1911 წელს ლუვრი ერთი კვირით დაიკეტა: საგამოფენო დარბაზიდან ცნობილი იტალიელი ხელოვანის, ლეონარდო და ვინჩის შედევრი — მონა ლიზა დაიკარგა. მალე სწორედ ამ გახმაურებული ისტორიის შესახებ ფილმს ვიხილავთ და მას ჯოდი ფოსტერი გადაიღებს.

ფილმს ამერიკელი მწერლის, სეიმურ რაიტის 1981 წელს გამოქვეყნებული წიგნის The day they stole the Mona Lisa მიხედვით იღებენ, რომელიც ნამდვილ ფაქტებს ეფუძნება: მონა ლიზა ლუვრის თანამშრომელმა, ვინჩენცო პერუჯამ მოიპარა, რადგან ფიქრობდა, რომ ნახატი ავტორის სამშობლოში, იტალიაში უნდა დაბრუნებულიყო.

პერუჯა ამ მსოფლიო შედევრს ორი წლის განმავლობაში მალავდა თავის სახლში, თუმცა, როცა უფიცის მუზეუმის დირექტორისთვის მის მიყიდვას ცდილობდა, სწორედ მაშინ დაიჭირეს. მონა ლიზა ლუვრს 1914 წელს დაუბრუნდა და ამ ნახატის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მთელ მსოფლიოში სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაიზარდა.

მონა ლიზას დაბრუნება ლუვრში 1914 წელს.

ფოტო: Roger Violet / Getty Images

ჯოდი ფოსტერს მაყურებლების დიდი ნაწილი, როგორც მსახიობს, ისე იცნობენ: მის როლებს შორის განსაკუთრებით ცნობილია კრავთა დუმილში მის მიერ განსახიერებული FBI-ს აგენტი, კლარის სტერლინგი.

ამავდროულად ფოსტერი საკმაოდ წარმატებული რეჟისორიცაა: მას გადაღებული აქვს ფილმები The Beaver (2011) და Money Monster (2016) და ამასთანავე ისეთი ცნობილი სერიალების რამდენიმე ეპიზოდი, როგორებიცაა Black Mirror და Orange Is the New Black.

მომავალი ფილმის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ისტორიას, რის შესახებაც ფილმი იქნება და მასზე მომუშავე რეჟისორის გამოცდილებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინ საინტერესო სანახაობა გველოდება.