ბევრმა ალბათ არ იცის, რომ დინოზავრები რეალურად არ გადაშენებულან. დღეს, ჩვენ გარშემო უამრავი დინოზავრი ცხოვრობს, რომლებსაც ფორმალურად ფრინველებს ან ჩიტებს ვეძახით. დინოზავრები ჩიტების პირდაპირი წინაპრები არიან. ამაზე უამრავი რამ მეტყველებს, მაგალითად, ძალიან მჭიდრო გენეტიკური კავშირი, პირდაპირი ევოლუციური ხაზი, ძვლების და ემბრიონული განვითარების მსგავსებები.

ფოტო: iStock

როცა თქვენ ქათმის ხორცს ან საცივს მიირთმევთ, გახსოვდეთ რომ რეალურად დინოზავრს ჭამთ. ის რაც თქვენ თეფშზე ასე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, ოდესღაც ყველაზე საშიში არსება იყო დედამიწაზე.

რადგან დინოზავრების ჭამა ისედაც ხშირი პრაქტიკაა, ალბათ საინტერესოა, რა გემო ექნებოდა ადრეული დინოზავრის ხორცს. ამ კითხვით VICE-ის ჟურნალისტებმა იელის უნივერსიტეტის მკვლევარს, ბჰარტ-ანჯან ბულარს მიმართეს.

კითხვაზე პასუხის გაცემამდე, ბულარის თქმით, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ძუძუმწოვრების ხორცის გემო მნიშვნელოვნად განსხვავდება ხმელეთზე მობინადრე დანარჩენი არსებების ხორცის გემოსგან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

ველოცირაპტორი

ველოცირაპტორი

ფოტო: Mathieu Flaig

ხორცის გემოს, რაციონის გარდა, მნიშვნელოვნად განაპირობებს ცხოველის ცხოვრების სტილი. მაგალითისთვის, ფრინველებისა და ქვეწარმავლების მოძრაობები უეცარია და მცირე დროის განმავლობაში გრძელდება. ქვეწარმავლები უმოძრაოდ ყოფნაში დიდ დროს ატარებენ, რათა საკმარისი ენერგია მოიმარაგონ სწრაფი თავდასხმისთვის ან გაქცევისთვის. იგივენაირად, ფრინველები ენერგიას მაქსიმალურად ხარჯავენ აფრენის დროს, ან გაქცევისას. ბულარის მტკიცებით, ფრინველის და რეპტილიის ხორცი ამ კუთხით ერთმანეთს წააგავს, თუმცა აქაც არის მნიშვნელოვანი განსხვავებები. ხორცისმჭამელი და ბალახისმჭამელი ცხოველების ხორცის გემო განსხვავებულია. ბევრის თქმით, ხორცისმჭამელი ფრინველის გემო არც ისე სასიამოვნოა. იგივე შეიძლება ითქვას ქვეწარმავლებზეც. ერთადერთი ქვეწარმავალი, რომელსაც ადამიანები ასე თუ ისე მიირთმევენ, არის ნიანგის ხორცი, რომელიც ბულარის მტკიცებით საშინლად ცხიმიანი და არც ისე გემრიელია.

ბრაქიოზავრი

ბრაქიოზავრი

ფოტო: Levi bernardo

ამგვარად, ბულარის მტკიცებით, იმის მიხედვით თუ რა პერიოდის დინოზავრის ხორცს მიირთმევთ, გემო განსხვავებული იქნება, რადგან პერიოდების მიხედვით დინოზავრების დიეტა და ცხოვრების სტილი განსხვავდებოდა. ბულარის თქმით, დინოზავრებს, რომლებიც დღევანდელობასთან უფრო ახლოს არიან და უფრო მეტად ენათესავებიან ჩიტებს, მაგალითად, ველოცერაპტორს, ფრინველის ხორცის მსგავსი გემო ექნებოდათ. უფრო ადრეული დინოზავრების, მაგალითად, ტირანოზავრის ხორცის გემო მეტნაკლებად ნიანგის და ფრინველის გემოს ნაზავი იქნებოდა.

როდესაც ბულარს კითხეს თვითონ რომელ დინოზავრს გასინჯავდა, მან ბრაქიოზავრი აარჩია – ერთ-ერთი ყველაზე დიდი დინოზავრი, რომელიც აღმოჩენილია. მე, პირადად, გალიმიმუსის ხორცს გავსინჯავდი. გალიმიმუსი საკმაოდ ახლოსაა დღევანდელ სირაქლემასთან, რომელსაც ძალიან უცხიმო ხორცი აქვს.

გალიმიმუსი

გალიმიმუსი

ფოტო: Dorling Kindersley

ასეა თუ ისე, რაოდენ გემრიელიც არ უნდა იყოს დინოზავრის ხორცი, გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობისთვის, ცოტა ადგილი ბოსტნეულისთვისაც უნდა დაიტოვოთ.