სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავა და 2 სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს პრიზმამ გაიმარჯვა და 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. მათი თქმით, მშენებლობის დროს, შპს პრიზმას დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების დახმარებით, დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა. მათივე თქმით, შპს პრიზმას დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია შპს აუდიტ-ფრევეგის ექსპერტმა, რომელმაც არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ შპს მშენტექზედამხედველის დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს პრიზმას ინჟინერმა, რომელიც საანგარიშგო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების საქმეებზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულთაგან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს მშენტექზედამხედველის დირექტორი და შპს პრიზმას ინჟინერი.