საშინელებათა ჟანრი, როგორც სოციალური უთანასწორობის ასახვის ახალი ფორმა
სტატია, შესაძლოა, შეიცავდეს სპოილერებს ფილმებიდან The Hunt და The Platform.
რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში გულუბრყვილოდ ვცადე ის სტერეოტიპები გამებათილებინა, რომლებიც საშინელებათა ჟანრის შესახებ თანამედროვე მაყურებლებს შორის არსებობს და რამდენიმე გამორჩეული კინოსურათის შესახებაც მომეთხრო.
ამ სტატიაში ვეცდები კიდევ ორი ახალი ფილმის შესახებ ვისაუბრო, რომლებიც ჟანრის გულშემატკივრებთან ერთად იმ კინომოყვარულებსაც დააინტერესებთ, რომლებიც თანამედროვე კინოში მიმდინარე ცვლილებებს აქტიურად ადევნებენ თვალს.
ორივე ფილმი, რომლებსაც ამ სტატიაში განვიხილავ, ძირითადად ერთი იდეის გარშემო ვითარდება: შეიცვალა თუ არა რამე თანამედროვე სამყაროში ადამიანების კეთილდღეობისთვის? მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული ნიშნებით სოციალურ ფენებს შორის თითქოს კლასობრივი სხვაობა ისეთი მკვეთრი აღარ არ არის, როგორც ერთი საუკუნის წინ, გახდა თუ არა თანამედროვე საზოგადოება უფრო ემპათიური, ეკონიმიკური სისტემა კი ჰუმანური?
სანამ კონკრეტულად ორი ახალი ფილმის განხილვაზე გადავიდოდე, მანამდე აღვნიშნავ, რომ ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაგვცა სამხრეთ კორეელმა გენიოსმა, ბონგ ჯუნ ჰომ გასული წლის ტრიუმფატორი ფილმით პარაზიტი, რომელშიც სხვა უამრავ ხერხთან ერთად საშინელებათა ჟანრის ელემენტებიც გამოიყენა, რათა სოციალური უთანასწორობა მთელი თავისი შემზარავი სახით დაუფარავად ეჩვენებინა ჩვენთვის.
ვინც უკვე ნახა ბონგ ჯუნს ჰოს ეს კინოსურათი, ალბათ, რთულად თუ წარმოიდგენს მასზე უფრო საზარელ სიუჟეტს, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ დაუნდობლად ექცევიან ადამიანები ერთმანეთს, რათა თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში გადარჩენა შეძლონ. ამის მიუხედავად, 2019 წელს გადაღებული ესპანური ფილმი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ნეტფლიქსის პლატფორმაზე, თავისი სისასტიკით პარაზიტის ნახვისას განცდილ ემოციებსაც კი აჭარბებს.
The Platform — ასე ჰქვია ფილმს, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით წარმოდგენილი ციხის კონტრუქციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ორ-ორი პატიმარი კოშკის მსგავს ნაგებობაში თითო სართულზეა მოთავსებული. ციხე მარტივი პრინციპით მოქმედებს: დღეში ერთხელ სულ ზევიდან ქვევით მონაცვლეობით ჩამოდის პლატფორმა, ერთგვარი ვაგონი, რომელიც ათასგვარი საკვებითაა დახუნძლული და პატიმრებს მცირე დრო აქვთ, რათა დანაყრება შეძლონ.
მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა უამრავი მადისაღმძვრელი კერძითაა სავსე, საკვები ყველას თანაბრად მაინც არ ხვდება: ციხის რაც უფრო ზედა ნაწილში ხარ მოთავსებული, საკვები მით უფრო ხელუხლებლად აღწევს შენამდე, ხოლო ქვევით მყოფ პატიმრებს ნარჩენების ჭამა უწევთ, მეტიც, უმეტეს მათგანთან ნარჩენებიც კი აღარ აღწევს.
ფილმის მთავარი გმირი გორენგია, რომელიც მაყურებლებთან ერთად პირველად ახელს თვალს საკანში და ჩვენთან ერთად ცდილობს გაერკვეს, თუ როგორ მუშაობს იქაური სისტემა. ყოველ პატიმარს იქ მოხვედრის წინ შესაძლებლობა აქვს ერთი ნივთი აირჩიოს, რომელსაც თან წაიღებს. გორენგი სერვანტესის საკულტო წიგნ დონ კიხოტს ირჩევს, რაც თავიდანვე გვიჩენს იმის იმედს, რომ სწორედ ის იქნება, ვინც ქარის წისქვილებს შეუპოვრად შეებრძოლება.
მიუხედავად იმისა, რომ გორენგი თავდაპირველად მართლა ცდილობს ყველაფერი შეცვალოს და სხვა პატიმრებს აუხსნას, რომ თუ ყველა ზომიერად, მისთვის აუცილებელ ულუფას შეჭამს და ზედმეტად არ გაფლანგავს არსებულ რესურს, მაშინ საჭმელი ყველას ეყოფა, მას არავინ უსმენს. როგორც მისი თანამესაკნე ეუბნება: "შენ ქვემოთ მდგომს არ უნდა დაელაპარაკო, რადგან მასზე მაღლა ხარ, შენ ზემოთ მდგომი კი არ მოგისმენს, რადგან მასზე დაბლა ხარ".
