"ვეტმომ დაამტკიცა, რომ სიცოცხლე დემნას შემდეგაც არსებობს" — წერს Highsnobiety პარიზში გამართულ ჩვენებაზე, რომელზეც ფრანგულმა ბრენდმა 2020 წლის შემოდგომის კოლექცია წარადგინა.

ეს პირველი კოლექციაა, რომელიც ვეტმომ საზოგადოებას წარუდგინა დიზაინერისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, დემნა გვასალიას წასვლის შემდეგ. ბრენდში გენერალურ დირექტორად რჩება მისი ძმა, გურამ გვასალია, თუმცა უცნობია, ვინაა ვეტმოს დიზაინერი.

ჩვენება სიბნელეში გაიხსნა, რაც სულაც არ იყო დემნასთან გამოსამშვიდობებელი ჟესტი — გურამ გვასალიას სურს რომ გარემო ნახშიროჟანგით ნაკლებად დააბინძუროს.

"შოუების უმრავლესობა გარემოსთვის არასასარგებლოა. მინდა, რომ ამ სისულელისგან გავთავისუფლდე და მსოფლიოში ყველაზე ეკო-მეგობრული შოუ მქონდეს — ვისხდეთ გრძელ სკამებზე, მინიმალური განათებითა და მინიმალური გრიმით", — ამბობს გურამ გვასალია Vogue-თან.

გურამი აღნიშნავს, რომ მოდის ბიზნესში, "როგორღაც მოხდა და ტანსაცმელს ნაკლები ყურადღება ეთმობა". თუმცა, რა იპყრობს ჩვენს ყურადღებას ვეტმოს სამოსზე?

ორიგინალურ დიზაინთან ერთად ის წარწერები, რომლების მიღმაც შინაარსი შეგვიძლია ვეძებოთ.

მაგალითად, ცენზურა ვეტმოს ახალ კოლექციაშიც იკავებს საპატიო ადგილს. გვასალიას ბრენდის ახალ კოლექციაში შეხვდებით მოტივაციურ ფრაზასაც — "არ დანებდე ბრძოლის გარეშე" — და ენამოსწრებულ, თავხედურ ან უფრო "კაიტიპურს" — "მიყვარს, როდესაც ბიჭებს ვატირებ".

გახსოვთ ცნობილი Love is... კომიქსები, რომლებიც ყველგან გვხვდებოდა ბავშვობაში, ყველაზე ხშირად კი საღეჭი რეზინების შეფუთვაზე? ამჯერად ის უკვე ვეტმოს მაისურზე შეგხვდებათ. თავად კომიქსის გმირებს ვეება ასოებით, U და S გაფორმებული ზედები აცვიათ, რაც იკითხება, როგორც "ჩვენ", ქვემოთ კი ვეტმოს ლოგოს ვხედავთ. ასე რომ სიყვარული ან მარტივად "ჩვენ ვართ", ან სიყვარული Vetements-ია.

არ გამოგრჩეთ გრძელი ტყავის ჩექმები და ინსტაგრამის ინფლუენსერების საყვარელი წარწერა: "კარგ ადამიანად ყოფნა 0 ცენტი ღირს".

"გვასალია პრეზიდენტად", — წერია კეპზე. ალბათ გახსოვთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კეპი, ტრამპის მხარდამჭერი წარწერით "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული" კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრიბუტი იყო. მაისურზე კი გადაღების ამკრძალავ ნიშანთან ერთად ვკითხულობთ: "არავითარი სოციალური მედია, თუ შეიძლება". ქალის კაბაზე კი უამრავ წარწერასთან ერთად იკითხება "არასოდეს დანებდე".

გვასალიამ პოდიუმზე ცნობილი ადამიანების ორეულებიც გამოიყვანა: "მსურდა ნამდვილი ნაომი კემპბელი მყოლოდა, თუმცა ჩვენნაირი ახალგაზრდა ბრენდისთვის მისი ფასი მიუწვდომელია".

კეიტ მოსი, შერონ სთოუნი და სნუპ დოგი

ანჯელინა ჯოლი, მაიკ ტაისონი და ნაომი კემპბელი

კოლექციის დანარჩენი ნაწილიც მარტივად მიგვანიშნებს ერთ რამეზე — ვეტმო დემნას გარეშე სიცოცხლეს განაგრძობს.

უფრო მეტიც, იმ საპროტესტო მუხტის შენარჩუნებით, რომელიც ბრენდს ჩვენთვის ყოველთვის ნაცნობსა და ახლობელს ხდიდა, ვეტმოს კულისებში მყოფი ხელოვანები გვაგრძნობინებენ, რომ დემნას წასვლით მთავარი არ შეცვლილა — მოდის ინდუსტრიაში ცვლილებები და რევოლუცია Vetements-ის სახით გრძელდება.

კოლექცია სრულად: