დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

თავდაცვის სამინისტროს კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი თანამშრომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და ვირუსის პირველწყარო დადგენილი არ არის.

"თავდაპირველად იყო ერთი პაციენტი და დაემატა ხუთი. ამ ერთზე დადასტურებული იყო ვირუსი. არცერთი არ არის სამხედრო პირი. ექვსივე არის სამოქალაქო. ეს არის ჯგუფი, რომელსაც სამსახურებრივი რაღაც დამოკიდებულება აქვთ. ეს კონტაქტებია, მაგრამ პირველწყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს. არ არის ბოლომდე დადასტურებული პირველწყარო. ასე რომ, კატეგორიულად ვერ ვიტყვით აქ რა სიტუაციაა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი ეს ექვსივე პაციენტი, მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. მეთვალყურეობა გრძელდება და ალბათ, გამოსავალი არ უნდა იყოს სერიოზული. ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობაა და ვნახოთ დინამიკაში რა სიტუაცია იქნება", — განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყებაში ამბობენ, რომ ისინი 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იყვნენ.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება მათთან გამოვლენილი ყველა პირდაპირი თუ ირიბი კონტაქტი.

"მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით. იდენტიფიცირებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება", — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

უწყება მიუთითებს იმაზეც, რომ 12 მარტიდან თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადასული.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 18 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 268.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: