Android აპები შექმნან მხოლოდ ტექსტური მოთხოვნებით, რომელთა Play Store-ში გამოქვეყნებაც იქნება შესაძლებელი. ფუნქცია მოიცავს ჩაშენებულ Android ემულატორს. აპები ექსპორტირდება Android Studio-ში, GitHub-ზე ან ZIP ფაილად. მომავალში იგეგმება გამოქვეყნების შესაძლებლობა მხოლოდ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
5. Project Aura — ჭკვიანი სათვალეები
Google-მა წარადგინა Project Aura სათვალეების განახლებული ვერსია, რომელსაც Xreal-თან ერთად ქმნის. სათვალეებს ახალი დიზაინი აქვს და დაემატა თითის ანაბეჭდის სენსორი. ასევე დაიტესტა ახალი ფუნქციები: ვიჯეტები, Gemini-ის ინტეგრაცია Google Calendar-თან და Google Keep-თან.
Project Aura ჭკვიანი სათვალე
ფოტო: Raymond Wong / Gizmodo
6. Warby Parker-ისა და Gentle Monster-ის Android XR სათვალეები
ამ შემოდგომას გამოვა ორი ახალი Android XR სათვალე — ერთი Warby Parker-ისგან, მეორე კი Gentle Monster-ისგან. ეს ფაქტობრივად ყურსასმენიანი სათვალეებია, რადგან ჩაშენებული ეკრანი არ აქვს და მხოლოდ დინამიკებით არის აღჭურვილი. Gemini-ს ხმით ელაპარაკები და ის ხმით გიპასუხებს, შესაძლებელია გამოიყენო თარგმანისთვის, ნავიგაციისთვისა და შეტყობინებების მოსასმენად.
7. Google-ის უნივერსალური კალათა
Google იწყებს Universal Cart-ს — ერთიანი სავაჭრო კალათა YouTube-ის, Search-ის, Gemini-სა და Gmail-ის გამოყენებით. მუშაობს სხვადასხვა მაღაზიასთან: Nike, Target, Walmart, Sephora, Wayfair, Shopify და სხვა. ერთდროულად შეგიძლია პროდუქცია რამდენიმე მაღაზიიდან შეიძინო. კალათა ამოიცნობს შეუთავსებელ პროდუქტებსაც (მაგ. PC-ის კომპონენტები) და Google Wallet-ის ბონუს პროგრამებს.
8. Gmail Live — ხმოვანი ძიება Gmail-ში
Gmail-ში ჩნდება Gemini Live-ის მსგავსი ფუნქცია — მომხმარებელს შეეძლება ხმოვანი კითხვებით მოძებნოს საჭირო ინფორმაცია ელ-ფოსტაში. მაგალითად, სასტუმროს დაჯავშნის კოდის სწრაფად მოძიება. მსგავსი ფუნქციები მალე გამოჩნდება Google Docs-სა და Keep-შიც.
მაგალითი, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს Gmail Live.
ფოტო: Google
9. Google Pics — AI სურათების რედაქტირება
Google Workspace-ს ემატება ახალი აპი Pics, რომელიც AI-ით გენერირებული სურათების რედაქტირებას ამარტივებს. Nano Banana 2-სა და Gemini-ზე დაფუძნებული Pics საშუალებას იძლევა სურათის კონკრეტულ ნაწილზე დაწკაპუნებითა და კომენტარის დატოვებით განხორციელდეს ცვლილებები, სრული ბრძანების ჩაწერის გარეშე.
10. Search-ის სიახლეები — აგენტები, გენერაციული UI და მინი აპები
ეს არის Google Search-ის ჯერჯერობით უდიდესი განახლება. საძიებო ველი გახდება უფრო მოქნილი — შესაძლებელი იქნება გრძელი კითხვების დასმა და ძიება არა მხოლოდ ტექსტით, არამედ სურათით, ვიდეოთი, ფაილითა და Chrome-ის ჩანართებითაც. გამოჩნდება AI აგენტები, რომლებიც კონკრეტულ თემებზე ავტომატურად მოაგროვებენ და შეაჯამებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან. ასევე შესაძლებელი გახდება ინტერაქტიული ცხრილებისა და "მინი აპების" გენერაცია პირდაპირ საძიებო გვერდზე.
ფოტო: Google
11. AI Ultra იაფდება
Google-ის პრემიუმ AI გამოწერა, AI Ultra, გასულ წელს თვეში $249.99 ღირდა. ახლა გამოჩნდება ორი ახალი ტარიფი: $100 და $200 თვეში, რაც მას გაცილებით ხელმისაწვდომს ხდის.
12. AI-ით შექმნილი სურათების გამოვლენა
"ეს ფოტო AI-ის შექმნილია?"
ფოტო: Google
Google Chrome-სა და Search-ში დაემატება ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება გაიგო, სურათი ნამდვილია თუ AI-ით შექმნილი ან შეცვლილი. საკმარისია სურათზე კლიკი და სისტემა მოგცემს ინფორმაციას მის წარმომავლობაზე.
13. AI აგენტები Google Beam-ში
Google ტესტავს AI აგენტებს თავის Beam ვიდეოსაკომუნიკაციო პლატფორმაზე. აგენტს, სახელად Sophie შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა, კამერის წინ დაჭერილი დოკუმენტების წაკითხვა და ინფორმაციის მოძიება. ასევე იტესტება ჯგუფური ზარების ფუნქცია, რომელიც Google Meet-სა და Zoom-თანაც იმუშავებს.
კომენტარები