6 ტიპის მიკროაგრესია, რომელსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან
ხალხით სავსე კლუბში ჩემს მეგობარს მოცეკვავე ბიჭმა მხარი გაკრა და ბარის მაგიდას მიაჯახა. ბიჭმა მას ხელი წელზე მოხვია და ბოდიშიო, უთხრა.
ეს არასწორი საქციელი იყო.
ჩემმა მეგობარმა სასიკვდილო მზერა ესროლა, მაგრამ მას ეს არც შეუმჩნევია.
ესეც მეორე არასწორი საქციელი — მან ხომ ვერც კი გააანალიზა, რა ზეგავლენა მოახდინა ამ ინციდენტმა ჩემს მეგობარზე.
მსგავსი უპირობო უფლებამოსილების გამომხატველი, ვითომდა უნებლიე ქცევა, ნებართვის გარეშე შეეხო სხვა ადამიანს, საოცრად გავრცელებული ფენომენია. ნორმის ამ თითქოს მიამიტ დარღვევებს მიკროაგრესიები ეწოდება. ესაა გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი კომენტარები ან ქმდებები, რომლებიც, როგორც წესი, ქალების მსგავსი მარგინალიზებული ჯგუფის წევრების წინააღმდეგაა მიმართული. ამ საკითხზე მომუშავე ფსიქოლოგ დერალდ ვინგ სუს მიხედვით, მიკროაგრესიები არის განზრახული ან უნებლიე, მაგრამ ყოველთვის მტრული ან დამამცირებელი კომენტარები და ქმედებები ადამიანის მიმართ, რომელიც, როგორც წესი, დისკრიმინებული ჯგუფის წევრია.
მიკროაგრესია ღია თავდასხმას არ ნიშნავს. მსგავსი ქმედება, ძირითად შემთხვევაში, რთულად შესამჩნევია. უფრო მეტიც, კეთილი განზრახვის მქონე ადამიანსაც კი შეუძლია, გაუაზრებელი მიკერძოებული დამოკიდებულებებისა და თანაგრძნობის ნაკლებობის შედეგად მიაყენოს სხვას ზიანი.
აი, მიკროაგრესიის შედეგები კი ნამდვილად არ არის რთულად შესამჩნევი და ის შეიძლება ისეთი ფსიქიკური აშლილობების გამომწვევიც კი გახდეს, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა. მიკროაგრესიების გავლენაზე მომუშავე ფსიქოლოგის, დოქტორი კევინ ნადალის მიხედვით, აგრესიის ამ ფორმის რეგულარულად განცდის შედეგები ცხოვრების განმავლობაში შეიძლება აკუმულირდეს, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ოჯახთან თუ მეგობრებთან ურთიერთობებზე და დაარღვიოს სხეულის ისეთი არსებითი ფუნქციები, როგორიც ძილის რეჟიმია. ამ შედეგებს სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება ჰქონდეს ადამიანზე გავლენა. სწორედ ამის გამო არის მნიშვნელოვანი, გავაცნობიეროთ მიკროაგრესიების ხასიათი და ვეცადოთ, გაუცნობიერებლად არ გამოვავლინოთ ის.
მიკროაგრესიებს ადამიანები ხშირად საკუთარი რასისა და გენდერის გამო აწყდებიან. გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციის, ქალთა უნივერსიტეტის ამერიკული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, კიმ ჩარჩიზი აღნიშნავს, რომ ქალები, რომლებიც არიან ფერადკანიანები ან სხვა ნიშნით ეკუთვნიან რამდენიმე მარგინალიზებულ ჯგუფს, უფრო მეტად ხდებიან მიკროაგრესიის მსხვერპლნი. ჩარჩიზი, რომელიც თეთრკანიანია, აღნიშნავს, რომ თავად ის გენდერული მიკროაგრესიის მსხვერპლია ხოლმე და არასოდეს — რასობრივი. კრისტიან ეფ ნიუნესისთვის კი, რომელიც ქალთა ნაციონალური ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია, ორივე ტიპის გამოცდილება ნაცნობია, რადგან იგი, გარდა იმისა რომ ქალია, შავკანიანიც არის.
