კორონავირუსის გავრცელების გამო, ფანები ვარაუდობდნენ, რომ მულანი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ბედს გაიზიარებდა და პრემიერა ჩაიშლებოდა. თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პრემიერა ლოს-ანჯელესში შედგა.

ფილმის დაწყებამდე, რეჟისორმა ნიკი ქარომ ქალი მებრძოლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღფრთოვანება ვერ დამალა, რომ მულანის გადაღების შესაძლებლობა მიეცა.

რეჟისორის სიტყვებით, მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩინეთში, რთული პერიოდია და იმედი გამოთქვა, რომ ფილმი ხალხს განწყობის ამაღლებაში დაეხმარება.

მულანი ძველ ჩინურ ლეგენდაზეა დაფუძნებული და მთავარ როლს ლუ იუფეი ასრულებს.

ფოტო: FREDERIC J. BROWN / Getty Images

პრემიერიდან რამდენიმე საათში ინტერნეტში პირველი რეაქციები გამოჩნდა. მომხმარებლების უმეტესობამ ფილმი დადებითად შეაფასა.

1. "კონკიას შემდეგ მულანი დისნეის საუკეთესო ფილმია. სიმღერები არც კი დამაკლდა, ყველასთვის ნაცნობ ისტორიას კი ულამაზესი ბრძოლის სცენები, დრამა და იუმორი შეემატა. ლუ იუფეი უბრალოდ შეუდარებელია. პ.ს. დისნეის ფილმისთვის მეტისმეტად სექსუალურიც კია! როდესაც იოსონ ანმა მაისური გაიძრო, დარბაზს "ღმერთო ჩემო" აღმოხდა!"

2. "მართალია რიმეიქს ორიგინალთან ბევრი რამ არ აქვს საერთო, მაგრამ ფანები ამას ვერც შენიშნავენ, რადგან ფილმი სავსეა ულამაზესი ბრძოლის სცენებით და იუმორით. რომანტიკული ურთიერთობა კი ძალიან ინტენსიური ხდება, დარბაზში რამდენიმემ "ახლა მაინც აკოცეთ ერთმანეთს" დაიყვირა".

3. "მულანი ძალიან მაგარია. რიმეიქი საკმაოდ განსხვავებულია, მაგრამ ორიგინალის ემოცია მოაქვს. მართალია, ფილმში ძველი სიმღერები არ არის, მაგრამ ფანები ცნობილ მელოდიებს აუცილებლად მოკრავენ ყურს"

4. "მულანი ერთ-ერთი საუკეთესო ადაპტაციაა, რაც კი მინახავს. ის 1998 წლის ვერსიას და ორიგინალ ლეგენდას პატივს თანამედროვე თემების შემოტანით მიაგებს. ქალების სიძლიერეზე ძალიან დიდი აქცენტია გაკეთებული და ამავდროულად ბრძოლის სცენები ლამაზადაა გადაღებული"

5. "უბრალოდ გაოგნებული ვარ. მულანი საოცრებაა, ყურების დროს ვიცინოდი, ვტიროდი და ფილმის აბსოლუტურად ყველა წამი შემიყვარდა. ერთი სული მაქვს ჩემს შვილებს როდის წავიყვან სანახავად"

6. "მულანი ლეგენდარულ მეომარზეა. ეს მეომარი კი ლეგენდაა. მადლობა ყველა ქალი მებრძოლის სახელით, ვისაც ამ ფილმის ნახვა სჭირდებოდა. საკმაოდ განსხვავებულია ანიმაციისგან და დიდი სიამოვნებით ვნახავ კიდევ ერთხელ ჩემს შვილებთან ერთად"

7. "მულანი ულამაზესი ისტორიაა, რომელიც თავისებურად მიაგებს პატივს ორიგინალ ლეგენდას. ლუ იუფეი როლს შესანიშნავად ასრულებს და მიუხედავად იმისა, რომ სიმღერები და მუშუ არ არის, ცვლილებები ფილმის მთავარ იდეაში კარგად ჯდება. (პ.ს. იოსონ ანი არა-შანგის როლს გადასარევად ასრულებს და სიყვარულის ისტორიაც ლამაზია)"

8. "მულანი შეიძლებოდა რომ კარგი ფილმი ყოფილიყო, მაგრამ ზედმეტად ცდილობს ორიგინალი ტონის შენარჩუნებას. რამდენიმე კარგი მომენტი ნამდვილად არის, მაგრამ მოსაწყენი გმირები და გაუმართავი ბრძოლის სცენების გამო, მულანი მხოლოდ საშუალო დონის ფილმია"

მართალია პრემიერამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ფანების ნაწილი ხალხს ფილმის ბოიკოტისკენ მოუწოდებს. სკანდალის მიზეზი ლუს კომენტარები გახდა, სადაც ის ამბობს, რომ ჰონგ-კონგის პოლიციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის პოლიციას მომიტინგეების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევაში ედება ბრალი.

ამავე თემაზე: