Aenocyon dirus-ის სახეობა, რომელსაც "საზარელი მგელი" ეწოდება, დაახლოებით 12 500 წლის წინ გადაშენდა. გენური ინჟინერიის მეშვეობით ახლა მეცნიერებმა ის პირველად გააცოცხლეს, რაც უდიდესი მიღწევა და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა.

ეს ბიოტექნოლოგიურ კომპანია Colossal Biosciences-ში მომუშავე სპეციალისტების დამსახურებაა, რომელთაც ბეწვიანი მამონტების გაცოცხლებაც სურთ. მათი წარმატებული მცდელობის შედეგად სამი ლეკვი დაიბადა, რომელთა მსგავსსაც დედამიწაზე უკვე ათასობით წელია, არ უარსებია. ამისთვის მკვლევრებმა გადაშენებული მგლის გენომი აღადგინეს, რისთვისაც დღემდე შემორჩენილი დნმ გამოიყენეს. საბოლოოდ, გამოავლინეს ის გენები, რომლებიც მხოლოდ Aenocyon dirus-ში გვხვდება.

შემდეგ მეცნიერებმა თანამედროვე რუხი მგლების დნმ ხელოვნურად შეცვალეს ისე, რომ მასში დიდი ხნის წინ გამქრალი სახეობის უნიკალური გენური ვარიანტები ინტეგრირებულიყო. მიღებული გენეტიკური მასალა რუხი მგლის ბირთვგამოცლილ კვერცხუჯრედებში გადაიტანეს და ლაბორატორიულ პირობებში მოამწიფეს, სანამ ემბრიონებს სუროგატი ძაღლების საშვილოსნოში მოათავსებდნენ.

გენური ინჟინერიის დამსახურებით, ლეკვებს სქელი თეთრი ბალანი განუვითარდათ.

ფოტო: Colossal Biosciences

სამი ემბრიონი წარმატებით განვითარდა, შესაბამისად ამავე რაოდენობის თეთრი ლეკვები დაიბადნენ. მათ რემუსი, რომულუსი და კჰალისი დაარქვეს. ეს უკანასკნელი სახელი სამეფო კარის თამაშებიდანაა, პირველ ორს კი რომის დაარსების ლეგენდასთან აქვს კავშირი.

"ჩვენმა გუნდმა დნმ 13 000 წლის წინანდელი კბილიდან და 72 000 წლის წინანდელი თავის ქალიდან აიღო, შედეგად კი საზარელი მგლის ჯანმრთელი ლეკვები მივიღეთ. როგორც ნათქვამია: 'ნებისმიერი მოწინავე ტექნოლოგია მაგიისგან არ განირჩევა', შესაბამისად ჩვენი გუნდიც იმ მაგიას წარმოგიდგენთ, რომელზეც მუშაობს", — განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა, ბენ ლემმა.

სპეციალისტებმა დაახლოებით ისეთსავე პროცესს მიმართეს, როგორსაც მათმა კოლეგებმა 1996 წელს, როცა ცხვრის კლონის შექმნეს. განსხვავება ისაა, რომ მაშინ გენეტიკური მასალის შემცველი უჯრედი ცოცხალი ცხვრის ორგანიზმიდან მოიპოვეს. ვინაიდან Aenocyon dirus გადაშენებულია, მისი გენეტიკური ინფორმაცია ჩვენს ხელთ არსებული ნამარხებიდან "შეაკოწიწეს" და მონათესავე თანამედროვე ცხოველებისას შეადარეს. კვერცხუჯრედის დონორად რუხი მგელი შეარჩიეს, რადგან ის საზარელი მგლის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავია.

გენეტიკურმა ანალიზმა 14 გენში 20 ისეთი სხვაობა გამოავლინა, რომელიც Aenocyon dirus-ის სახასიათო ნიშნებზეა პასუხისმგებელი, მათ შორის — დიდ ზომაზე, თეთრ ბალანზე, მოზრდილ კბილებსა და განსხვავებულ ყმუილზე. სწორედ ამ თვისებების მისაღებად გამოიყენეს მკვლევრებმა გენური ინჟინერიის CRISPR ტექნოლოგია, რომლითაც რუხი მგლის გენებში საჭირო ცვლილებები შეიტანეს.

გენეტიკური მასალა ბირთვგამოცლილ კვერცხუჯრედში გადაიტანეს, რადგან სხეულებრივ უჯრედებს ყოველი ქრომოსომის ორი ასლი გააჩნია, რეპროდუქციულს კი — ერთი. ეს ნიშნავს, რომ პირველი მათგანი გენეტიკურ ინსტრუქციებს შეიცავს, რომლებიც ემბრიონის ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო.

ორი ძაღლის საშვილოსნოში სულ 45 ემბრიონი გადაიტანეს. ლეკვად მხოლოდ ორი ჩანასახი ჩამოყალიბდა — რომულუსი და რემუსი, რომლებიც 2024 წლის პირველ ოქტომბერს საკეისრო კვეთით დაიბადნენ. შემდეგ ექსპერიმენტი ისევ გაიმეორეს და მესამე სუროგატი ძაღლისგან სამ თვეში უკვე კჰალისი გაჩნდა.

კომპანიამ საზოგადოებას ლეკვების ვიდეოც გაუზიარა:

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.