"იმედს ვიტოვებ გამოსავალი მიღწეული იქნება", — აცხადებს ადამ კინზინგერი, შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე. საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას დაკავებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების შესახებ, კონგრესმენ კინზინგერს ამერიკის ხმის ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

ადამ კიზნინგერი საქართველოს მთავრობისადმი კონგრესიდან გაგზავნილი წერილის ავტორია, რომელშიც ის ქართულ ოცნებას პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებდა.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებით დავიწყებ. თქვენ შეხვდით საქართველოს ლიდერებს, რამდენიმე წერილი გაუგზავნეთ საქართველოს მთავრობას და მოუწოდებდით მათ პროგრესისკენ საარჩევნო რეფორმაზე, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნის შეწყვეტისკენ და ა.შ. თუმცა, ამ დრომდე ვერ ვხედავთ ნიშანს იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს თქვენს შეშფოთებას, რას იტყოდით ამაზე?

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა. ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი, ერთი კვირით ადრე სანამ [საარჩევნო სისტემის] რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა, მე ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა, ყველა მხარე ცდილობს გამოსავალზე მოლაპარაკებას. ეს ასე უნდა იყოს დემოკრატიაში ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარეზე გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ, მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს.

ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს.

ადამ კინზინგერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავდა, როცა ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა დააკავეს საქმეზე, რომელიც ბევრ კითხვებს აჩენს მის პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში, სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიკერძოებულობის თაობაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პროკურორი რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა მოგვიანებით თავად იყო მსაჯული ამ საქმეში. უგულავას დაკავების შემდეგ, ბევრმა შეერთებულ შტატებში და ევროპაში საქართველოს მთავრობას მოუწოდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის თაობაზე, როგორ შეაფასებდით მომხდარს და ამის შემდეგ მოლაპარაკებების მიმდინარეობას, რადგან მომხდარმა ხელი შეუშალა დიალოგის გაგრძელებას?

ძალიან შევშფოთდი, როცა ჩვენთან მოვიდა ხმები, რომ ეს მოხდებოდა. ჩემი პოზიცია ქართულ ოცნებას და ლიდერებს ძალზედ ნათლად გავაცანი, ვუთხარი, რომ ეს საშინელი და ძალიან ცუდი იქნებოდა. ქართველ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათი სასამართლო სისტემა, როგორც აქ შეერთებული შტატების, სამართლიანი და თავისუფალია და არაა პოლიტიკურად მიკერძოებული. ჩვენ ძალიან ვღელავთ, როცა ვხედავთ რომ ტელევიზიის მმართველებს, რომლებიც ოპოზიციისადმი სიმპათიით არიან განწყობილი, დევნიან, ან პოლიტიკურ ლიდერებს ხელახლა აკავებენ საქმეზე, რომელზეც უკვე მოიხადეს სასჯელი. მე მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას აქედან გამოსავალი იპოვოს, გამოიყენოს სასამართლო სისტემა, სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი ნაბიჯი ყველას გასაერთიანებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან. მმართველი დაოპოზიციური პარტიების ინტერესებშია იპოვონ გამოსავალი, და საარჩევნო ყუთამდე სწორად მივიდნენ. არსებული სიტუაცია დღეს საქართველოსთვის კარგი არაა, არავისთვის არაა კარგი, განსაკუთრებით მთავრობისთვის.

არსებული სიტუაცია დღეს საქართველოსთვის კარგი არაა, არავისთვის არაა კარგი, განსაკუთრებით მთავრობისთვის.

ადამ კინზინგერი

როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია?

ამ ეტაპზე საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა შემაშფოთებელ ეტაპზე ვართ. ოქტომბერში უფრო მეტი გვეცოდინება იმაზე, თუ რა მოხდება და უფრო მეტი გვეცოდინება, როცა ეს მოლაპარაკებები დასრულდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს მთავრობამ დადო სრული პროპორციული არჩევნების დაპირება 2020 წლის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა რომ კონსტიტუციურად 2024 წელსაა გარანტირებული. ამისკენ ნაბიჯის გადადგმა და ოპოზიციასთან კომპრომისი, მნიშვნელოვანი და საჭიროა. თუმცა, არშემდგარი სახელმწიფოსგან შორს ვართ. მაგრამ, შეშფოთება არსებობს. ქართველ ხალხს და ყველას, ვინც კი როლს თამაშობს, მთავრობის ლიდერები იქნება თუ ოპოზიცია, ნათლად უნდა ესმოდეს, თუ ეს წარუმატებლად დასრულდება და საქართველოს გრძელვადიანად უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის.

ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლისგან გვესმოდა, რომ კონგრესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა... რა ბერკეტები გაქვთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ პარტნიორების მოწოდებები გაითვალისწინოს?

თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება. შეერთებული შტატები ძალზედ განსხვავდება, მაგალითად საქართველოსგან, და აქ ძალაუფლება ერთ შტოში არ არის კონცენტრირებული. კონგრესს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ისევე როგორც პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რადგან ვნახე ეს შეფასებები ქართულ ადგილობრივ მედიაში. პრეზიდენტს და კონგრესს ერთი პოზიცია აქვს. ჩვენ ერთად ვმოქმედებთ. მე ახლახანს შეხვდი ჩვენს ელჩს საქართველოში და ჩვენ ყველა ერთ პოზიციაზე ვართ. მე ძალიან დიდი ნდობა მაქვს [ელჩის] მიმართ. ის შესანიშნავი იქნება და მასაც სურს პოლიტიკური გამოსავლის პოვნა.

მე მესმის როგორ მუშაობს შიდა პოლიტიკა აქ და ასევე გარკვეულწილად, საქართველოში. თუ გეტყვიან, რომ კონგრესი და პრეზიდენტი სხვადასხვა აზრზეა, ეს მცდარი იქნება. არც ისაა მართალი, რომ ჩვენ ინტერესი დავკარგეთ. ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ.

რაც შეეხება თქვენს შეხვედრას ელჩ დეგნანთან, ამ დრომდე კონგრესი ადმინისტრაციასთან შედარებით, უფრო ხმამაღლა გამოხატავს პოზიციას [საქართველოში მიმდინარე] მოვლენებზე, თქვენ ამბობთ, რომ ერთ აზრზე ხართ, ეს ნამდვილად ასეა?

ჩვენ ნამდვილად ერთ აზრზე ვართ. ადმინისტრაციისგან უფრო მეტ ნაბიჯს ვიხილავთ. თუმცა, გახსოვდეთ, ჩვენი საქმე, იქნება კონგრესი თუ ადმინისტრაცია, არაა ის, რომ [საქართველოს მთავრობას] ვუბრძანოთ ამ პრობლემის გადაწყვეტა ქართველი ხალხისთვის.

ჩვენი საქმე არაა საქართველოს მთავრობის ისეთად გადაქცევა როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვაჩვენოთ ქართველ ხალხს, მთავრობას და ოპოზიციას თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებების გვერდზე გადადება, უფრო დიდი მიზნისთვის, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური. თუ არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და თუ დემოკრატია მარცხს განიცდის, ეს არავის სარგებელს არ მოუტანს, რუსეთის გარდა. ჩვენი როლი გამოსავლის პოვნაა, და არა ისეთი გამოსავლისა, როგორიც ჩვენ გვინდა.

მე ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, როცა ის ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ გადაწვეტილება 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო, იყო შეთავაზება და დაპირება. ამ დრომდე ქართული ოცნება დათმობებზე არ წასულა. თქვენთან შეხვედრის დროს, მოგცეს დაპირება კომპრომისის, ან თუ ფიქრობთ, რომ მზად არიან ამისთვის?

მე ბევრჯერ ვისაუბრე ყველასთან. ვფიქრობ, ჩანს, რომ ნელნელა გამოსავალს ვუახლოვდებით. თუმცა, აქ ორი მთავარი რამაა. ერთი ისაა, თუ როგორი იქნება სისტემა, პროპორციული თუ არა? მე მჯერა, და ვფიქრობდი, რომ ეს იყო დაპირება რაც მთავრობამ გასცა ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა პარლამენტში ის არ გავიდა. ჩვენ შეიძლება ვიდაოთ, თუ რატომ ან როგორ, და სხვა საკითხებზე, თუმცა მთავარი გამოსავლის პოვნაა. უფრო დიდი საკითხი, რასაც ჩვენ ძალიან ახლოს ვაკვირდებით, ისაა თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორი იქნება სასამართლო სისტემა, შეეძლება თუ არა ხალხს, დაკავების შიშის გარეშე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიიღოს საარჩევნო შეჯიბრში მონაწილეობა.

თუ ვერ იხილავთ პროგრესს პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?

ვფიქრობ, ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ [შეერთებულ შტატებში] გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად.

წერილებს, რომელიც საქართველოში გააგზავნეთ და არა მარტო თქვენ, ასევე სენატში თქვენმა კოლეგამ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და სენატორმა ჯინშაჰინმა, მოჰყვა პასუხი ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან, პარლამენტის წევრებისგან, რომ კრიტიკის მიზეზი იყო არასწორი ინფორმაცია, რომელიც მოგაწოდეს. ზოგიერთმა [კრიტიკა] ოპოზიციის გავლენას დააბრალა. რას უპასუხებდით ამას?

ეს ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვესაუბროთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, როგორც ყველა სხვა ქვეყნის შემთხვევაში. თუმცა მე ოთხჯერ უფრო მეტჯერ ვხვდები მთავრობას და ვუსმენ მათ. უფრო მეტი მესმის მათგან, ვიდრე ოპოზიციისგან. საქმე არა ოპოზიციის მესიჯებში, არამედ ჩვენს შეშფოთებაშია. წერილით ჩვენ საქართველოს მთავრობას, და არა მარტო მათ, არამედ ქართველ ხალხსაც ვეუბნებით, რომ ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით. და თუ ჩვენთან პარტნიორობა გსურთ, რაც ჩვენ ძალიან გვინდა, საჭიროა გარკვეული პირობების და წესების შესრულება. და ეს ჩვენს ინტერესს აჩვენებს. ის რომ ოპოზიცია ლობირებს, საერთოდ არაფერ შუაშია. ჩვენ აქედან ვაკვირდებით შიგნით მიმდინარე პროცესებს და ჩვენი პერსპექტივიდან ვაფასებთ მას, და იკვეთება შემაშფოთებელი ვითარება.

