10 აპლიკაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
ახალი კორონავირუსი თითოეულ ჩვენგანს აიძულებს, ცხოვრების უჩვეულო წესს მოერგოს. სოციალური დისტანცირება ყველას ეხება: მათაც, ვინც კარანტინში ან თვითიზოლაციაშია და მათაც, ვისაც თუნდაც სამსახურის სპეციფიკის გამო არ აქვს სახლში დარჩენის ფუფუნება.
ამასობაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები უკვე საუბრობენ ადამიანებში შფოთვის, სტრესის და პანიკის შეტევების შემთხვევათა მომატებაზე და გვაფრთხილებენ, რომ ახლა, როგორც არასდროს, გვმართებს ჩვენს მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.
ერთი რამ, რაც შექმნილ მდგომარეობას გვიმსუბუქებს, ნამდვილადაა ის სიკეთეები, ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ინტერნეტმა რომ მოგვიტანა. თუმცა ამ რესურსის გამოყენების პრობლემა ისაა, რომ ინფორმაციის ულევ ზღვაში რთულია, შენს მდგომარეობაზე მორგებული დახმარების გზების პოვნა.
სწორედ ამიტომ ქვემოთ შეკრებილი აპლიკაციები მრავალფეროვნების პრინციპით ავარჩიეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ინტროვერტი ხარ თუ ექსტროვერტი; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს წლებია, ებრძვი თუ ახლა იგრძენი საკუთარ თავში უსიამოვნო ცვლილებები; გეიმერი ხარ თუ წიგნის ჭია — შენთვის მოსაწონ აპლიკაციას აქ აუცილებლად იპოვი.
1. საუბარი კარანტინის ჟამს: QuarantineChat
დიახ, უკვე არსებობს აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად ახალი კორონავირუსის გამო კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში ყოფნისას მარტოობის შესამსუბუქებლად გამოიგონეს. მართალია, ასეთ დროს ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან კავშირი ინტერნეტით მაინც შესაძლებელია, მაგრამ ის, რაც ოთხ კედელში გამოკეტილ ადამიანებს აკლიათ, უცხო ადამიანებთან სპონტანური კონტაქტების დამყარებაა.
ეს აპლიკაციაც სწორედ ამ დანაკლისის ამოსავსებადაა: მას შემდეგ, რაც მობილურის ნომერს მიუთითებ და Dialup-ს დააინსტალირებ, ალგორითმი შემთხვევითობის წესით აუდიოზარებით პერიოდულად დაგაკავშირებს აპლიკაციის სხვა მომხმარებელთან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
"COVID-19 ნამდვილად არაა სახუმარო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი ადამიანებს ამ რთულ დროს სიხარულის წუთებს მოუტანს", — ამბობენ აპლიკაციის შემქმნელები.
ღირებულება: უფასო.
ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
2. ჯიბის თერაპევტი: What’s up?
როცა საქმე მენტალურ ჯანმრთელობას ეხება, პროფესიული დახმარების მიღება არც მშვიდობიანობის ჟამსაა ბევრისთვის ხელმისაწვდომი. აი, პანდემიის დროს კი ამის ფუფუნება ფაქტობრივად არავის აქვს. თუმცა გამოსავალი მაინც არსებობს. What’s up დეპრესიასთან, შფოთვასთან, სტრესთან და სხვა ტიპის ფსიქიკურ აშლილობებთან გამკლავებას კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის (CBT) და მიღებით-ვალდებულებითი თერაპიის (ACT) მეთოდების გამოყენებით შეგაძლებინებს.
ეს აპლიკაცია საშუალებას მოგცემს, აწარმოო განწყობათა დღიური, შეასრულო სუნთქვითი სავარჯიშოები ან ჩაერთო ინტერაქციულ კითხვა-პასუხის ფორმატის თამაშში, რომელიც დაგეხმარება გაიაზრო, რას და რატომ გრძნობ. "ფიქრთა ყალიბის" გვერდი კი გასწავლის, როგორ შეწყვიტო ნეგატიური მონოლოგები საკუთარ თავთან.
ღირებულება: უფასო.
ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
3. სწორად კვებისთვის: Lifesum
ცხოვრების წესის ისეთი დრამატული და სწრაფი ცვლა, როგორიც ახლა გვიწევს, პირდაპირ აისახება ჩვენს დიეტაზე. ოფისში სიარული საუზმისთვის, ლანჩისა და ვახშმისთვისაც მკაცრად გაწერილ დროებს ძალაუნებურად გვიწესებს. აი, სახლში ყოფნისას კი დამატებითი ძალისხმევის გაწევაა საჭირო, რომ ხელი მუდამ სასუსნავისკენ არ გაგვექცეს და კვების მავნე ჩვევები არ გამოვიმუშაოთ.
