კოცნა როგორც ხელოვნება
ამბობენ, რომ ხელოვნებას საზღვრები არ გააჩნია და რომ ის დროისა და სივრცის მიღმა არსებობს. მართლაც, ერთ-ერთი პირველი რამ, რაც შემოქმედ ადამიანებს სხვებისგან განასხვავებს, ყოფით წვრილმანებში მშვენიერების დანახვის უნარი და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული დეტალების ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე აყვანის ნიჭია. სხვა სიტყვებით, ხელოვანებს ბუნებრივად აქვთ მიდრეკილება, ჩარჩოებს მიღმა იაზროვნონ და თავიანთი ეპოქისთვის დამახასიათებელ შემბოჭველ სოციალურ თუ კულტურულ ნორმებს ზურგი აქციონ.
ამას კი, ცხადია, თავისი საზღაური აქვს, რასაც ამერიკელი ხელოვანის და პოპ-არტის ფუძემდებლის, ენდი უორჰოლის მიერ 1963 წელს გადაღებული 50-წუთიანი საექსპერიმენტო ფილმიც მოწმობს, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ფილმი წყვილების — მათ შორის, ქვიარ საზოგადოების წევრების — კოცნის სცენებს ასახავდა. იმდროინდელი სოციუმისთვის უცხო ხილი იყო მსგავსი კადრების შემოქმედებად აღქმა, თუმცა თავად უორჰოლი თვლიდა, რომ ხელოვნება სწორედ ცხოვრებისეული მომენტების დაკონსერვება იყო.
ცხადია, ენდი უორჰოლი პირველი არ ყოფილა, ვინც ყოველდღიურობის ინტიმურ მხარეს ახლებური სიცოცხლე ჩაჰბერა და კოცნა ხელოვნებად აქცია. ადამიანებს შორის სიახლოვის ეს გამოხატულება უძველესი პერიოდიდან მოყოლებული წარმოადგენდა ხელოვანთა შთაგონების წყაროს. ამას ადასტურებს თუნდაც ბეთლემის მახლობლად აღმოჩენილი, აინ საქირის შეყვარებულების სტატუეტი, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 10 ათასი წლით თარიღდება და ერთმანეთზე გადახვეული წყვილის კოცნას ასახავს.
კოცნის ხელოვნებაში გამოსახვის ისტორიის უკეთ აღსაქმელად თვალი გადავავლოთ გასული ორი საუკუნის რამდენიმე გამორჩეულ ნამუშევარს.
ფრანჩესკო აიეცი, კოცნა (1859 წელი)
იტალიელი ხელოვანი, ფრანჩესკო აიეცი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კოცნა ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. აიეცი კარიერის დასაწყისშივე იყო დაინტერესებული ინტიმურობის ამ ფორმის შესწავლით, რასაც ადასტურებს ამ თემასთან დაკავშირებული მისი პირველი ნამუშევარი, რომეოსა და ჯულიეტას უკანასკნელი კოცნა, რომელიც 1823 წელს გამოიფინა და იტალიურ ხელოვნებაში ერთგვარი გარდატეხა მოახდინა. მთავარი სიახლე ის გახლდათ, რომ მხატვარმა თავისი პერიოდისთვის დამახასიათებელი უმწიკვლო და ნაზი ამბორის ჩვენების ნაცვლად ფერწერულ ტილოში ვნებით აღსავსე კოცნა გამოსახა.
მოგვიანებით, 1859 წელს, აიეციმ ამავე თემატიკაზე ახალი ნამუშევარი, სახელად კოცნა შექმნა, რომელიც წინამორბედზე კიდევ უფრო ვნებიანი აღმოჩნდა. ტილოზე გამოსახულია შუა საუკუნეების ჩახუტებული წყვილის ამბორი. კაცს ქალის სახე ორივე ხელში აქვს მოქცეული და ერთ-ერთი ფეხი კიბის პირველ საფეხურზე უდგას, რითაც გრძნობებში გახვეულ შეყვარებულს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება.
არსებობს ვერსია, რომ ფერწერული ტილო გამოხატავს არა მხოლოდ წყვილის მგზნებარე ვნებასა და სიყვარულს, არამედ — პატრიოტიზმსაც, რაც მხატვარმა შეფარვით ასახა ნამუშევარში გამოყენებულ ფერებში. კერძოდ, ამ მოსაზრების თანახმად, კაცის წითელი ფერის წინდები და ლაბადის მწვანე სარჩული იტალიის დროშას აღნიშნავს, ხოლო ქალის თეთრ და ცისფერ ფერებში გადაწყვეტილი კაბა — საფრანგეთისას. თავად ჩახუტებული წყვილი კი იტალიისა და საფრანგეთის გაერთიანების სიმბოლოა. თუკი ამგვარ ინტერპრეტაციას დავეყრდნობით, მაშინ ტილოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა იტალიელი ჯარისკაცია, რომელიც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად აპირებს წასვლას და შეყვარებულს გამოსამშვიდობებელ კოცნას უძღვნის.
1872 წელს პოეტმა, ფრანჩესკო დალონგარომ ეს ნამუშევარი აღწერა როგორც "ამაღელვებელი, საიდუმლოებებითა და სიყვარულით სავსე სცენა..." და აღნიშნა, რომ იმედს იტოვებდა, ნამუშევარი ისეთი გულწრფელი და ძლიერი ახალი თაობის გამოზრდას შეუწყობდა ხელს, რომლის ცხოვრებისეული პრინციპებიც სილამაზისა და სამართლიანობისადმი სიყვარულზე იქნებოდა დაფუძნებული. პოეტს ამ სიტყვებით სურდა ხაზი გაესვა იმ ფაქტისთვის, თუ რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა აიეცის კოცნას არა მხოლოდ ხელოვნების განვითარებაზე, არამედ ზოგადად — იტალიის იმდროინდელ ახალგაზრდობაზე.
ჟან-ლეონ ჟერომი, პიგმალიონი და გალათეა (1890 წელი)
ბერძნულ მითოლოგიაში საპატიო ადგილი უკავია კვიპროსის მეფეს, პიგმალიონს, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ხელოვნების ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებული მხატვარ-მოქანდაკე იყო და მის მიერ შექმნილ ნამუშევრებში გარეგნული მშვენიერება და შინაგანი ხასიათი ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
პიგმალიონის ერთადერთი წუხილის მიზეზი ის გახლდათ, რომ მან კვიპროსის უმშვენიერეს ქალიშვილებში გულისსწორი ვერ ამოარჩია. ერთ დღეს ხელოვანმა სპილოს ძვლისგან ღვთაებრივი სილამაზის ქალწული, გალათეა გამოაქანდაკა. ეს უკანასკნელი მას იმდენად რეალური და ხელშესახები ეჩვენა, რომ მალევე საკუთარი ქანდაკება შეუყვარდა და მისი ტანისამოსით თუ სხვა სამკაულებით შემკობა დაიწყო. დროის ამავე მონაკვეთში კვიპროსის ქუჩებში ქალღმერთ აფროდიტეს დღეობას ზეიმობდნენ. სწორედ ამ დღეს შესთხოვა პიგმალიონმა სილამაზისა და სიყვარულის ღვთაებას, გალათეასთვის სიცოცხლე შთაებერა. ხელოვანი მეფის სიყვარულით აღფრთოვანებულმა აფროდიტემ ქანდაკება გაასულიერა და პიგმალიონს შესაძლებლობა მისცა, საყვარელ ქალზე დაქორწინებულიყო.
სწორედ ამ ბერძნულ მითს ეხმიანება ფრანგი ხელოვანის, ჟან-ლეონ ჟერომის მიერ 1890 წელს შექმნილი ნამუშევარი, პიგმალიონი და გალათეა, რომელიც ამჟამად მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება. ნახატზე ასახულია პიგმალიონის სულიერი აღმაფრენა და წყვილის პირველი, მგზნებარე ამბორი. ნამუშევარი მცირე დოზით სიშიშვლის ელემენტსაც შეიცავს, რაც ქალური სხეულის სრულყოფილების წარმოჩენას ემსახურება.
