იმ პირობებში, როდესაც COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად საკარანტინე ზომები თანდათან მკაცრდება, ვაწყდებით სერიოზულ ეთიკურ კითხვას: რა ვალდებულებები აკისრიათ რიგით ადამიანებს?

ეს გამოწვევა განსაკუთრებით მწვავეა, რადგან მკაცრი წესების მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მაინც ვხედავთ ქუჩაში შეკრებილ ხალხსა და ფიზიკური დისტანცირების წესების დარღვევებს.

ამას ემატება შემთხვევები, როცა ადამიანები ტყუიან საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ ექიმთან კონსულტაციის გასავლელად, ტუალეტის ქაღალდს ულოგიკო რაოდენობით ყიდულობენ, საკარანტინო წესებს არღვევენ და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. ზოგჯერ კი ის ადამიანები, რომლებიც სხვებს მოუწოდებენ ფიზიკური დისტანციის დაცვისკენ, აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან.

ამერიკელი ჟურნალისტი, იაშარ ალი: "გამაფრთხილებელი ამბავი კორონავირუსზე იტალიიდან: არ ქნათ ის, რაც ჩვენ ვქენით. მრავალი ჩვენგანი ზედმეტად ეგოისტურად იქცეოდა და არ ითვალისწინებდა გაცემულ რჩევებს ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებით. ახლა სრულ კარანტინში ვიმყოფებით და უამრავი ადამიანი ყოველდღიურად კვდება".

რატომ არის ეთიკურად მოქმედება კრიტიკულად მნიშვნელოვანი

ეპიდემიასთან საბრძოლველად არ კმარა მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციებისა და პოლიციის ძალისხმევა; რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლიანი ქცევაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მაშინ, როდესაც კანონმდებლობისა და სამოქმედო პოლიტიკის ცვლილებას დრო სჭირდება, ინდივიდებს შეუძლიათ, მყისიერად შეცვალონ თავიანთი ქცევა. რეგულაციები, შესაძლოა, არაეფექტიანი და დაუმუშავებელი იყოს, თუმცა ეთიკური გადაწყვეტილების მიმღებებს აქვთ უნარი, ეს ნორმები თავიანთ კონტექსტს სათანადოდ მოარგონ. რაც ყველაზე მთავარია, მსგავსი ადამიანები შინაგანად მოტივირებულნი არიან, რომ საზოგადოების კეთილდღეობაზე იზრუნონ და იმ სიტუაციებშიც კეთილსინდისიერად იცავენ ფიზიკური დისტანცირების ნორმებს, როდესაც ამის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მრუდის გასწორება ეპიდემიის გავრცელების ტემპის შემცირებას ნიშნავს. ამ გზით ეპიდემიის პერიოდი კი ხანგრძლივდება, თუმცა ვამცირებთ მძიმე შემთხვევების რაოდენობას, რაც ნაკლებად ტვირთავს ჯანდაცვის სისტემას.

ფოტო: Christina Animashaun / CDC / Vox

მაშინაც კი, როცა ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატის პრემიერ-მინისტრმა, დენიელ ენდრიუსმა, თავშეყრის ადგილების დაჩქარებული დახურვისა და შეკრებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად სპეციალური პოლიციის დანაყოფი შექმნა, მან მაინც საჭიროდ ჩათვალა, პირდაპირ ხალხისთვისაც მიემართა ასეთი ემოციური გაფრთხილებით:

"თუ მოიქცევით ეგოისტურად, ადამიანები მოკვდებიან".

დღეს ჩვენ მხოლოდ კანონები და პოლიტიკური ქმედებები ვერ გადაგვარჩენს, ამიტომაც მსოფლიოს ლიდერები ყველას მოგვიწოდებენ თანამშრომლობისაკენ. პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლისათვის მნიშვნელოვანია, გონივრული გადაწყვეტილებები რიგითმა მოქალაქეებმაც მიიღონ.

რატომ არის ეთიკურად მოქცევა ასეთი რთული

როგორც ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ადამიანთა თავშეყრის ფოტოებით ვხედავთ, ეთიკური გადაწყვეტილების მიღება პანდემიის საპასუხოდ არც ისე ადვილი ყოფილა. მრავალი ადამიანი ამ კრიზისს სერიოზულად საერთოდაც არ აღიქვამს.

ამის ერთ-ერთი მიზეზი დაბნეულობაა. წესები თითქმის ყოველდღე იცვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მრავალმა, შეიძლება, სულაც არ იცოდეს, როგორია ბოლოდროინდელი მოთხოვნები. თუმცა ზოგს, უბრალოდ, არ მოსწონს მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და შეზღუდვები. მაგრამ ეს ადამიანები იმას არ ითვალისწინებენ, რომ ამით მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს არ აგდებენ საფრთხეში.

წესების ნაწილი, შესაძლოა, ორაზროვანიც იყოს. მაგალითად, რა მოხდება, თუ თქვენ რეკომენდირებულ დისტანციას იცავთ ქუჩაში ან პარკში, თუმცა თანდათან ხალხის რაოდენობა იმატებს? ვინ უნდა გაეცალოს იქაურობას? ვინც პირველი მოვიდა, მათ უნდა ჰქონდეთ უპირატესობა? თუ ვისმა "ჯერმაც" გაიარა, იმან უნდა დაუთმოს სხვას ადგილი?

ასეთ ორაზროვან სიტუაციებში ადამიანები მინიშნებებს გარშემომყოფებისაგან იღებენ. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომელიც საკვები ობიექტების დახურვამდე შეიძლებოდა გათამაშებულიყო: თუ დავინახავდით, რომ სხვები ჩვეულებრივ ურთიერთობენ რესტორანში ან კაფეში, ჩვენ დავასკვნიდით, რომ ეს მისაღები ქცევაა. შესაძლოა, იმაზე ფიქრიც დაგვეწყო, საერთოდ რამე აზრი აქვს თუ არა წესების შესრულებას მაშინ, როდესაც სხვები მათ არ იცავენ.

სიდნეიში, მარტის შუა რიცხვებში ადამიანები მაინც გავიდნენ ბონდაის პლაჟზე, თუმცა ფიზიკური დისტანცირების ნორმის დაცვასაც შეეცადნენ.

ფოტო: Joel Carrett / AAP

ასევე, მარტივია ახალი წესების სამართლიანობაში ეჭვის შეტანაც. ჩვეულებრივ, წესს იმის მიხედვით განვსჯით, თუ რამდენად სწორი, სამართლიანი და ეფექტიანი გვგონია ის.

ფორსმაჟორულ სიტუაციებში ამ მოთხოვნების სრულად დაცვა რთულია. ავიღოთ, მაგალითად, რიგითი მომუშავეები, რომლებსაც არ შეუძლიათ ავადმყოფობის მიზეზით ხელფასიანი შვებულების აღება. თუ ისინი საკარანტინო წესებს დაერმოჩილებიან, არის შანსი, რომ დაკარგონ სამსახური ან ვერ შეძლონ ბინის ქირის გადახდა. მათთვის მსგავსი პასუხისმგებლობის დაკისრება უსამართლო მოთხოვნად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ყველაზე რთულ შემხთვევებში, ადამიანებს ორ დაპირისპირებულ მორალურ ღირებულებას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. მაგალითად, ღირს მოხუცი მშობლების დასახმარებლად მათი მონახულება თუ ვირუსის გადადების რისკის გამო თავის შეკავება უკეთესია?

ამ მიზეზების გამო ეთიკური გადაწყვეტილებების მიმღებებისთვისაც კი ძნელია დღევანდელ სიტუაციასთან ღირსეულად გამკლავება.

