2019 წლის 10 მთავარი კადრი საქართველოდან
2019 წელი დასაწყისიდან დასასრულამდე კრიზისული გამოდგა, როგორც პოლიტიკურად, ისე სოციალურ-ეკონომიკურად. ამ წელს მომხდარი არაერთი მოულოდნელი მოვლენა ხელისუფლებას გუნდისა და ნდობის რღვევის ფასად დაუჯდა.
ამასთან, მსოფლიოს თვალში საქართველო წარმოჩინდა, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა, სადაც "სრულად მიუკერძოებელი მოსამართლეები ვერ აარჩიეს" და ლგბტ თემს თავისუფლად ღონიძიების გამართვის შესაძლებლობა არ აქვს.
2019 წელს შემორჩა 10 მთავარი კადრი, რომელთა ნახევარი პროტესტს გამოსახავს:
განახლება: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ ე.წ. საზღვრის არაღიარებისთვის თითქმის ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თავისუფალია. გაფრინდაშვილი ოკუპირებულ რეგიონში პაციენტის დასახმარებლად წავიდა, დაკავების შემდეგ კი არ აღიარა, რომ საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი მავთულხლართებზე გადის. იგი უკვე თბილისში, ოჯახთან ერთადაა.
საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში მოკალათებული რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი უძღვება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას. იგი ცნობილია იმით, რომ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. [20 ივნისი, 2019 წელი]
გავრილოვის ღამის აქციის მოანაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, თეატრის წინ გადაინაცვლეს მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა პარლამენტის წინ ტერიტორია გაათავისუფლა. ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით, გაუფრთხილებლად დაშალეს აქცია. [21 ივნისი, 2019 წელი]
ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პროცესი იყო უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტება. ამ პროცესს პარლამენტში არაერთი მოწინააღმდეგე დეპუტატი ჰყავდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლეების საკითხზე დაწყებული კამათისას ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი ეკა ბესელია ფიზიკურად შეეხო უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს. მანამდე იყო ზარდიაშვილის რეპლიკა: "ბესელიას მორალი". [26 სექტემბერი, 2019 წელი]
წინააღმდეგობებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ 14 მოსამართლე დანიშნა. მათ შორის, უვადო მოსამართლედ დაინიშნა გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, გიორგი მიქაუტაძე. ისინი სულ 20 კაციანი სიიდან იყვნენ შერჩეული. [12 დეკემბერი, 2019 წელი]
მოსამართლეების გარდა პროტესტის კიდევ ერთი საფუძველი გახდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩაგდება. პარლამენტის შესასვლელთან 2020 წელს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. მანამდე, აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას აპირებდნენ, რათა დეპუტატები ვერ შესულიყვნენ და ვერ ჩაეტარებინათ ბიუროს სხდომა. მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლით შესასვლელები გაათავისუფლა, დეპუტატები შენობაში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს. [18 ნოემბერი, 2019 წელი]
2020 წელს პროპორციული არჩევნების დანაპირების არშესრულებამ ერთმანეთს დაპირისპირებული ოპოზიციონერები გააერთიანა. ფოტოზე ჩანს, რომ ხელჩაკიდებულები ოპოზიციონერები მიემართებიან რუსთაველის გამზირზე, რათა პარლამენტის წინ მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. [17 ნოემბერი, 2019 წელი]
ლგბტ თემის თამამად, საჯარო სივრცეში გამოსვლა 2019 წელსაც პრობლემა იყო. საქართველოში პირველი ლგბტ ღირსების მარში უსაფრთხოების ნორმების არარსებობის მიუხედავად, განსხვავებული ფორმატით, თუმცა ბოლოს მაინც გაიმართა შსს-ს შენობის წინ. ლგბტ თემის წევრებმა საკუთარი სათქმელი მაინც თქვეს, ხმამაღლა, თამამად, პოლიციის კორდონისა და ყვითელი ავტობუსების გარეშე, გააპროტესტეს, მოითხოვეს და არ დათმეს საჯარო სივრცე. [8 ივლისი, 2019 წელი]
ლგბტ თემს კინოთეატრებთანაც ებრძოდნენ. თბილისსა და ბათუმში ფილმის, And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად ჰომოფობიური ჯგუფების აქციები გაიმართა. პოლიციისა და სპეცრაზმის კორდონს მიღმა, ჰომოფობების მუქარის ფონზე ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და არცერთი სეანსი არ ჩაშლილა. [8 ნოემბერი, 2019 წელი]
წლის დასაწყისში დიდ დიღომში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ფოტოზე ჩანს კადრი, სადაც ერთ-ერთი კორპუსის ბინაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვს ადგილზე მყოფი ექიმი გულის ცემას უსინჯავს. ოთხ გარდაცვლილს შორისაა ფოტოზე გამოსახული მცირეწლოვნის ტყუპისცალი. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა. საქმეზე ყაზტრანსგაზის ორი თანამშრომელი დააკავეს. [16 იანვარი, 2019 წელი]
წლის განმავლობაში გამართული არაერთი საპროტესტო აქციის, თუ პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მცირე ან ირიბი შეფასებებით შემოიფარგლებოდა-ხოლმე. აქციების პარალელურად სალობიეში სტუმრობამდე, მან ლოპოტაზე დაისვენა და ამაზონის ტყის ხანძრებზე თქვა, რომ "საქართველოს გული იწვის".
ფოტოზე ჩანს, როგორ გაიარა პრეზიდენტმა ჯვრით ხელში "წმინდა ნინოს გზა". მან სხვა მომლოცველებთან ერთად ფოკადან მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. [პირველი ივნისი, 2019 წელი]
კომენტარები