ყველაფერი, რაც სახლიდან მუშაობისთვის უნდა იცოდე
დღეისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მრავალი ადამიანი იმყოფება, ბევრმა სახელმწიფო თუ კერძო კომპანიამ კი თავისი თანამშრომლების ნაწილი მაინც სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა. მსგავსი მიდგომა ვირუსის გავრცელების ტემპის შენელებას ემსახურება. ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემებმა მსოფლიოს მასშტაბით პანდემიასთან გამკლავება შეძლონ. ამ გზით ჩვენ ასევე მაქსიმალურად ვიცავთ განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ პირებს, რომელთა რიცხვშიც შედიან ასაკოვანი ადამიანები და ისინი, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვს.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სახლიდან მუშაობის წახალისების კუთხით საქართველო გამონაკლისი არაა. მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს ასევე უთხრეს, რომ Covid-19-ის გავრცელების შესანელებლად სახლში დარჩენილიყვნენ. მსგავსი კომპანიების რიცხვშია ეფლიც, სადაც აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა თანამშრომლებს უთხრა: "შეგიძლიათ, დისტანციურად იმუშაოთ, თუ თქვენი სამუშაო ამის შესაძლებლობას იძლევა". ამაზონს და გუგლსაც მსგავსი პოლიტიკა აქვთ.
"დამსაქმებლები ამ საკითხს ნამდვილად სერიოზულად უდგებიან", — ამბობს დასაქმების კანონმდებლობის ბრიტანელი ექსპერტი, ჰანა ფორდი, — "ჩვენი იურიდიული კომპანია დღეს უამრავ კლიენტს ამარაგებს შექმნილ სიტუაციასთან გასამკლავებელი კრიზისების მართვის გეგმით".
საბედნიეროდ, დღესდღეობით არსებობს უამრავი სხვადასხვა საშუალება და სერვისი, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობები სახლიდანაც ეფექტიანად შეასრულონ.
შეინარჩუნეთ კავშირი
კოლეგებთან ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომაა დისტანციური შეხვედრების სერვისები ასეთი მაღალმოთხოვნადი.
ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ 22-ჯერ მეტი ადამიანი იყენებს სისკოს Webex ვიდეოკონფერენციის სერვისს. რამდენიმე სხვა კონკურენტის მსგავსად, ამ კომპანიამ მოთხოვნის გაზრდის საპასუხოდ უფასო სერვისის პირობები განაახლა. შედეგად, ყველას, ვინც 90-დღიანი უფასო შეთავაზებისთვის დარეგისტრირდება, შეუძლია ისარგებლოს შეუზღუდავი მომსახურებით; კონფერენციაში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა კი 50-დან 100-მდე გაიზარდა.
Rival Zoom-მაც თავისი უფასო ვიდეოკონფერენციების სერვისის გაუმჯობესებული ვერსია შესთავაზა მომხმარებლებს. ახლა, გარდა იმისა, რომ დასაქმებულებს შეუზღუდავი ერთი ერთზე შეხვედრების გამართვის საშუალება აქვთ, ჯგუფური სესიები ასზე მეტ მონაწილეს დაიტევს და 40 წუთამდე დროის შეზღუდვაც მოხსნილია.
იზრუნეთ უსაფრთხოებაზე
სახლიდან მუშაობის ამ ახალმა რეალობამ მიმზიდველი სამიზნე შექმნა ჰაკერებისთვის, რომლებიც, ეჭვგარეშეა, იგრძნობენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპარვის და ონლაინ თაღლითობის ჩადენის შესაძლებლობებს.
ინფორმაციის დაცულობის უზრუნველსაყოფად, კომპანიების უმეტესობა გამოიყენებს ვირტუალურ კერძო ქსელს (VPN) დაშიფრული კავშირის შესაქმნელად თანამშრომლის კომპიუტერიდან მათი კომპანიის IT სისტემამდე.
თუმცა ხარისხიანი VPN-ის მქონე ბიზნესებს, შესაძლოა, დასჭირდეთ გაუმჯობესებული სამომხმარებლო ლიცენზიის ყიდვა ან სერვერის გაძლიერება, რათა ყველამ შეძლოს მისი ერთდროულად გამოყენება. "დღეისთვის სულ უფრო მეტი კომპანია უტარებს თავიანთ სერვერებს სტრეს-ტესტირებას იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი გაუმკლავდებიან მდგომარეობას, როცა ყველა დისტანციურად მუშაობს", — ამბობს ფორდი.
კიდევ ერთი ვარიანტია, რომ თქვენ სამუშაო კომპიუტერი სახლიდან, დისტანციურად მართვადი პროგრამით ამუშაოთ. შეიძლება, ამ ორი ტექნიკური მომსახურების ერთდროულად გამოყენებაც კი იყოს გონივრული, რადგან ეს უზრუნველყოფს თქვენს სამუშაო კომპიუტერთან უსაფრთხო წვდომას.
თუ სახლიდან მუშაობას აპირებთ, კარგი იდეა იქნება, თუ თქვენი ინტერნეტის კავშირის საიმედოობას შეამოწმებთ. თვითიზოლაციის პირობებში, ასევე ღირს, დარწმუნდეთ, რომ თქვენი სახლის ინტერნეტის პროვაიდერი გაძლევთ საშუალებას, დაუკავშირდეთ VPN-ს. და თუ ეს ასე არაა, მაშინ ან პაკეტის განახლება დაგჭირდებათ, ან მოგიწევთ, ჩართოთ მობილურის Hotspot ან გამოიყენოთ როუტერი.