მთელ ფილმს უწყვეტად გასდევს ჭამის ხმები: აქ მუჭით იღებენ და პირს ივსებენ ყველაფრით, რაც ხელთ მოხვდებათ — ლოკოკინები, კრევეტები, ნამცხვრები თუ ხილი. მეტიც, აქ ჭამენ ერთმანეთსაც. აბა როგორ უნდა მოიქცეს ის ადამიანი, რომელიც სულ ქვედა სართულზეა მოთავსებული, მისთვის პლატფორმას კი მხოლოდ უკვე საგულდაგულოდ გალოკილი ცარიელი ჭურჭელი მიაქვს?
ფილმის პირველი ნახევარი ცდილობ შენი თვალი ამ კოშმარულ სცენებს, ყური კი საზარელ ხმებს შეაჩვიო, თუმცა მალევე ხვდები, რომ სინამდვილეში თავს ისულელებ ზედმეტი ემოციურობით: ამ ფილმში გაცოცხლებული გარემო მართალია გროტესკულია, თუმცა დიდად სულაც არ განსხვავდება ჩვენი რეალობისგან: კანიბალიზმი უბრალო მეტაფორაა იმ სისტემის, რომელიც გვაიძულებს ერთმანეთი გავთელოთ, არ დავინდოთ და ცოცხლად შევჭამოთ, რათა თავად გადავრჩეთ.
რამდენადაც საზარელია პლატფორმა, იმდენად სასაცილოა კიდევ ერთი ახალი ფილმი The Hunt, რომლის პრემიერაც, სამწუხაროდ, კინოთეატრებში ბევრჯერ გადაიდო. ფილმი სერიალ The Leftovers-ის რეჟისორმა, კრეიგ ზობელმა გადაიღო, სცენარზე კი Lost-ის, Watchmen-სა და ასევე The Leftovers-ის შემოქმედებმა, დეიმონ ლინდელოფმა და ნიკ კიუზმა იმუშავეს. სერიალების ყველა აქტიური მაყურებელი დაგიდასტურებთ, რომ მხოლოდ ამ სახელების ჩამოთვლაც კი საკმარისი მიზეზია, რათა ეს ფილმი ნახოთ.
როგორც ვახსენე, ნადირობა სასაცილო ფილმია, ოღონდ არა იმის გამო, რომ ის კომედიაა, სულაც არა, ის საშინელებათა ჟანრის ფილმია, ოღონდ მისი შემქმნელები მაქსიმალურად ცდილობენ ამ ჟანრის წესები დაარღვიონ და ახალ თამაშში აიყოლიონ მაყურებელი: გგონია, რომ აი, ის იქნება ფილმის მთავარი გმირი და მის თავგადასავალს უნდა მიადევნო თვალი? ნურას უკაცრავად, ფილმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ის შენ თვალწინ მოკვდება და სახეზე მისი სისხლის შხეფებიც კი შეიძლება იგრძნო.
ძალიან უჩვეულო გზითა და ხერხებით განვითარებულ სიუჟეტთან ერთად, რაც ბევრს კვენტინ ტარანტინოს შემოქმედებასაც მოაგონებს (ფინალური სცენებით რთულია Kill Bill-ის ატმოსფერო ვერ შეიგრძნოთ), ფილმი მთელი თავისი სატირით გვაჩვენებს, თუ როგორი დაუნდობელია სოციალური თუ ეკონომიკური კაპიტალის მქონე ელიტა, რომელიც მის წინააღმდეგ კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებს არ ინდობს და პირდაპირი მნიშვნელობით ნადირობს მათზე.
ფილმი სწორედ ამ ნადირობის შესახებ მოგვითხრობს: ვიწრო ჯგუფი 12 ადამიანს ერთ სივრცეში მოუყრის თავს, რათა გაერთონ და ისინი დახოცონ. ოღონდ ნუ იფიქრებთ, რომ ამ ელიტის წარმომადგენლები უგულო ადამიანები არიან, არამც და არამც — მათ რასიზმის პრობლემებიც აწუხებთ, ჰომოფობიაც და გენდერულად მგრძნობიარეებიც არიან.
მოკლედ, ბევრი სიუჟეტური დეტალი რომ არ გავამხილო, უბრალოდ გეტყვით, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სატირაა პოლიტკორექტულობისა და ელიტის თანაარსებობაზე: როგორია, როცა ერთდროულად დასწავლილი ნორმების გამო თითქოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პრობლემები გაწუხებს, თუმცა სინამდვილეში სრულიად უგრძნობი ხარ ამ ჯგუფების რეალური პრობლემების მიმართ და არც სხვები გადარდებს ოდნავ.
ეს ორი ფილმი კიდევ ერთხელ გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რამდენად უსამართლოა ხშირ შემთხვევაში ის სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სისტემა, რომელში არსებობაც გვიწევს და ასეთი ნიჭიერი კინოხელოვანები ჟანრის მოყვარულებს გვარწმუნებენ, რომ კინოს მომავალში საშინელებათა ჟანრი უდავოდ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და მხოლოდ დროის გასაყვანი, გასართობი ღირებულება არ ექნება (როგორც ეს ბევრს დღემდე ჰგონია).
კომენტარები