აუცილებელია გავიაზროთ, რომ მიკროაგრესია შეიძლება ყველამ გამოავლინოს და მისგან დაზღვეული არავინ ვართ. მხოლოდ კაცები არ არიან ისინი, ვინც ქალების მიმართ მიკროაგრესიას იჩენენ, ამბობს ჩარჩიზი. მიკროაგრესიებისგან თავის დაცვა კი მნიშვნელოვანია: "როდესაც ჩვენ ამ თითქოს უვნებელ ქმედებებს არ ვუპირისპირდებით, ამით ხელს ვუწყობთ რასიზმისა და სექსიზმის გამყარებას".
იმისთვის, რომ დავაჩქაროთ მეტად შემწყნარებლური კულტურის შექმნა, გთავაზობთ 6 წესს, რომელთა დაცვაც ყველას დაეხმარება გენდერული მიკროაგრესიების თავიდან არიდებაში.
1. დაფიქრდი, როგორ ეხები ქალებს და როგორ საუბრობ მათთან
მიკროაგრესიის ის ფორმა, რომელიც სტატიის დასაწყისში აღვწერე, ნადალის თქმით, ქუჩაში გამუდმებით ხდება: "თუ ქალი ხალხით გადატვირთულ ადგილას მოძრაობს, ხშირად მის გვერდით ჩავლილი კაცები წელზე ჰკიდებენ ხელს, რაც, რა თქმა უნდა, პირადი სივრცის შემლახველი და შეურაცხმყოფელი ქმედებაა". შედარებისთვის, ნადალის დაკვირვებით, როდესაც ხალხმრავალ ტერიტორიაზე კაცები ჭარბობენ, ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად შეუხებლად ჩაუარონ ერთმანეთს და ამ მიზნით ხშირად ჰაერში ხელებსაც სწევენ.
რა უნდა მოიმოქმედო მსგავს შემთხვევაში? პასუხი მარტივია: უნდა გააცნობიერო, თუ სად და როგორ გადაადგილდები, რათა არ შეეხო ვინმეს მისი თანხმობის გარეშე.
ქალები ასევე ძალიან ხშირად აწყდებიან ეგრეთ წოდებული catcalling-ის შემთხვევებს, როცა ქუჩაში მათ კაცები სტვენით ან ღირსების შემლახველი ფრაზების შეძახილით ავიწროებენ. ეს ქმედება მიკროაგრესიიდან ძალიან სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს ღია აგრესიაში. ამიტომ წესი აქაც მარტივია: არ დაუსტვინო, არ უყვირო ან კომენტარი არ გაუკეთო ქუჩაში მიმავალ ადამიანს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება.
და თუ ადამიანი მიგითითებს მიკროაგრესიულ ქმედებაზე და გეტყვის, რომ ის შენმა საქციელმა თუ სიტყვამ დააზარალა, არ შეეკამათო მას და არ უთხრა, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა. "არცთუ ისე იშვიათად, როდესაც ქალები ხმას იმაღლებენ მათ მიმართ განხორციელებულ მიკროაგრესიაზე, კაცები პასუხობენ, რომ არავინ დაუზარალებიათ ან არავის დამუქრებიან", — ამბობს ნადალი. კაცების მხრიდან ეს გაზლაითინგის გამოვლენის ტოლფასია, რაც იძულებულს გხდის, ეჭვი შეიტანო შენს სიმართლეში და რეალობის აღქმის შენეულ უნარში, ამას კი მნიშვნელოვანი ფსიქიკური ზიანის მოტანა შეუძლია. გაზლაითინგი ხშირად ხდება მიზეზი იმის, რომ ქალები და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლები არ უპირისპირდებიან მოძალადეებს.