თუმცა ტილოს მთავარი ღირებულება ის არის, რომ მისგან ერთდროულად სიყვარულისა და ყოვლისმომცველი ვნების ძალა გამოსჭვივის, რაც თითქოს მიგვანიშნებს, რომ ზოგჯერ ერთი შეხედვით შეუსრულებელი საწადელის მიღწევაც კი შესაძლებელია, თუკი სურვილი და რწმენა ყველაფერზე მაღლა დგას.
ედვარდ მუნკი, კოცნა (1897 წელი)
როგორც წესი, მუნკის სახელის ხსენება პირველ ასოციაციებს კივილთან აჩენს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ცნობილი ნამუშევარი ერთ-ერთია იმ ნახატთაგან, რომელიც კოცნასთან და რამდენიმე სხვა ტილოსთან ერთად, მუნკის ერთ სერიაში, კერძოდ, ცხოვრების ფრიზში ერთიანდება. ეს სერია თანამედროვე ურთიერთობების სხვადასხვა ეტაპს აღწერს და მოიცავს როგორც სიყვარულის, ისე სიძულვილის, ეჭვიანობის, შფოთვის, სიკვდილისა და სხვა ცხოვრებისეულ მდგომარეობებთან დაკავშირებულ თემატიკას. მუნკმა სერიაზე მუშაობა კოცნით დაიწყო და დასრულებას 30 წელი მოანდომა.
ნახატზე გამოსახულია წყვდიადში ჩაფლული, ერთმანეთზე გადახვეული და კოცნის მომენტში გაყინული წყვილი. შეყვარებულების სახეების გარჩევა შეუძლებელია, რადგან მათი გამოსახულება დაბურული და ერთმანეთში აზელილია. ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნამუშევარი სულაც არ არის რომანტიკული ბუნების, მეტიც, ის ინდივიდუალური არსებობისა და იდენტობის დაკარგვას გამოხატავს. მართლაც, თუკი კოცნას დავაკვირდებით, ისე ჩანს, თითქოს ნახატზე გამოყვანილი შედარებით დიდი ფიგურა მეორე გამოსახულების შთანთქმას ცდილობს. ხელოვნების ისტორიკოსი, რეინოლდ ჰელერი, ნაწილობრივ ეთანხმება ამ ვარაუდს და მიიჩნევს, რომ ნამუშევარი წყვილის ერთიანობას კი გამოხატავას, თუმცა ამავე დროს შეიგრძნობა იმის საფრთხეც, რომ, შესაძლოა, შეყვარებულებმა საკუთარი ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა დაკარგონ.
სიბნელეში ჩაკარგულ გამოსახულებებს მხოლოდ ოდნავ დაჰკრავს ფანჯრიდან შემომავალი მკრთალი შუქი. შესაძლოა, მუქი შუქ-ჩრდილებით ამგვარი თამაშის მიზანი ის იყო, რომ წყვილის ურთიერთობის მისტიური ბუნება წარმოჩენილიყო. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ამის მიზეზი თავად მხატვრის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გახლდათ ზოგადად სიყვარულის მიმართ. როგორც ცნობილია, მუნკი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და, შესაბამისად, ნახატში არსებული ბნელი ატმოსფეროც მხატვრისეული რომანტიკის ერთგვარი გამოძახილია.
აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში მუნკმა კოცნის 4 სხვადასხვა ვარიანტი შექმნა. პირველი ვარიანტი 1892 წლით თარიღდება; მეორეს 1897 წელს შეესხა ხორცი; მესამე ვერსია 1898 წელს შეიქმნა; ხოლო მეოთხე — 1902 წელს. თითოეული მათგანის შემთხვევაში ძირითადი განსხვავება ის არის, რომ შეცვლილია უკანა ფონთან დაკავშირებული შტრიხები. ამასთან, პირველი ორი ნამუშევარი ზეთშია შესრულებული, ბოლო ორი კი გრავიურაა. ამ ოთხი ვერსიიდან მთავარი ნახატი დღეისათვის ოსლოში, მუნკის მუზეუმში ინახება.
