ყვავებში პესიმიზმი გადამდებია — კვლევა
Proceeding of the National Academy of Science-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყვავებში ცუდი ხასიათი და ნეგატიური ემოციები გადამდებია. ექსპერიმენტის მიხედვით, როდესაც ყვავი ხედავს სხვა ყვავის პასუხს არასასურველ საჭმელზე, ის თვითონაც კარგავს ინტერესს საკუთარი (განსხვავებული) საკვებისადმი.
უტიკას პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის პროფესორის, ენდრიუ გალაპის თქმით, ცნობილია რომ "ყვავებს პრობლემების გადაჭრა კარგად ეხერხებათ, ეს კვლევა კი მათ სოციალურ ინტელექტსაც აჩვენებს".
"ეს ექსპერიმენტი ყვავის გონებრივი უნარების უკეთეს სურათს ხატავს", — ამბობს გალაპი.
ყვავები, რომლებიც ცნობილები არიან თავიანთი ინტელექტის გამო, როგორც ჩანს, ავლენენ ემპათიას და სხვა ემოციებსაც, რომლებიც ადამიანებში ასე გავრცელებულია. თუმცა ცხოველების განწყობის გაზომვა რთულია. ცხოველებს ხშირად ახასიათებთ მიმიკრია, ანუ სხვა ცხოველის ან იგივე სახეობის წარმომადგენელის მოქმედებების უბრალო გამეორება, რაც რეალური "ემოციისგან" განსხვავებულია.
იმისთვის, რომ განესაზღვრათ რამდენად "რეალურია" ყვავების ემოციები, მეცნიერებმა ჩაატარეს ისეთი ექსპერიმენტები, სადაც სტიმული, ანუ ის, რაზეც ეს ფრინველები რეაგირებენ, ნეიტრალური იყო, თუმცა მათი რეაქციები ნეიტრალური არ აღმოჩნდა. ეს ეგრედწოდებული ცნობიერი მიკერძოებულობის (ინგ. Cognitive bias) ტესტია, რომელიც ტარდება სხვადასხვა ცხოველზე, დაწყებული ფუტკრებით, დამთავრებული ღორებით.
"ტესტი კითხვასავითაა, ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი", — ამბობს თომას ბუგნიარი, კოგნიტური ეთოლოგი ვენის უნივერსიტეტში.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში საერთო ჯამში 8 ყვავი შეამოწმეს, რომლებსაც წყვილებად მისცეს 2 ყუთი, ერთში არაფერი იყო, მეორეში კი ყველი. მას შემდეგ, რაც ყვავები გაერკვნენ რომელში რა იყო, მეცნიერებმა შემოიტანეს მესამე ყუთი, რომლის შესახებაც ყვავებმა არ იცოდნენ. იმის მიხედვით, აირჩევდნენ თუ არა ყვავები ამ ყუთს, განისაზღვრა, ფრინველები ოპტიმისტურად უყურებდნენ ახალ გარემოს თუ პესიმისტურად — თუ ყვავმა ჩათვალა, რომ მესამე ყუთში საჭმელია, ამ შემთხვევაში ის ყუთთან გადაფრინდებოდა, თუ არა, ესე იგი გადაწყვიტა, რომ ის ცარიელია.
მეორე ექსპერიმენტში ყვავების ერთ წყვილს მისცეს ყუთი უმი სტაფილოთი (რომელიც უგემურია), ხოლო მეორე წყვილს ძაღლის გემრიელი საჭმელი (რომელიც ყვავებს ძალიან უყვართ). ამ ორივე წყვილს აკვირდებოდა ყვავების სხვა წყვილი, რომლებიც ვერ ხედავდნენ, რომელ ყვავს რა საჭმელს სთავაზობდნენ, მაგრამ ხედავდნენ მათ რეაქციას.
მოგვიანებით, დამკვირვებელ ყვავებს შესთავაზეს იგივე საჭმელი. ყვავები, რომლებმაც "უკმაყოფილო" თანამოძმეები დაინახეს, მათთვის წარდგენილი ყუთებისადმი უინტერესოდ განეწყვნენ, სადაც, სინამდვილეში, ესაძლოა, გემრიელი საჭმელი ყოფილიყო.
კვლევა აჩვენებს, რომ ყვავები, სტიმულის არსებობის პირობებში, გადაწყვეტილებას ნაწილობრივ იმის მიხედვით იღებენ, თუ როგორ მოიქცნენ სხვა ყვავები. გალაპის თქმით, ნეგატიური რეაქცია ყვავებში უფრო გადამდებია, ვიდრე დადებითი.
ვენის უნივერსიტეტის მკვლევარისს, ჯესი ადრიაენსის თქმით, ეს კვლევა ერთ-ერთი პირველია, რომელიც ამოწმებს ყვავების ცნობიერ მიკერძოებულობას.
"ემოციები მნიშვნელოვნად განაპირობებენ ჩვენს ქცევას, მაგრამ რამდენად განაპირობებენ ისინი ცხოველების ქცევას, ღია შეკითხვაა", — ამბობს ადრიაენსი.
კომენტარები