როგორ გვეხმარება ინტერნეტი კორონავირუსთან გამკლავებაში
ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემიას თითქოს ბოლო არ უჩანს. ამ დროისთვის, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 6 500-ს მიაღწია, ხოლო ინფექციის გავრცელების შეფერხების მიზნით ბევრმა ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა.
ევროპაში ჩეხეთმა, კვიპროსმა, დანიამ, ლიეტუვამ, ლატვიამ, პოლონეთმა და სლოვაკეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტეს. იტალია, სადაც ამ დროისთვის ვირუსით განპირობებული სიკვდილიანობა ევროპაში ყველაზე მაღალია, სრულ იზოლაციაშია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხალხს თვითიზოლაციისკენ და სოციალური აქტივობების შემცირებისკენ მოუწოდებენ. შედეგად უამრავი სასწავლო დაწესებულება და კომპანია დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადავიდა.
ქალაქების დატვირთული ქუჩები, კაფეები და ბიზნეს ცენტრები დაცარიელდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს გარშემო სიტუაცია არასახარბიელოდ გამოიყურება, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ გაგვიმართლა, რომ ასეთი მასშტაბის გლობალურ პანდემიასთან გასამკლავებლად ახლა გარკვეული ბერკეტები გვაქვს.
იმისთვის, რომ ცხოვრების სტანდარტები შენარჩუნდეს და ადამიანებს საკვებზე, ელექტროენერგიაზე, წყალ-მომარაგებაზე ხელი მიუწვდებოდეთ, გარკვეული შრომა უნდა შესრულდეს. წარმოება სრულად ვერ შეჩერდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო პოსტ-აპოკალიფტურ დისტოპიას დაემსგავსება.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკას და კაცობრიობის კეთილდღეობას სერიოზული ზიანი მიადგა, ყველაფერი ალბათ ბევრად უარესად იქნებოდა, რომ არა ინტერნეტი, რომელიც ცხოვრების ჩვეულ ტემპში გაგრძელების საშუალებას გვაძლევს.
Facebook-მა, Google-მა, Twitter-მა და სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა დაიწყეს. გუგლის მფლობელი კომპანია Alphabet თავის დასაქმებულებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში, დისტანციური მუშაობისკენ მოუწოდებს.
ტვიტერმა დისტანციური მუშაობა სავალდებულოც კი გახადა.
კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ Discord-მა "ლაივ სტრიმინგში" მაქსიმალურ მონაწილეთა რაოდენობა 10-დან, 50-მდე გაზარდა. ონლაინ სტრიმინგის და ჩატ რუმების მსგავსი სერვისები, პანდემიის პირობებში, საკმაოდ მაღალი პოპულარულობით სარგებლობს.
გლობალური კრიზისი ნათლად წარმოაჩენს იმ სერვისების აუცილებლობას, რომლებიც ხშირად ჩვენი ცხოვრების ჩვეული ნაწილია. აღსანიშნავია ისიც, რომ პირდაპირი კომუნიკაციის გარდა, ინტერნეტის დახმარებით, მსოფლიო მოსახლეობას ინფორმაციაზე წვდომის უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს.
17 წლის ავი შიფმანის ვებგვერდი CDC-ის და WHO-ს წყაროებზე დაყრდნობი, კორონავირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აახლებს.
ავი შიფმანმა საიტი დეკემბრის მიწურულს გაუშვა, როცა ახალი კორონავირუსით მხოლოდ ათასამდე ადამიანი იყო ინიფიცრებული. შიფმანის თქმით, COVID-19-ის შესახებ, ინტერნეტში "უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა". იმ დროისთვის კი სანდო სიახლეების მოპოვება საკმაოდ რთული იყო.
დეზინფორმაციის და პანიკის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, Facebook-მა პირბადეების რეკლამები დროებით აკრძალა.
Facebook-ის პროდუქტების მენეჯმენტის დირექტორი კომპანიის გადაწყვეტილებაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"ჩვენი გუნდი Covid-19-ის გარშემო შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ყველა საჭირო ზომას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ვნახავთ, რომ ვინმე არსებული მდგომარეობის ექპლუატაციას შეეცდება".
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ძალიან ძვირი უჯდება, უმოქმედობა და WHO-ს, ისევე როგორც CDC-ის რჩევების არ-გათვალისწინება, სავარაუდოდ, ბევრად უფრო ძვირადღირებული და დამანგრეველი იქნება არამხოლოდ გლობალური ეკონომიკისთვის, არამედ ადამიანების კეთილდღეობისთვისაც.
როგორც ჩანს, ტექნოლოგიური კომპანიები ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ.
რთული მდგომარეობის მიუხედავად, ვფიქრობ, მსოფლიო აჩვენებს, რომ კრიტიკულ სიტუაციებში საზოგადოების ქცევა ნაკლებად მიჰყვება ჰოლივუდურ სცენარს, სადაც ადამიანები მასობრივ პანიკაში ეშვებიან და თავიანთი ბუნების "ბნელ მხარეს" ავლენენ.
რეალობა სხვაგვარია. კომპანიები და მთავრობები მსოფლიოს გარშემო, ისევე როოგრც ცალკეული ინდივიდები მეტწილად თავგამოდებით მუშაობენ იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობა შეამსუბუქონ.
მცდელობების მიუხედავად, "ონლაინ" მუშაობა და სწავლება, ისევე როგორც ინტერნეტით კომუნიკაცია, ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა იმ მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებსაც დისტანციური სწავლისთვის საჭირო ხელსაწყოები არ აქვთ.
The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ერთ-ერთი მასწავლებელი ნეიტ რიჯვეი ამბობს, რომ დისტანციური სწავლებისას ბევრი სტუდენტის აკადემიური მოსწრება უარესდება:
"ჩვენ, მასწავლებლები ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ სრულად დისტანციური სწავლება უპრობლემო იქნება. ჩემი მოსწავლეების 10-25%-ს ინტერნეტზე სათანადო წვდომა არ აქვს".
სირთულეების მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატების ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიები, მომხმარებლებს და მცირე ბიზნესებს დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ინტერნეტს 60 დღის განმავლობაში არ გაუთიშავენ.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) 12 მარტს გაავრცელა.
"ჩვენ ვიცით, რომ მუშაობისთვის, განათლებისთვის და ჯანდაცვისთვის, ამერიკელებს ინტერნეტი ყველაზე მეტად სწორედ ახლა სჭირდებათ", — ამბობს კომისიის წარმომადგენელი ჯესიკა როზენვორცელი — "ჩვენ ისიც ვიცით, რომ კრიზისი უთანასწორობის შესახებ მწარე სიმართლეს გამოამჟღავნებს".
ამ დროისთვის, FCC-ის ინიციატივას 69 ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანია შეუერთდა.
აშშ-ის ინტერნეტის პროვაიდერები AT&AT და Comcast აცხადებენ, რომ ისინი საჯარო WI-FI-საც შეინარჩუნებენ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელებს მისი გამოყენება დასჭირდებათ.
პანდემია მსოფლიოზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს, თუმცა არსებობს იმედი, რომ გაერთიანებული ძალებითა და გლობალური კავშირგაბმულობის სრული გამოყენებით კრიზისი ნაკლებად მტკივნეულად ჩაივლის.
კომენტარები