გუსტავ კლიმტი, კოცნა (1907 წელი)
ავსტრიაში მოგზაურთათვის არსებობს ასეთი გამოთქმა: "არასოდეს დატოვოთ ვენა კოცნის გარეშე" — და ის გუსტავ კლიმტის მიერ 1907 წელს შექმნილ კოცნით დასათაურებულ ნამუშევარს მიემართება. მართლაც, კლიმტის ყველაზე ცნობილი ნახატის მოუნახულებლად ავსტრიის დედაქალაქში არსებული ბელვედერის მუზეუმის დატოვება ისეთივე დანაშაულია, როგორც, მაგალითად, ლუვრში მონა ლიზას არნახვა, ან თუნდაც, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამისთვის გვერდის ავლა. ამის მიზეზი ისაა, რომ ოქროსფერ ტონებში გადაწყვეტილი, სტილიზებული და ღრმა იკონოგრაფიის მქონე კოცნა დღემდე სიყვარულის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ სიმბოლოდ რჩება.
უნდა ითქვას, რომ კლიმტმა კოცნა შემოქმედებითი კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე დახატა — დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ვენის უნივერსიტეტის ჭერის მოხატვის შემდეგ, მისი ნამუშევრები პორნოგრაფიად შეირაცხა და კლიმტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ამ შემთხვევის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი კვლავ შეუჩერებლად განაგრძობდა ახალ-ახალი ჩანახატების შექმნას, ის გადამეტებულად თვითკრიტიკული გახდა და საკუთარ შემოქმედებით ნიჭში დაეჭვდა. ეს მისი წერილის ამონარიდიდანაც ნათლად იკითხება: "ან ზედმეტად მოხუცი ვარ, ან ზედმეტად ნერვიული, ან სულაც ზედმეტად სულელი — ფაქტია, აქ რაღაცაშია საქმე".
სხვათა შორის, ადრეული 1900-იანი წლების პოსტ-ვიქტორიანული საზოგადოების დიდმა ნაწილმა კოცნაც პორნოგრაფიად აღიქვა, მიუხედავად იმისა, რომ ნახატზე გამოსახული სხეულები მთლიანად სამოსით არის დაფარული. ზოგიერთმა კი ნამუშევარი მკრეხელობად მიიჩნია ერთი მარტივი მიზეზის გამო: კლიმტმა კოცნის შექმნისას ტილოზე ოქროს თხელი ფირფიტების დატანების ტექნიკა გამოიყენა მაშინ, როდესაც მსგავსი პრაქტიკა შუა საუკუნეებისა და ბიზანტიის იმპერიის რელიგიურ ხელოვნებაში გამოიყენებოდა.
არსებითად, ნამუშევარი სიყვარულის უფსკრულის პირას ჩახუტებულ წყვილს ასახავს. მათი სხეულები ერთდროულად სინაზესა და დაუცხრომელ ვნებას გამოხატავს. კაცის ოქროსფერი, შავი კუბიკებით გაფორმებული საბურველი მამაკაცურობისა და სიძლიერის სიმბოლოა, ქალის ყვავილებით მორთული სამოსელი კი სინაზისა და დედობრიობის გამოძახილი. ეს გარეგანი მინიშნებები, შესაძლოა, ერთგვარი ხაზგასმაა მათ შორის არსებული იმ შინაგანი განსხვავებებისა, რაც ურთიერთობას აძნელებს: თითქოსდა იგულისხმება, რომ ჩანასახშივე განწირული სიყვარული შეყვარებულებს უფსკრულისკენ მიაქანებს, თუმცა ისინი, მარადიულობაში ჩაფლულნი, ყველანაირ დროით საზღვრებს ამსხვრევენ და უარს ამბობენ განცალკევებაზე.
ნამუშევარში შეყვარებულების გარდა პრაქტიკულად არაფერია გამოსახული, რაც გვაფიქრებინებს, რომ ხელოვანმა მთელი თავისი ყურადღება წყვილს მიაპყრო. თუმცა ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამის რეალური მიზეზი ნამუშევრის დაუსრულებლობაა. იგულისხმება ის, რომ ბელვედერის მუზეუმმა იქამდე შეისყიდა ნახატი, სანამ კლიმტი მას საბოლოო შტრიხებით დააგვირგვინებდა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმმა ნამუშევარში უპრეცედენტოდ მაღალი თანხა, 25 ათასი კრონა — დაახლოებით, 240 ათასი ამერიკული დოლარი — გადაიხადა მაშინ, როდესაც მანამდე ავსტრიაში ერთ ნახატში 5 ათას კრონაზე მაღალი თანხა არასოდეს არავის გადაეხადა.