რატომ ვიღებთ ცუდ გადაწყვეტილებებს

სამწუხაროდ, ადამიანები გადაწყვეტილებათა მიღებისას მიკერძოებულნი ვართ.

მაგალითად, ჩვენ ხშირად მოლოდინებს უფლებებში ვურევთ. ჩვენ გვსურს, რომ სოციალურ, სამუშაო, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ სპორტულ სფეროებზე ჩვეული მოლოდინები კვლავ დაკმაყოფილებული იყოს. საგანგებო მდგომარეობის ახალ ნორმად მიჩნევა კი გვიძნელდება.

რაც უფრო იზრდება საფრთხე, მით მეტად მნიშვნელოვანი ხდება სიკეთის გამოვლენა.

ამასათანავე, ადამიანები საკუთარ ინტერესებსა და უახლოესი მიზნების მიღწევაზე არიან ორიენტირებულნი. საზოგადოების აბსტრაქტული რისკების გათვალისწინება ზოგს, შეიძლება, ნაკლებად მნიშვნელოვნად მოეჩვენოს, ვიდრე მყისიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

სწორედ მსგავსი მიკერძოება ახდენს ზეგავლენას ეთიკურ გადაწყვეტილებებზე. ის გვაძლევს ზნეობრივ უფლებას, "გავანეიტრალოთ" წესები ჩვენ მიერვე გამოგონილი ისტორიებით იმის შესახებ, თუ რატომ არ გვეხება მსგავსი შეზღუდვები ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობიდან გამომდინარე. საკუთარი თავის გამამართლებელი ეს ისტორიები არასწორი და საშიში მორალური გადაწყვეტილებების საფუძველია.

რამდენიმე გასათვალისწინებელი რჩევა

არ არსებობს მარტივი პასუხები იმ უთვალავ მორალურ შეკითხვაზე, რომელთა წინაშეც COVID-19-მა დაგვაყენა. თუმცა ქვემოთ იმ 5 რჩევას ჩამოვთვლით, რომელთა მიყოლაც ეთიკური დილემების გადაჭრას გაგიადვილებთ:

  1. საღი აზრით გამყარებული მორალური ქცევა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ახლანდელი მდგომარეობა მსგავსი პრინციპების დაცვას კიდევ უფრო აუცილებელს ხდის. არ მოიტყუოთ და არ დამალოთ სიმპტომები ან სამედიცინო ისტორია. მკაცრად დაიცავით საკარანტინო წესები;
  2. მუდმივად გაეცანით განახლებულ წესებს;
  3. არ მოახვიოთ თავს საკუთრი არჩევანი სხვას. თუ თქვენ არ გაღელვებთ ფიზიკური დისტანციის დაცვა, მიეცით ნება სხვებს, შეინარჩუნონ პირადი სივრცე;
  4. თუ სხვები დაუფიქრებლად ან სახიფათოდ იქცევიან, შეეცადეთ, მათ ეს მშვიდად და ლოგიკურად აუხსნათ. გაბრაზება, შეიძლება, ბუნებრივი რეაქცია იყოს, თუმცა მშვიდი საუბრით მეტი შანსია, მათ აზრი შეაცვლევინოთ;
  5. შეამზადეთ საკუთრი თავი გრძელვადიანი "შესვენებისთვის". ასეთ პირობებში ყოფნა, შესაძლოა, თვეებიც კი მოგვიხდეს. მუდმივად ცვალებადი წესების ფონზე მიმდინარე საგანგებო მდგომარეობამ კი გათანგვა შეიძლება გამოიწვიოს. ამის გამო არის საშიშროება, რომ ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ყურადღება მოვადუნოთ — მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დავუშვათ.

და ბოლოს, არ დაივიწყოთ დადებით ქმედებებზე კონცენტრირება. რაც უფრო იზრდება საფრთხე, სიკეთის გამოვლენა და დახმარების ხელის გაწვდენა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.