იმის გარდა, რომ აქტიურად უნდა შევეცადოთ, თუნდაც გაუცნობიერებლად არ გამოვავლინოთ მიკროაგრესია, ნადალი ქალებს ურჩევს, რომ თავიანთ გამოცდილებებზე ილაპარაკონ სანდო პირებთან და ემპათიის მქონე ახლობლებთან, რათა თავი დაიცვან მათ წინააღმდეგ მიმართულ ნეგატიურ დამოკიდებულებათა ინტერნალიზებისგან.
2. არ მოსთხოვო ქალს, დაგიმტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები, თუ იმავეს კაცს არ მოსთხოვდი
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ქალები სულ უფრო იმკვიდრებენ ადგილს საზოგადო სფეროში — აქტიურად იღებენ უნივერსიტეტის ხარისხს, მათი დასაქმების მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება და ნელ-ნელა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებსაც იკავებენ — კვლავ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც მათ კომპეტენციაში ეჭვი ეპარებათ.
ნიუნესს შეუძლია, ამ საკითხზე პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბროს. შავკანიანს, რომელსაც ტრადიციულად კაცისთვის განკუთვნილი სახელი, კრისტიანი, ჰქვია, ასეთი ისტორიაც გადახდომია თავს: მას ღრმად სწამს, ერთ-ერთ გასაუბრებაზე, თავისი სახელიდან გამომდინარე, იმის მოლოდინით დაიბარეს, რომ კაცი იქნებოდა. ინტერვიუს მსვლელობისას, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში, მას ჩამჭრელ კითხვებს უსვამდნენ; მერე უთხრეს, რომ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობისთვის არასაკმარისი გამოცდილება ჰქონდა და სანაცვლოდ უფრო დაბალ პოზიციაზე მუშაობა შესთავაზეს.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანიას ეჭვი შეეპარა მის კომპეტენციაში, აღნიშნავს ნიუნესი და მას სჯერა, აღმასრულბელი დირექტორის პოზიცია მხოლოდ იმიტომ ვერ მოიპოვა, რომ შავკანიანი ქალი იყო.
ნიუნესის თქმით, შენი გამოცდილებისა და მიღწევების დემონსტრირების მუდმივი ვალდებულება მოტივაციას გიკარგავს. როდესაც შენ მიკროაგრესიის მსხვერპლი ხარ, შენი სხეული ამ ნეგატიურ გრძნობებს ითავისებს და განიცდის მას ფიზიკურ, ფსიქიკურ და სულიერ დონეზეც კი. ნიუნესს სჯერა, რომ კონკრეტულად ამ ტიპის გენდერული მიკროაგრესიები ხელს უწყობს თვითმარქვიობის სინდრომის წარმოქმნას, რაც გაიძულებს იფიქრო, რომ არ ხარ საკმარისად კვალიფიციური იმ შემთხვევაშიც კი, როცა, რეალურად, შენს საქმეს მშვენივრად უძღვები.
ნიუნესი რეკომენადაციის სახით აღნიშნავს, რომ ადამიანებმა კარგად უნდა გაიაზრონ საკუთარი მიკერძოებული დამოკიდებულებები, წინასწარგანწყობები და მოლოდინები ქალების მიმართ. მათ უნდა გადახედონ მათში გამჯდარ სტერეოტიპებს, რომლებიც აფიქრებინებთ, რომ ქალები კაცებზე სუსტები არიან და თავიანთი ქცევით ქალებს კარიერულ წინსვლაში ხელი არ უნდა შეუშალონ.
3. ნუ ივარაუდებ, რომ ქალები კაცებზე ნაკლებად ჭკვიანები არიან
ნადალს მსგავსი მიკროაგრესიის საილუსტრაციოდ მოჰყავს მაგალითი, როდესაც კლასში ან შეხვედრებზე ქალების ნათქვამს არავინ უსმენს. "მაგრამ როდესაც კაცი იმეორებს ზუსტად იმავე აზრს, ის იმსახურებს შექებას იმისთვის, რაც ქალმა მასზე წინ თქვა", — ამბობს ის.
