ევროკავშირთან ასოცირების საპარლამენტო საბჭოს თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ერთობლივი რეზოლუციის ჩავარდნით იმედგაცრუებულია. მისი თქმით, ქართული დელეგაციისგან კონსტურქციული თანამშრომლობის სურვილი ვერ დაინახა.

კალიურანდი განმარტავს, რომ ევროპარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდება. მისი ინტერვიუს თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.

"მე როგორც ხელმძღვანელი, ვერიდებოდი შიდა პოლიტიკური დებატების გაგრძელებას... ევროპარლამენტი ის ადგილია, სადაც ვუსმენთ ორივე მხარეს და ვეძებთ კონკრეტულ გზებს. დღეს ვერ დავინახე საკმარისი სურვილი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის", — განაცხადა მან.

გარდა ამისა, კალიურანდი ამბობს, რომ შიდა პოლიტიკური პროცესები დეკლარაციაშიც მრავლად იყო ასახული.

"ის უნდა იყოს ისეთი შინაარსის დოკუმენტი, რომელსაც გარკვეული მიზანი ექნება. სამწუხაროდ, ზოგიერთ შესწორება, რომელიც მივიღეთ არ იყო კონსტრუქციული.

როცა ნახავთ ჩასწორებების სიას, ბევრი პოლიტიკური განცხადებაა მასში, რომელიც არ ეკუთვნის ევროპარლამენტს", — აცხადებს ის.

კალიურანდის თქმით, იმედგაცრუება არ ნიშანვს, რომ არ გააგრძელებენ თანამშრომლობას ან შეწყვეტენ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე.

დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება. დეპუტატის განმარტებით, ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ ტექსტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მათ ცვლილებების პროექტი მოამზადეს.

ქართული ოცნების დეპუტატი, ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდი შედეგია.

"მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალისხმევა, რასაც ოპოზიცია ხარჯავს, ქვეყნის უარყოფით ნაწილზე და ქვეყნის გაშავებაზე, ის რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართოს, ბევრად უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, ის პროცესები, რასაც თვითონ აკეთებენ, სასირცხვილოა, ეს არის ძალინ ცუდი შედეგი", — აცხადებს დავით სონღულაშვილი.