ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, ლუქსემბურგში წარსადგენი საიმიჯო ვიდეოს დამზადებაში 50 ათასი ლარი დაიხარჯება. ვიდეორგოლის ჩვენება პირველიდან სამი აპრილის ჩათვლით იგეგმება.

"ორგანიზატორების სურვილია ღონისძიებაზე სათანადოდ წარმოჩნდეს ქ. ქუთაისი, როგორც 2021 წელს, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმის მასპინძელი ქალაქი. დაგეგმილი ღონისძიების თარიღის გათვალისწინებით, საჭიროა შემჭიდროებულ ვადებში მაღალი ხარისხის ვიდეო კლიპის დამზადება, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისის ცნობადობას, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას, მნიშვნელოვნად დაეხმარება იმერეთის რეგიონს კულტურული და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში", — აღნიშნავენ ქუთაისის მერიაში.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებისთვის საიმიჯო ვიდეორგოლს ამზადებს თბილისის მერია. უწყება 120 ათას ლარს დახარჯავს.