"ეს მიკროაგრესიები რეალურად ქალების გაჩუმებას ისახავენ მიზნად... ძირითად შემთხვევაში ეს არაცნობიერად ხორცილდება, მაგრამ ზოგჯერ წინასწარგანზრახულიცაა", — განმარტავს ნიუნესი და ურთავს, რომ ასეთ დროს ქალები ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე.
აღნიშნული გამოცდილებები ჩარჩიზისთვისაც ნაცნობია. ის ამბობს, რომ სამუშაო სივრცე მხოლოდ კაცების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა და ის დღემდე მეტწილად ასეთად რჩება. ესაა დრომოჭმული მოდელი, რომლის მიხედვითაც, კაცების მოვალეობად ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა მოიაზრებოდა, ხოლო ქალები, ძირითადად, სახლის საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. ამიტომ დამსაქმებლებმა ისე უნდა შეცვალონ სამუშაო კულტურა, რომ ყველას ჰქონდეს მუშაობის თანაბარი შესაძლებლობა.
სანამ ქალი გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების შეტანას მოასწრებდეს, დამსაქმებლებს ხშირად უკვე ჩამოყალიბებული აქვთ აზრი, რომ ქალები არ არიან ისეთი გონიერები, როგორიც კაცები. ეს ყველაფერი ქალებს სამუშაო სფეროდან რიყავს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს საყოველთაო ფინანსურ მდგომარეობაზე, ამბობს ჩარჩიზი. "ჩვენი პარადიგმები უნდა შეიცვალოს... ჩვენ ვიღებთ უდიდეს სარგებელს განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანების თანამშრომლობით, რადგან ამგვარად ჩვენი პრობლემის გადაჭრის პროცესში სხვადასხვა უნარის ჩართვა ხერხდება", — აღნიშნავს იგი.
შესაბამისად, უკეთესი შედეგისთვის, სანამ რაიმეს იტყოდე, დაფიქრდი; განსაზღვრე რა ტიპის დიალოგის წარმართვა გსურს; და არ მიმართო თავდაცვით არგუმენტებსა და ქცევას.
4. არ მიუთითო ქალს, როგორ მოიქცეს
სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როდესაც ზრდასრულ ადამიანს ისე გექცევიან, თითქოს ხუთი წლის ბავშვი იყო. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქალს რეგულარულად უთითებენ, როგორ უნდა მოიქცეს, განსაკუთრებით — სამუშაო ადგილებში.
ჩარჩიზი საუბრობს საკუთარი გამოცდილების შესახებ: კარიერის განმავლობაში ადამიანები აფრთხილებდნენ მას, არ აემაღლა ხმა, რადგან ეს ქალური საქციელი არ იყო. ამასობაში, კაცი თანამშრომლები მუდმივად უწევდნენ ხმას, მაგრამ მათ შენიშვნებს არავინ აძლევდა. როგორც ბევრ ქალს, ჩარჩიზსაც ასევე ეუბნებოდნენ, რომ გაეღიმა. "ვერასდროს გაიგონებ, ვინმემ კაცს გაღიმება სთხოვოს", — ამბობს ის.
ამ ტიპის გენდერული მოლოდინები ქალებს აიძულებს, მოარგონ თავიანთი ქცევა დამკვიდრებულ მჩაგვრელ ნორმებს, რაც უგულებელყოფს და აკნინებს მათ გამოცდილებას, უნარებსა და შესაძლებლობებს.