კრიტიკის ამ ტალღის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გვესმოდა ხმები, რომ ამ კრიტიკამ შესაძლოა ანტიამერიკულ განწყობებს შეუწყოს ხელი, იზიარებთ ამ აზრს?

არ ვცხოვრობ საქართველოში და რთულია ჩემთვის ეფექტის შეფასება. თუ ასე ხდება, მაშინ ყველაფერი არასწორადაა აღქმული. ჩვენ რომ საქართველო არ გვაინტერესებდეს, ამ წერილებს არ დავწერდით. ბევრი სხვა რამაა, რაზეც შემიძლია ფოკუსირება. თუმცა, ეს აჩვენებს, რომ საქართველოში ამხელა პოტენციალს და შესანიშნავ მომავალს ვხედავთ, სწორედ ამიტომაა ეს მნიშვნელოვანი. რუსები ყველაფერს გამოიყენებენ, დარწმუნებული ვარ, და სავარაუდოდ საქართველოს შიგნით, სხვა ჯგუფებიც არიან რომლებიც ამის სათავისოდ გამოყენებას ეცდებიან. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოოდ, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ეს პოზიტიური ნიშანია, რადგან ეს აჩვენებს რომ ჩვენ მათ აღვიქვამთ, როგორც მოკავშირეებს.

თქვენს წერილში საუბარი იყო ასევე "ფეისბუქის" მიერ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ანგარიშების გაუქმების შესახებ. "ატლანტიკური საბჭოს" "ციფრული კვლევის ლაბორატორიამ" ეს გვერდები და ანგარიშები შეისწავლა და განაცხადა, რომ მათი ნაწილი ანტიამერიკულ განწყობებს ავრცელებდა. ამასთან, წერილში თქვენ საუბრობდით ანაკლიის პორტზე, რომელზეც [ანაკლიის განვითარების] კონსორციუმს კონტრაქტი გაუუქმეს. ანაკლიის პროექტის განხორციელებისკენ ასევე მოუწოდა სახელმწიფო მდივანმა [მაიკ] პომპეომ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფიქრობთ, რომ ამერიკული ინტერესები საქართველოში საფრთხის წინაშეა?

არ ვიცი რამდენადაა საფრთხის ქვეშ, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ. პორტზე ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ ის ძალზედ მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საქართველოსთვის. უბრალოდ, საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას უნდა შეავლო თვალი და დაინახავ, და ეს ქართველებმა ყველაზე კარგად იციან. საქართველოს გარდა, ტვირთის უმეტესობა ირანისა და რუსეთის გავლით გადის, და ჩვენ გვინდა, ეს როლი საქართველოს ჰქონდეს. ეს პორტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ამას ძალიან ხშირად ვიმეორებთ. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო პასუხები მივიღე ამ თემაზე. მაგრამ მთავრობამ მომცა გარანტია, რომ ისინი გააგრძელებენ დასავლელი პარტნიორების ძიებას და იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლეა.

რაც შეეხება ფეისბუქს, ეს ძალზედ შემაშფოთებელია. საშინაო პოლიტიკა ხშირად შეიძლება დამაბნეველი იყოს და რთულია იმის ინტერპრეტირება, თუ როგორ იქცევიან ქვეყნები საერთაშორისო არენაზე მათი შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით. თუმცა, ეს ცუდის მანიშნებელია. და კარგია, რომ [ფეისბუქმა] ეს ანგარიშები გააუქმა.

რაც შეეხება შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობას და ვაშინგტონის ინტერესებს საქართველოში... სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა საქართველოში კიბერ-შეტევის შესახებ და ბრალი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოს დასდო. რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს საქართველოს დასახმარებლად, რუსული საფრთხის წინააღმდეგ?

ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შესანიშნავი სამხედრო თანამშრომლობა გვაქვს. არასდროს გვავიწყდება, რომ საქართველო კვლავ ჩართულია ავღანეთში და ერთ სულმოსახლეზე ყველაზე უფრო მეტი კონტრიბუცია აქვს, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანას. ჩვენ ერთმანეთს ვწვრთნით.

რაც შეეხება კიბერ-საფრთხეს, კიბერ-თავდაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, კიბერ და დეზინფორმაციის კუთხით, ხალხმა იცოდეს რომ არსებობს დეზინფორმაციის საფრთხე. თუ ნახავთ ამბავს, რომელიც სრულიად დაუჯერებელია, ეს ალბათ ასეცაა და ალბათ შეხედულებების შეცვლის და მანიპულაციის მცდელობის ნაწილია. ისინი [რუსები] ასე იქცეოდნენ ცივი ომის დროს, და ახლა უკვე ინტერნეტი აქვთ. ბევრი რამაა, რასაც ახლა საქართველოსთან ერთად ვახორციელებთ, და ეს გაგრძელდება.