კორონავირუსი, შესაძლოა, სხვა პრიმატებისთვისაც საშიში აღმოჩნდეს
კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ინციფირებულთა რიცხვიც ყოველდღე იზრდება. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე ექსპერტები ღელავენ, რომ ვირუსი, შესაძლოა, ახლობელ სახეობებზე — გორილებზე, ორანგუტანებსა და შიმპანზეებზეც გავრცელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის გარდა COVID-19-ის შემთხვევა სხვა პრიმატებში არ დაფიქსირებულა, მკვლევრები მათ აქტიურად იცავენ.
"პანდემია ადამიანებისთვის, ჯანდაცვისთვისა და ეკონომიკისთვის ნამდვილი გამოწვევაა. ვირუსი ასევე სხვა პრიმატებისთვისაც საშიში შეიძლება აღმოჩნდეს", — განაცხადა ემორის უნივერსიტეტის მკვლევარმა ტომას გილესპიმ.
პრიმატების ჯგუფი, რომელსაც ადამიანიც ეკუთვნის, გენეტიკური ინფორმაციისა და ანატომიის საკმაოდ დიდ ნაწილს იზიარებს, რაც მათ ზოგიერთი დაავადების მიმართ მოწყვლადებს ხდის. გარკვეულ შემთხვევებში სახეობებში ეს დაავადებები მსგავსი სიმპტომებითაა წარმოდგენილი. თუმცა, არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებიც ადამიანებში მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ დანარჩენი პრიმატებისთვის მძიმე და დამღუპველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
ვირუსის გადაცემა რომ მოხდეს, საჭიროა ორ სახეობას შორის ახლო კონტაქტი და იმ სითხის გაცვლა, რომელსაც პათოგენი მოგზაურობისთვის იყენებს, მაგალითად, დაცემინებისა ან ხველების დროს. ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება, თუმცა შანსები ნამდვილად არსებობს. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა, როდესაც ვირუსი ადამიანიდან ველურ პრიმატზე გადავიდა, 2008 წელს დაფიქსირდა.
რისკის არსებობის გამო, ეროვნული პარკები, რომლებიც ველური პრიმატების საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს, მათ დასაცავად სპეციალურ ზომებს იღებენ და მათსა და ადამიანებს შორის დისტანციის დაცვას ცდილობენ.
თუმცა, მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან, თუ რა სიმპტომებით შეიძლება იყოს გამოხატული SARS-Cov-2 სხვა პრიმატებში, სწორედ ამიტომ, ფატალური შედეგების ასაცილებლად მათზე ზრუნვაა საჭირო.
კომენტარები