Lifesum ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების შენარჩუნებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, თუმცა აქცენტი მაინც კვების რაციონზეა. ის ნებას გაძლევს, დაისახო პირადი მიზნები და დააგროვო "ცხოვრებისეული ქულები". აპლიკაცია ასევე პერიოდულად შეგახსენებს, რომ წყლის დალევის დროა.
ღირებულება: უფასო.
ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
4.აკვიატების დასამარცხებლად: GG OCD
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ხშირად სწორედ ამ დღეებში გვესმის მოწოდება ხელების დაბანისკენ. ეს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად კი აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ იმ ადამინებისთვის ნამდვილად რთული მოსასმენია, ვისაც ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობასთან უხდებათ გამკლავება. მართლაც ფსიქიატრები უკვე საუბრობენ შემთხვევებზე, როცა მათი პაციენტები რეკომენდირებულზე ხშირად და მეტხანს იბანენ ხელებს.
GG OCD ამ მენტალური პრობლემისთვის დამახასიათებელი სიმპტომების დასაძლევად გვეხმარება, თვალი გავუსწოროთ ჩვენს ნეგატიურ ფიქრებს და გამოვწრთოთ ტვინი მათი დადებითი აზრებით ჩასანაცვლებლად. ამისათვის მომხმარებელი გადის განსხვავებულ ფაზებს, რომელთაგანაც თითოეული კონკრეტული თემის გარშემო მოკლე თამაშებისგან შედგება.
ღირებულება: უფასო.
ხელმისაწვდომია iOS-ის მომხმარებლებისთვის.
5. გასაბედნიერებლად: Happify
თავის კარგად გრძნობა ზოგჯერ განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. თანაც ტვინის გავარჯიშება ხომ ისევე საჭიროა, როგორც სხეულის. ამ აპლიკაციის შემქმნელები კი გვარწმუნებენ, რომ თამაშების მეშვეობით დაგვასწავლიან ჯანსაღ ცხოვრებისეულ ჩვევებს და ბედნიერების გაზრდასა და სტრესის შემცირებაში დაგვეხმარებიან.
აპლიკაციაში შესვლისთანავე რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა მოგიწევს და ამის მიხედვით ალგორითმი განგისაზღვრავს, რომელ "გზას" უნდა დაადგე. შენ ასევე ყოველდღიურად მოგეწოდება ქვიზები და განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შესასრულებელი დავალებები.
ღირებულება: უფასო.
ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
6. კითხვა დასამშვიდებლად: Comixology
სახლში ჯდომისა და სოციალიზაციის ნაკლებობის ერთ-ერთი უარყოფითი თანამდევი გრძნობა მოწყენილობაა. მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ მოჭარბებულად დაგროვებული თავისუფალი დრო წიგნების კითხვას დავუთმოთ? ასე ხომ სასარგებლო ცოდნასაც მივიღებთ და ცოტა ხნით ტვინსაც გადავრთავთ დამთრგუნველი რეალობისგან.
ალბათ წიგნის ჭიებს ჩვენგან შეხსენების გარეშეც მომარაგებული აქვთ საკითხავი და სახლში მყუდრო კუთხის დასაკუთრებაც უკვე მოასწრეს, მაგრამ მათთვის, ვინც მხატვრული ლიტერატურის კითხვის ჩვევა ბავშვობაში მოიტოვა, წიგნებისადმი სიყვარულის გასაღვივებლად იდეალური გზაა კომიქსებით თავის შექცევა. Comixology-ის ონლაინ ბიბლიოთეკა 75 ათასზე მეტ კომიქსსა და მანგას იტევს. მოქნილი ინტერფეისი კი საშუალებას გაძლევს, მარტივად გადაშალო გვერდები ან მოაახლოვო პანელები, რაც კითხვასა და სურათების თვალიერებას საოცრად სასიამოვნო პროცესად აქცევს.
ღირებულება: უფასო.
ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
7. როცა ცხოვრება თამაშია: SupperBetter
თამაშების დიზაინერის, ჯეინ მაკგონიგალის მიერ შექმნილი ეს აპლიკაცია მართლაც რომ თამაშ-თამაშ დაგაძლევინებს ცხოვრებისეულ სირთულეებს. სახლიდან მუშაობისას დილით ადგომა გიჭირს? ვერაფრით შეეგუე თანამშრომლებთან ვირტუალურად ურთიერთობის ფორმატს? ან, იქნებ, გარეთ გასვლის შიში შემოგეპარა? ამ პრობლემებსაც კი აქვს ნათელი ხმარე: ყველა ეს ცხოვრებისეული დაბრკოლება გამძლეობის გამომმუშავებელ სავარჯიშოდ შეიძლება გარდაიქმნას.
იმავე სახელწოდების წიგნზე დაფუძნებული SuperBetter მონაწილეებს თავგადასავლებით სავსე რთული დავალებების გადალახვისას წამახალისებელი ჯილდოებით ასაჩუქრებს. მოტივაციისთვის იმასაც აღვნიშნავთ, რომ ორმა დამოუკიდებელმა კვლევამ დაადგინა, რომ ამ აპლიკაციას მართლაც შეუძლია ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესება.
ღირებულება: უფასო.
ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
8. მუსიკა ნერვებისთვის: Brain FM
მუსიკა განტვირთვისა და სტრესისგან გათავისუფლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ეს Brain FM-ის ავტორებმაც იციან და ამიტომ თავიანთი აპლიკაცია ნეირომეცნიერების რჩევების გათვალისწინებით შექმნეს.
აპლიკაციის მიზანია "მუსიკის პოტენციური ძალის გახსნა იმისთვის, რომ მან თქვენს კოგნიტურ მდგომარეობაზე მოახდინოს ზეგავლენა". ამასთან, ჩვენ სასურველი მიზნის დასახვაც შეგვიძლია. საკმარისია, მონიშნო, ფოკუსირების უნარის გაუმჯობესება გსურს, მედიტაცია, განტვირთვა, წაძინება თუ ღრმა ძილი, და ალგორითმი ამ მიზნის 15 წუთში მისაღწევად შესაბამის მუსიკას შეგირჩევს.
ღირებულება: პირველი 5 სესია უფასოა, რომლის შემდეგაც აპლიკაციის თვიური გამოწერა $6.99 დაგიჯდება.
ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
9. ბავშვების გასავარჯიშებლად: GoNoodle
სახლიდან მუშაობა ერთიორად რთულია მშობლებისთვის. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სკოლებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. გარდა იმისა, რომ შვილის კვებით რაციონზეც უნდა იზრუნო, ამასთან იმაშიც უნდა დარწმუნდე, რომ ის არც სწავლას ჩამორჩება და არც იწყენს. მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სპორტული დარბაზებისა და ეზოების ხელმიუწვდომლობის პირობებშიც მოახერხონ სხეულის გავარჯიშება.
GoNoodle სწორედ ამისთვისაა: ეს ფაქტობრივად დისტანციური სპორტ-დარბაზია, რომელშიც სახალისო ვიდეოები ბავშვებს გართობასთან ერთად ვარჯიშსაც ასწავლის. მართალია, აპლიკაცია 4 წლიდან ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა შექმნილ სიტუაციაში ალბათ სულაც არ იქნება ურიგო, შვილს თავადაც შეუერთდეთ და დრო ერთად, მხიარულად და სასარგებლოდ გაიყვანოთ.
ღირებულება: უფასო.
ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
10. ძილის ჯანსაღი რეჟიმის შესანარჩუნებლად: Sleep Cycle
კვების რეჟიმის არ იყოს, ჯანსაღი ძილიც პირდაპირაა კავშირში ცხოვრების წესთან და უშუალოდ ისახება ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. მაშინ, როცა სამუშაოს და დასვენების საათებს შორის ზღვარი იშლება, სოციალური მედია კი სავსეა შემაშფოთებელი ამბებით, საწოლში ჩაწოლისას ტვინის გამორთვა სულ უფრო რთული ხდება.
Sleep Cycle შენი ძილის ხარისხს შეისწავლის და მოგამარაგებს დეტალური სტატისტიკით, რათა უკეთ გაიგო, რა შეიძლება გიშლიდეს ხელს გემრიელად გამოძინებაში. აპლიკაციას ასევე აქვს "ნაზად გამოსაფხიზლბელი" მაღვიძარა, რომელიც ძილის იმ ფაზის დროს ირთვება, როცა გაღვიძება ყველაზე სასურველია.
ღირებულება: უფასო.
ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
კომენტარები