და ეს ხაფანგია. ქალებისგან მოელიან, იყვნენ მიმზიდველები და სანდომიანები. ეს კი ორმაგ სტანდარტს ამკვიდრებს, რადგან როცა ქალები ამ მოლოდინებს ამართლებენ, ისინი ნაკლებად კომპეტენტურებად და ლიდერობის უნარის არმქონეებად აღიქმებიან, ხსნის ჩარჩიზი. გამარჯვებული ვერც ერთ ვარიანტში დარჩები: "თუ ქალი თავის ძალას არ მალავს, მას აგრესიულად და 'კახპად' მიიჩნევენ".
ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, ხომ არ მიუთითებენ ქალებს, როგორ უნდა მოიქცნენ; და თუ ასეა, უნდა გაიაზრონ, რამდენად უსამართლო და დამამძიმებელია მათი მოთხოვნები. და როცა ვიღაც გრძნობს, რომ ასეთი რამ ხდება, თუ თავს კომფორტულად გრძნობს, აუცილებლად უნდა ამოიღოს ამაზე ხმა. მაგალითად, როცა ჩარჩიზის ქცევის გაკონტროლებას ცდილობენ, ის ამ მცდელობის საფუძველშივე ჩასახშობად შემდეგი ტიპის ფრაზებს იყენებს: "მოდი, არ გვინდა ამ გზაზე დადგომა", "არ მგონია, ეს გეგულისხმოს. ალბათ იმას ამბობდი, რომ...", "ამით რისი თქმა გსურდა?". ჩარჩიზი აღნიშნავს, რომ, ამასთან, აუცილებელია, ავხსნათ მიზეზი, რატომაა მათი ნათქვამი არასწორი.
5. არ მიაკუთვნო ქალს ტრადიციული გენდერული როლი
რწმენა, რომ ქალები მხოლოდ საშინაო სფეროში უნდა მუშაობდნენ, ყველაზე გავრცელებული გენდერული სტერეოტიპია. ჰეტეროსექსუალი კაცები რომანტიკულ ურთიერთობაში ყოფნისას ხშირად მიიჩნევენ, რომ პარტნიორები მათზე უნდა ზრუნავდნენ და საპასუხოდ არ არიან ვალდებულები, ისეთივე ყურადღება დაუბრუნონ მათ, ამბობს ნადალი. ისინი უბრალოდ ასკვნიან, რომ ქალები უნდა იყვნენ მომვლელები, მათ უნდა იზრუნონ ბავშვებზე, მოამზადონ კერძები და დაალაგონ სახლი.
ასე მხოლოდ ჰეტეროსექსუალი კაცები არ ფიქრობენ. "ზოგ ჰომოსექსუალ და ბისექსუალ კაცსაც გათავისებული აქვს ქალთმოძულეობა, ტოქსიკური მასკულინობა და გენდერულ როლთა ნორმები. და ამას მათ რომანტიკულ ურთიერთობებშიც შეუძლია პრობლემების გამოწვევა", — აღნიშნავს ნადალი.
ხშირად ძალაუფლებაში მყოფი კაცები გაოცებულნი რჩებიან, როდესაც ცალკეული ქალი ტრადიციულად დაკისრებულ როლებს არ ირგებს, ამბობს ნადალი. მეორე მხრივ, მათ შეიძლება ყოველგვარი მინიშნების გარეშე ივარაუდონ, რომ ქალს შვილების ყოლა უნდა და თუ სხვანაირად აღმოჩნდება, მაშინ ფიქრობენ, რომ მას რაღაც სჭირს.
ჩარჩიზს საკუთარი კარიერის განმავლობაში მუდმივად უწევს მიკროაგრესიებთან ბრძოლა. საშუალო და მაღალ პოზიციებზე მუშაობის დროსაც კი თანამშრომელი კაცები თვლიდნენ, რომ მას უნდა შეესრულბინა ისეთი მოვალეობები, როგორიცაა ყავის დასხმა. "გაზვიადების გარეშე, მე იძულებული გავმხდარვარ, საკუთარ ხელებზე დავმჯდარიყავი და მზერა იატაკისკენ მიმემართა იქამდე, სანამ ჩემი კაცი კოლეგა არ ჩამოასხამდა ყავას. ეს იმისთვის გავაკეთე, რომ ოფისში ტრადიციული გენდერული როლები არ დამკვიდრებულიყო", — იხსენებს ის.