1907 წელს შექმნილი კოცნა დღემდე ბელვედერის მუზეუმში ინახება. იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა შინაარსი იმალება განუსაზღვრელ სივრცეში მდგარი წყვილის მიღმა, რთულია. ერთნი ვარაუდობენ, რომ კლიმტმა ნახატში საკუთარი თავი და თავისი დიდხნიანი პარტნიორი, ფრანგი მოდის დიზაინერი, ემილი ფლიჟი ასახა; ზოგიერთმა ჩათვალა, რომ ხელოვანმა იმ მუზა ქალთაგანი დახატა, ვისთანაც მცირეხნიანი რომანი აკავშირებდა; სხვებისთვის კი ნამუშევარი, უბრალოდ, მარადიული სიყვარულის გამოხატულებაა. განურჩევლად იმისა, თუ რომელი ვერსიაა სარწმუნო, ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, კლიმტმა შეძლო და ამ ერთი ნამუშევრით ადამიანთა გულებში სამუდამოდ უკვდავყო საკუთარი სახელი.
მარკ შაგალი, დაბადების დღე (1915 წელი)
"მე მხოლოდ სიყვარული მაინტერესებს და, შესაბამისად, მარტო ისეთ რაღაცებთან მაქვს შეხება, რაც სიყვარულის თემის გარშემო ტრიალებს", — ეს სიტყვები მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდერნისტ მხატვარს, მარკ შაგალს ეკუთვნის. ის მიიჩნევდა, რომ სწორედ სიყვარული გარდაქმნიდა ხელოვანის შემოქმედებას ღირებულად.
მართლაც, შაგალის შემოქმედებითი ინსპირაციის მთავარი წყარო მისი მეუღლე, ბელა იყო, რომელზეც მხატვარი, მიუხედავად ქალის მშობლების წინააღმდეგობისა, 1915 წელს დაქორწინდა.
ქორწინებამდე რამდენიმე კვირით ადრე შაგალმა ბელას სიყვარულის ნიშნად ფერწერული ტილო, დაბადების დღე მიუძღვნა. ნამუშევარი, რომელზეც თავად მხატვარი და მისი მომავალი მეუღლეა აღბეჭდილი, წყვილის ძლიერი სიყვარულის ერთგვარი გამოვლინებაა. მასზე ასახული ჰაერში მოფარფატე, სიყვარულით ფრთაშესხმული შაგალი გულისწორის საკოცნელად მიილტვის. თავის მხრივ, ქალიც ზევით აფრენასა და სატრფოს მოსიყვარულებას ცდილობს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს გრავიტაციის კანონები უარყოფილია, დრო შეჩერებული, მოსიყვარულე წყვილი კი მარადიულობას ერწყმის.
ფერწერული ტილო ხელოვანისათვის დამახასიათებელი ექსპრესიონისტური სტილით არის შესრულებული და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სიყვარულით გამოწვეული ეიფორიის გამოხატვა ყოველდღიური მოხმარების ტრივიალური ნივთების გარემოცვაშიცაა შესაძლებელი.
კოცნა თანამედროვე ხელოვნებაში
თანამედროვე რეალობაში ტექნოლოგიურმა განვითარებამ ხელოვნების ახალ დარგებს დაუდო დასაბამი. თავად ნამუშევრებიც ხშირად პირველად სწორედ ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ხოლმე, რაც საოცრად ამარტივებს და აჩქარებს შემოქმედებითი წვის შედეგის საზოგადოებამდე მიტანის პროცესს. ამ გზით წარმატების მიღწევის შესანიშნავი მაგალითია ლოს-ანჯელესში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, თათია პილიევა, რომელმაც, ენდი უორჰოლის მსგავსად, საზოგადოებას კოცნა სრულიად ახლებური პერსპექტივიდან დაანახა.