ყველას, ვინც სხვადასხვა ადგილას მყოფ კოლეგებთან თანამშრომლობს, ალბათ უკვე აქვს ინტერნეტით გაზიარებული დოკუმენტებში მუშაობის გამოცდილება. Slack, მაგალითად, არის უსაფრთხო მყისიერი შეტყობინებების პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ ფაილების გაზიარებისა და ვიდეოზარების შესრულების მომსახურებას და სურს "ელექტრონული ფოსტის ჩანაცვლება". მას დღეისთვის დაახლოებით ათი მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
Slack-ის რჩევები თვითიზოლაციაში მყოფი ხალხისთვის მოიცავს ანონსების არხის შექმნას, რომელიც თანამშრომელთა უმეტესობისთვის მხოლოდ-წაკითხვის რეჟიმზეა, მაგრამ ადმინისტრატორებსა და მენეჯერებს შეუძლიათ, იქ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოაქვეყნონ. ის ასევე გთავაზობთ, გამოიყენოთ აპლიკაციის მომხმარებელთა სტატუსები, რათა კოლეგებმა იცოდნენ, როდის ახორციელებთ ზარს ან როდის არ ხართ სამუშაო მაგიდასთან; და გვირჩევს, რომ სჯობს, ჩვენი იდეები ქაღალდზე მოვხაზოთ და შემდეგ ფოტო გადავუღოთ, ვიდრე სლაიდის შექმნას დავახარჯოთ დრო და ენერგია.
მაგრამ Slack მრავალი ასეთი აპლიკაციიდან მხოლოდ ერთ-ერთია. სხვა ვარიანტებს შორისაა მაიკროსოფტის Teams პლატფორმა.
Teams-ის უფასო ვერსია მაიკროსოფტ Office 365-ის ნაწილია და 300-მდე მონაწილის დატევა შეუძლია. მის მომსახურებაში შედის სტუმრისთვის წვდომის მიცემა, ერთი ერთზე და ჯგუფური ვიდეო და აუდიო ზარები, ფაილებისა და ეკრანის გაზიარება და ონლაინ დოკუმენტზე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა.
იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც მეტად სრულყოფილი მომსახურება სჭირდებათ, მაიკროსოფტი ითვალისწინებს დღევანდელ მდგომარეობას პანდემიასთან დაკავშირებით და ფასიანი ვერსიის უფასო ექვსთვიან საცდელ ვარიანტს გვთავაზობს, რომელიც მოიცავს სრული შეხვედრების, კოლაბორაციისა და შრომის პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის საჭირო მომსახურებებს.
კიდევ ერთი მსგავსი სერვისია Asana, რომლის მომსახურებაშიც 2019 წლის ბოლოსთვის 70 ათასი მომხმარებელი იხდიდა ფულს.
გამოიმუშავეთ დისციპლინა
მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ აღმოაჩენთ, რომ სახლიდან მუშაობისას ყურადღება გეფანტებათ? საჭმლის კეთება, შინაურ ცხოველებთან თამაში და თუნდაც სახლის საქმეები, შეიძლება, უფრო მიმზიდველად გეჩვენოთ, ვიდრე თქვენი ანაზღაურებადი სამუშაოა.
ასეთ შემთხვევაში, Focusmate უზრუნველგყოფთ "ანგარიშვალდებულებითი პარტნიორით". ეს პარტნიორი ასევე სახლიდან მომუშავე ადამიანია, რომელიც სამუშაო მაგიდასთან ყოფნისას ვიდეოკამერის საშუალებით გხედავთ. ამისათვის სესიის დაწყების წინ თქვენ და ის კომპიუტერების ვიდეოკამერებს ერთმანეთს დაუკავშირებთ და მუშაობას შეუდგებით. თუ შუა მუშაობისას მაგიდიდან ადგებით და ტელევიზორის ყურებას დაიწყებთ, ამის გამო არავინ დაგსჯით, თუმცა თითქმის უცნობი ადამიანისგან კრიტიკულ შეფასებას კი იგრძნობთ. სერვისის მფლობელი კომპანია აცხადებს, რომ მომხმარებლების თქმით, ეს გარმოება მათ პროკრასტინაციისგან იცავს. მართლაც, სოციალური ზეწოლა მოტივაციის გამომუშავების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზაა.
როცა ამდენი ტექნოლოგიური შესაძლებლობა ხელის გაწვდენაზეა, თქვენ, შეიძლება, იმაზეც კი დაფიქრდეთ, ოდესმე ოფისში წასვლა თუ კიდევ დაგჭირდებათ. "შესაძლებელია, ამ სიტუაციის ერთი დადებითი მხარე იყოს ის, რომ დამსაქმებლები დარწმუნდებიან, რამდენად ხელსაყრელია მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნა", — ამბობს ფორდი, — "გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს, შეიძლება, ისეთი პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროს, როგორებიცაა საცობები და დაბინძურება".
ამავე თემაზე:
კომენტარები