აზოოსპერმია არის მდგომარეობა, როცა კაცის სათესლე სითხე (ეაკულატი) სპერმატოზოიდებს არ შეიცავს. მხოლოდ აშშ-ში ეს პრობლემა 645 000 კაცს აქვს, რომელთა ასაკიც 20-დან 50 წლამდეა. ახლა მეცნიერებმა პოტენციური სამკურნალო მეთოდის გამოცდა დაიწყეს, რომელიც რეპროდუქციულ სისტემაში სპერმის წარმომქმნელი ღეროვანი უჯრედების გადანერგვას გულისხმობს.

მეცნიერები ამბობენ, რომ თუ ამგვარი თერაპია უსაფრთხო და ეფექტიანი აღმოჩნდება, ის კაცებისთვის ფერტილურობის აღდგენის რევოლუციური გზა გახდება. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სიმსივნე მომწიფებულობამდე ასაკში გადაიტანა ან გენეტიკური/შეძენილი სათესლე დარღვევა აქვს.

სპერმის წარმომქმნელი ღეროვანი უჯრედები სათესლეებში ჯერ კიდევ სქესობრივ მომწიფებამდე გვხვდება და ტესტოსტერონის დონის მომატების შემდეგ სპერმად გარდაიქმნება. რეპროდუქციული ტრაქტის ბლოკირების, ზოგიერთი გენეტიკური ან ჰორმონალური მუტაციისას და ქიმიოთერაპიით მკურნალობისას ეს პროცესი ფერხდება. შედეგად უნაყოფობას ვიღებთ.

ამ ღეროვანი უჯრედების შესანახად ექიმები მათ სპეციალური ნემსით სათესლე ტუბულებიდან იღებენ და ყინავენ. შემდეგ ისინი იმავე ულტრაბგერითი მეთოდით ისევ უკან გადააქვთ, რათა მომწიფდეს და სპერმის ფორმირებას შეუწყოს ხელი. ეს მეთოდი აქამდე თაგვებსა და მაიმუნებში წარმატებით გამოცადეს, ახლა კი ჯერი ადამიანებზეც მიდგა.

medRxiv-ში გამოქვეყნებულ არარეფერირებულ ნაშრომში მეცნიერები პირველ ასეთ პროცედურაზე გვიყვებიან. მათი პაციენტი 25 წლამდე ასაკის კაცია, რომელსაც თავისივე ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. მას ბავშვობაში ძვლის სიმსივნე ჰქონდა, ამიტომ ქიმიოთერაპიის დაწყებამდე ამ უჯრედების შენახვის გადაწყვეტილება მიიღო.

ფოტო: Study.com

თუ უჯრედული ტრანსპლანტაცია წარმატებული აღმოჩნდება, კაცის ორგანიზმი სპერმის წარმოქმნას დაიწყებს. ამჟამად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პროცედურას პაციენტის სათესლე ქსოვილები არ დაუზიანებია და მისი ჰორმონების დონეც ნორმაშია. ეაკულატში სპერმატოზოიდები ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ ექიმები ტესტირებას განაგრძობენ (კვლევა წელიწადში ორჯერ ტარდება).

მეცნიერები ამბობენ, რომ სპერმის არქონა გადანერგილი ღეროვანი უჯრედების მცირე რაოდენობით შეიძლება იყოს განპირობებული. შესაბამისად, სპერმატოზოიდების ფორმირებაც შეზღუდულია. სამომავლოდაც თუ ასე გაგრძელდა, ექიმები ხელოვნური განაყოფიერებისთვის საკმარისი ოდენობის სპერმის ამოღებას, სავარაუდოდ, მაინც შეძლებენ.

მეორე ალტერნატივა კოლუმბიის უნივერსიტეტის განაყოფიერების ცენტრის STAR სისტემაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს, რობოტებსა და მიკროფლუიდებს აერთიანებს. ეს ტექნოლოგია საანალიზო სითხეში აქა-იქ არსებულ სპერმას აფიქსირებს და მის შეგროვებას ხდის შესაძლებელს. ეს იმედისმომცემია, რადგან კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის ერთი სპერმატოზოიდიც კმარა.

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გარკვეულ რისკებსაც უკავშირდება. მაგალითად, არის შანსი, რომ მათ ნაწილს სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური მუტაცია ჰქონდეს და მომავალში კიბოს ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით ლეიკემიაგადატანილ პირებში. ასევე, შესაძლოა, "უცხო" სხეულის გამო ანთებითი პროცესი დაიწყოს. არსებობს ეთიკური პრობლემაც, რადგან ასეთ ღეროვან უჯრედებს ბავშვის სხეულიდან იღებენ, ის კი, შესაძლოა, გადაწყვეტილებას ბოლომდე ვერ იაზრებდეს.

ასეა თუ ისე, ახალი მიღწევა წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ კვლევა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.