2014 წლის 10 მარტს თათია პილიევას პირად იუთუბის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, სახელად პირველი კოცნა, რომელშიც რეჟისორმა შემთხვევითობის პრინციპით დაწყვილებული ერთმანეთისთვის უცხო 20 ადამიანის პირველი კოცნა ასახა. პილიევამ საზოგადოებაში გაბატონებული დისკრიმინაციული ნორმების დასამსხვრევად სოციალურ ექსპერიმენტში მონაწილეებად შეარჩია როგორც ქვიარ საზოგადოების წევრები, ისე განსხვავებული ასაკობრივი დიაპაზონის ადამიანები. სხვათა შორის, სოციალური ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე იყო ფრანგი მომღერალი, სტეფანი სოკოლინსკი, იგივე SoKo, რომლის სიმღერაც, We might be dead by tomorrow, თავად ვიდეოს ადევს ფონად.
რეჟისორის მთავარი მიზანი იყო, ისეთი ინტიმური აქტი, როგორიც კოცნაა, ყოველგვარი ვულგარულობის გარეშე, მაქსიმალურად ესთეტიკურად გადაეღო და, ამასთან, ბუნებრივი ემოციები დაეჭირა. ამ მიზნით ვიდეო შავ-თეთრ ფერებში და დოკუმენტურ სტილშია გადაწყვეტილი.
პილიევას შთაგონების წყარო პირადი გამოცდილება და სასიყვარულო ურთიერთობა გახლდათ: "როდესაც დარდისგან გათავისუფლება მსურს, ჩემს ლეპტოპში 'კოცნების' ფოლდერს ვხსნი, ზოგჯერ ამას მაშინაც ვაკეთებ, როცა ბედნიერი ვარ, მაგრამ მინდა, რომ უფრო ბედნიერი გავხდე. ეს ფოლდერი 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გადაღებულ, ჩემი და ჩემი მეუღლის, ანდრეს კოცნის ვიდეოებს აერთიანებს. სცენები განსხვავებულია, ერთი წყალქვეშაა გადაღებული, სადაც ჩვენი სახეები ძლივს მოჩანს; ერთი სამხრეთ კალიფორნიის ეროვნულ პარკში, ძლიერ ქარში; ერთი კი, საწოლში, დაკარგული პასპორტის საპოვნელად საფოსტო ოფისთან გამართული სატელეფონო საუბრისას. მაგრამ თითოეული მათგანი ყოველთვის ახერხებს, ცხოვრებისადმი მადლიერებით განმაწყოს", — ამბობს რეჟისორი.
მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა პირველი კოცნა ვირუსულად პოპულარული, პილიევას ვარაუდით, ისაა, რომ მაყურებლებს ემოციები გაუღვიძა მათ თვალწინ გათამაშებულმა სასიყვარულო სცენებმა და მონაწილეების გულწრფელმა მგრძნობელობამ. მიუხედავად იმ გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს ერთმანეთისგან გვაშორებს, ამ ფილმმა აჩვენა, დღესაც კი რამდენად გვაერთიანებს სიყვარულისა და ურთიერთკავშირის სურვილი.
ამგვარად, შემთხვევითი არაა, რომ ისეთი ნამუშევრები, რომლებიც სიყვარულის გამომხატველ ქმედებასთან, კოცნასთან არის დაკავშირებული, საუკუნეების განმავლობაში იტაცებდა და დღემდე იტაცებს ადამიანთა გონებას.
მართლაც, კოცნა ხომ სწორედ ის აქტია, რომლის დროსაც ადამიანებს ყველაზე ამაღელვებელი მიზეზით უჩქარდებათ გულისცემა და უხშირდებათ სუნთქვა; როდესაც აზროვნების ღვთაებრივ თავისუფლებას აღწევენ და ბედნიერებისგან ყვავილებივით იფურჩქნებიან. და ვინაიდან ხელოვანებმა შესანიშნავად იციან, თუ რამხელა ძალა აქვს სიყვარულსა და ვნებას, გასაკვირი არაა, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ, სულიერი აღმაფრენის გამომწვევი ემოციები შემოქმედებაში დააკონსერვონ და ამ გზით სამყაროს სამუდამოდ შემოუნახონ.
კომენტარები