ჩრდილოეთ ამერიკის ქვეშ დედამიწის ქერქი მანტიაში იძირება

ფოტო: Getty Images
აშშ-ის შუა დასავლეთის მიმდებარედ, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეშ, დედამიწის ქერქი პლანეტის შიგნით იძირება. დამდნარი ქანები ზედა მანტიაში ჩაედინება, მას ერწყმის და საკმარის მასას იძენს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ქვემოთ გადაადგილდეს.
ეს ნელი პროცესი მეცნიერებმა სეისმური კვლევის შედეგად გამოავლინეს. მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ რეგიონის დაბლა ლითოსფერო — დედამიწის მყარი გარსი — უფრო და უფრო თხელდება. ამის მიუხედავად, საგანგაშო არაფერია. მსგავსი ფენომენი აქამდე სხვა არეალებშიც დაფიქსირებულა, ახალი მიგნება კი ჩვენი პლანეტის დინამიკური გეოლოგიური პროცესების უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს.
სპეციალისტებმა ლითოსფეროს დიდი, ძველი და სტაბილური უბანი შეისწავლეს, რომელსაც კრატონი ეწოდება. ის კონტინენტების ბირთვად მიიჩნევა და სულ 35-მდე ასეთი კრატონის შესახებ ვიცით. თავად ლითოსფერული ჩადინება მაშინ მიმდინარეობს, როცა ქერქის ქვედა მხარე კონკრეტულ ტემპერატურაზე ცხელდება. დამდნარი მასა წყდება და სიღრმეში იძირება.
მეცნიერებმა ორგანიზაცია EarthScope Consortium-ის მიერ შეგროვებული სეისმური მონაცემები გამოიყენეს, რომელთა მიხედვითაც პლანეტის ქერქის ტომოგრაფიული რუკა შექმნეს. ეს რენტგენული გამოსახულების მსგავსია, რომელიც გვიჩვენებს, სადაა ლითოსფერო ყველაზე თხელი და ყველაზე სქელი. ასევე, ამ გზით ვიგებთ, რამდენად განსხვავებულია მისი სიმკვრივე.
ანალიზმა ცხადყო, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ქვეშ არსებული კრატონი თხელდება, განსაკუთრებით კი აშშ-ის შუა დასავლეთის რეგიონში. მიზეზი სწორედ ლითოსფერული ჩადინებაა. ამას აღნიშნული კრატონიდან დაახლოებით 600 კილომეტრის მოშორებით მიმდინარე სუბდუქციური პროცესი განაპირობებს, კერძოდ — ძველი ფარალონის ფილა ჩრდილოამერიკის ფილის ქვეშ ექცევა.
ეს უკვე ასობით მილიონი წლის განმავლობაში ხდება და ახლა ფარალონის ფილა თითქმის მთლიანად ქვედა მანტიაშია გადანაცვლებული. სეისმური სიგნალების თანახმად, შედეგად მანტიის მასშტაბური გადაადგილების მიმართულება იცვლება და კრატონის ფსკერს მასას აცლის, ანუ მას ასუსტებს. ამავდროულად ფილის ნარჩენებიდან აქროლადი ნაერთები გამოიყოფა და ლითოსფერული ჩადინებაც უფრო აქტიურდება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამაში საშიში არაფერია, რადგან ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები