ფეხბურთი არ არის მხოლოდ კაცებისთვის
დღეს საქართველოში თუ ქალი იტყვის, რომ პროფესიით ფეხბურთელია, ამას უმეტესობა ან ხუმრობად ჩაუთვლის, ან გაოცდება მაინც, რადგან ცოტამ თუ იცის საქართველოში პროფესიონალური ქალთა ფეხბურთის არსებობის შესახებ. უმეტეს შემთხვევაში, ამის შესახებ იმ გოგოებმაც კი არ იციან, ვისაც ფეხბურთის თამაში სურს.
და თუ ვინმეს სმენია ქართული ქალთა ფეხბურთის შესახებ, როგორც წესი, პირველი, რაც ახსენდებათ, დიდი ანგარიშით წაგების შემთხვევებია ხოლმე. უკანასკნელად ეს 2019 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში დანიის ნაკრებთან თამაშისას მოხდა, როცა საბოლოო ანგარიშად 14-0 დაფიქსირდა. მსგავსი ანგარიშები დაცინვის საბაბი ხდება ხოლმე, თუმცა წაგებათა მიზეზი არა მოედანზე, არამედ კულისებში უნდა ვეძიოთ.
როგორ გგონიათ, მარტივია საქართველოს ნაკრებისთვის, ღირსეული მეტოქეობა გაუწიოს დანიის ნაკრებს, რომლის ფეხბურთელებიც ისეთ კლუბებში თამაშობენ, როგორებიცაა: პარი სენ-ჟერმენი, არსენალი ან იუვენტუსი? მეტიც, 2017 წლის მონაცემებით, დანიაში 60 ათასზე მეტი რეგისტრირებული ქალი ფეხბურთელია; მაშინ, როდესაც საქართველოში ეს რიცხვი, 2019 წლის მონაცემებით, 400-ზე ნაკლებია.
დღეისათვის FIFA-ს რეიტინგში დანიის ქალთა საფეხბურთო ნაკრები მეათე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს სპორტული წარმატების ხანგრძლივი ისტორია აქვს, დანიელმა ქალმა ფეხბურთელებმა ერთობ რთული და ხანგრძილივი გზა განვლეს, რომ ისეთი აღიარება და მხარდაჭერა მოეპოვებინათ, როგორიც ახლა აქვთ. მაგალითად, 1971 წელს მექსიკაში გამართული არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული სწორედ დანიის ქალთა ნაკრები გახდა, თუმცა იმ დროს არცერთი დანიელი ჟურნალისტი არ დაინტერესებულა ამ ამბით, არ წასულა მექსიკაში და მათი წარმატება არ გაუშუქებია.
ეჭვგარეშეა, დანიის ქალების ფეხბურთს მდიდარი წარსული აქვს, ქართული ქალთა ფეხბურთი კი ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს და უამრავი პრობლემის წინაშე დგას. ის სირთულეები, რაც დანიურმა ქალთა ფეხბურთმა განვლო, ქართველებს წინ ელით. თუმცა რადგან მსოფლიო მასშტაბით სპორტის ამ სახეობაში ქალთა ჩართულობის მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გაუმჯობესებულია, ეს იმის წინაპირობას იძლევა, რომ ჩვენთან პროგრესი მეტად დასწრაფებულად შეიძლება წარიმართოს.
მსოფლიოში ზოგადი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი რომ შეცვლილია, ერთი მაგალითის გახსენებითაც თვალნათელი ხდება: ზემოთხსენებულ ტურნირზე მექსიკაში, როდესაც ქალები თამაშობდნენ, მოედანზე ვარდისფერი კარები იდგა, აცტეკას სტადიონის გარშემო კი სილამაზის სალონები იყო მოწყობილი. ჩემპიონატის ორგანიზატორების მსგავს გადაწყვეტილებათა უკან ის ლოგიკა იდგა, რომ ამ გზით მეტ ქალ გულშემატკივარს მოიზიდავდნენ. ამასთან, ზოგიერთი გუნდის ფეხბურთელები იძულებულნი იყვნენ, ჩვეულებრივი საფეხბურთო ფორმის ნაცვლად, გამომწვევი შორტები ჩაეცვათ.
ეს ის სტერეოტიპებია, რომლებიც ქალთა ფეხბურთს სულ თან სდევს და რომლის მიხედვითაც, ფეხბურთი მხოლოდ კაცების საქმე იმიტომაა, რომ ქალი ფემინური უნდა იყოს. თუმცა ქალურობას, — რაც, თავისთავად, სოციალური კონსტრუქტია და მისი მახასიათებლები დროისა და კულტურის მიხედვით მუდამ იცვლება, — ფეხბურთის კარგად თამაშთან კავშირი არ აქვს. სინამდვილეში, ეს საზოგადოების მიერ დამკვიდრებული მორიგი სტერეოტიპია, რომელიც მოჯადოებულ წრეს ქმნის და სფეროს განვითარებას აფერხებს.
ჩვენთან პატარა გოგოებისთვის ფეხბურთი ქართულ ცეკვებს არ ჰგავს, სადაც მშობლებს ხშირ შემთხვევაში ძალით შეჰყვათ ხოლმე ისინი. ფეხბურთს ყველა სიყვარულით თამაშობს, რადგან მათ ამის გასაკეთებლად ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ — იქნება ეს ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან წამოსული წინააღმდეგობა, სტერეოტიპები, დაფინანსების არქონა თუ კარიერული წინსვლის დაბალი შანსები.
რთულია, რაიმე წამოწყებას ბოლომდე მიჰყვე, როდესაც იცი, რომ ამ სფეროში კარიერულად ვერ განვითარდები. საქართველოში, საკმარისი დაფინანსების არქონის პირობებში, თითქმის შეუძლებელია, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიო. შენ თამაშობ მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხბურთი გიყვარს, რადგან ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების ნაწილი ან საერთოდ არ უხდის ხელფასს თავიანთ ფეხბურთელებს, ან — ძალიან ცოტას უხდის. შედეგად, ხშირად ფეხბურთელებს პარალელურად სხვა სამსახურში მუშაობა უწევთ. სწორედ ამიტომ ქართველი ქალი ფეხბურთელებიდან უმეტესობა თინეიჯერია და ასაკის მატებასთან ერთად ძალიან ცოტა გოგო თუ აგრძელებს ამ მიმართულებით კარიერას.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ წარმატების მიღწევა რთულია, შეუძლებელი მაინც არ არის. ქართველებსაც გვყავს წარმატებული ქალი ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერულ წინსვლას მიაღწიეს. ამის მაგალითებია ტატიანა მატვეევა, რომელიც თურქულ კონაკ ბელედისპორში თამაშობს და გულნარა გაბელია, რომელიც ყაზახურ ბიკ კაზიგურტში ასპარეზობს.
თავის მოტყუება იქნება, რომ ვთქვათ, ქალთა ფეხბურთის მიმართ დაინტერესება არ არისო. 2016 წელს, როდესაც პირველად ჩატარდა ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, მასში მხოლოდ ექვსი გუნდი იღებდა მონაწილეობას. დღეს გუნდების რაოდენობა გაორმაგებულია და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ეროვნული ჩემპიონატის 2018 წლის გამარჯვებული, ნიკე, პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია.
დაინტერესება არის არა მხოლოდ პროფესიონალურ დონეზე, არამედ — სამოყვარულოზეც. 2019 წელს პირველად ჩატარდა ქალთა სამოყვარულო ჩემპიონატი — მასტერლიგა, რომლის გამარჯვებულიც ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის გუნდი გახდა. დიდი გამოხმაურების გამო მსგავსი ტურნირის ჩატარება წელსაც იგეგმება.
მართალია, ქართულ, და არა მხოლოდ ქართულ, ქალთა ფეხბურთს გაცილებით ცოტა მაყურებელი ჰყავს, ვიდრე — კაცებისას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაფინანსებაც მაყურებელთა პირდაპირპროპორციული უნდა იყოს. ინფრასტრუქტურა თუ არ განვითარდა, ქართული ქალთა ფეხბურთი სამუდამოდ იმ ადგილას გაიყინება, რომელზეც ახლაა. საფუძველი ჩაყრილია — პირველი ნაბიჯები გადადგმული. რაც ასევე მნიშვნელოვანია, უკვე გვაქვს სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც თუ გონივრულად გამოვიყენებთ, მეტი შანსია, პროცესები სწორად წარიმართოს და ქალთა ფეხბურთიც უფრო სწრაფად განვითარდეს.
კომენტარები