მსგავსი სტერეოტიპული მოლოდინებით არიან განწყობილი მისი 11 წლის ქალიშვილის მიმართაც, რომელიც ბეისბოლს თამაშობს. "ყველა აღნიშნავს, ოჰ, რუბი სოფტბოლს უნდა თამაშობდესო. არავითარ შემთხვევაში. ის თამაშობს ბეისბოლს და არანაირი ინტერესი არ აქვს სოფტბოლის მიმართ", — ამბობს ჩარჩიზი.
გენდერით განპირობებული რწმენები ადრეული ბავშვობიდან იჩენს თავს და ამ მოლოდინების გამო შესაძლებელია, რომ ბავშვებმა საკუთარ გატაცებებზე უარი თქვან.
მათ, ვისაც სურთ, რომ მიკროაგრესიები არ გამოავლინონ, ცოტათი უფრო მეტად დაკვირვებულები უნდა იყვნენ, გვირჩევს ნადალი: "ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა განვსაზღვროთ, როგორ ვექცევით ადამიანებს და რა ვარაუდებს ვაკეთებთ მათზე. ამ გზით ჩვენ შევასუსტებთ დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს".
6. ნუ ივარაუდებ, რომ გენდერი ბინარულია
ადვილია დავივიწყოთ, რომ გენდერზე დაფუძნებული მიკროაგრესიები გავლენას ახდენს გენდერის მთლიან სპექტრზე. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინოთ ის გენდერული მიკროაგრესიები, რომლებიც მიმართულია ტრანსგენდერებისა და გენდერქვიარი ადამიანებისკენ, ამბობს ნადალი.
ამგვარი მიკროაგრესიის ფორმაა, როცა, მაგალითად, ინგლისურ ენაში ადამიანები არ იყენებენ იმ გენდერულ ნაცვალსახელებს, რომლებთანაც ინდივიდები თვითიდენტიფიკაციას ახდენენ. აღნიშნული მიკროაგრესია სიტყვების მიღმა იმალება. ტრანსგენდერებისა და გენდერქვიარებისთვის არასწორი გენდერის მიკუთვნება მათთვის ერთგვარი შემახსენებელი ნიშანია იმის, რომ სამყარო მათ მიმართ მტრულადაა განწყობილი და ზოგი ადამიანი მათ არსებობასაც კი არ აღიარებს. მსგავსი მიკროაგრესიის თავიდან ასარიდებლად, შენ, უბრალოდ, უნდა ჰკითხო ადამიანებს, რომელი გენდერის აღმნიშვნელი სიტყვით სურთ, რომ მათ მიმართო. ეს ეხმარება ადამიანებს, გაიაზრონ, რომ გენდერი არაა ბინარული და გამოიჩინონ მეტი პატივისცემა და ემპათია.
ნადალი გვირჩევს, რომ სხვისი, განსაკუთრებით კი უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლების, გამოცდილებების მოსმენა ყველაზე კარგად დაგვეხმარება, გავუგოთ ადამიანებს და გავიაზროთ, რისი გადალახვა უწევთ მათ. "აუცილებელია, რომ წავიკითხოთ და მოვუსმინოთ ადამიანების ნაამბობს მათ გამოცდილებებზე", — ამბობს ის.
სამყარო, რომელიც სავსეა გენდერული მიკროაგრესიებით, არ უნდა აღიქმებოდეს ნორმად. იმისთვის, რომ ცხოვრება ყველასათვის უკეთესი გავხადოთ, კარგი იქნება, თუ რაიმეს თქმის ან გაკეთების წინ დავფიქრდებით, ამით ვინმეს ხომ არ ვაზარალებთ.
კომენტარები