გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, დღეს ბაზარზე არ არსებობს იმის წინაპირობები, რომ პურის ფასი გაიზარდოს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მათ ჰქონდათ ინტენსიური კომუნიკაცია პურის მრეწველთა კავშირთან და ინდივიდუალურ საწარმოებთან, რის შემდეგაც ქმედითი მექანიზმი შესთავაზეს. კერძოდ, მინისტრის თქმით, იმისთვის, რომ მეტი მარაგის შექმნა წაეხალისებინა, სახელმწიფომ ხორბლის იმპორტიორ კომპანიებს დაზღვევის მექანიზმი შესთავაზა. ამასთან, დავითაშვილი აღნიშნავს, რომ სუბსიდიის მისაღებად, კომპანიებმა ფქვილის ფასი არ უნდა შეცვალონ და ერთი ტომარა ფქვილი 51 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება პურის საცხობებს, მათ გაზის კომპანიებმა ტარიფი 10 თეთრით შეუმცირეს.

მინისტრი ამბობს, რომ სწორედ ეს კომპონენტები მონაწილეობს პურის თვითღირებულებაში და შესაბამისად, ფასის გაზრდის წინაპირობებიც არ არსებობს.

"წინაპირობები, რომ პურის ფასი გაიზარდოს, დღეს არ არსებობს ბაზარზე. ეს არის ის ქმედითი მექანიზმები, რომლებითაც ფასის კონტროლს შევძლებთ და არა კონკრეტული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით. მადლობა პურის მწარმოებელთა კავშირს და თითოეულ მეწარმეს, რომელმაც მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და იმ პერიოდში, როდესაც იყო წინაპირობები, იყო რყევები, მათ ფასი არ შეცვალეს, შევინარჩუნეთ ფასი. ახლა უკვე ამოქმედდა სტაბილური მექანიზმები, რომლებც უკვე განსაკუთრებულ წინაპირობებს ქმნის იმისთვის, რომ პურის ფასი იყოს სტაბილური ქვეყანაში", — ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მან ასევე აღნიშნა, რომ პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ახლა, "როცა ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო რთული და მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის შეზღუდვების პირობებში"