საქართველოში ფსიქოლოგის პროფესია რეგულირებული არ არის. არ არსებობს ერთიანი მექანიზმი, რომელიც ფსიქოლოგად მუშაობისათვის საჭირო კომპეტენციებსა და სტანდარტებს განსაზღვრავს. საკითხი განსაკუთრებით მწვავეა, როცა საქმე კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას ეხება.

სფეროს მდგომარეობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განათლების ახალი რეფორმაც: ფსიქოლოგიის პროგრამების განხორციელების უფლება სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან მხოლოდ ერთ მათგანს ექნება თითო ქალაქში; გარდა ამისა, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა 3-წლიანი გახდება (240-იდან 180 კრედიტამდე შემცირდება). თავდაპირველად დაანონსდა სამაგისტრო პროგრამების კრედიტების განახევრებაც, თუმცა 25 მარტს შევიტყვეთ, რომ ისინი კვლავ 2-წლიანი (120 კრედიტი) დარჩება.

და მაინც, რამდენად საკმარისი იქნება ჯამში 300 კრედიტი კვალიფიციური ფსიქოლოგის მოსამზადებლად? რამდენად გაუთანაბრდება ქართული ფსიქოლოგიური განათლება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს? რა დამატებითი კომპონენტია საჭირო ამ პრობლემის მოსაგვარებლად და როგორ ცდილობენ სფეროს რეგულირებას თავად ფსიქოლოგები?

ამ და სხვა თემებზე NEXT.On.ge-სთან ნათია სორდიამ, საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ისაუბრა.