კაცობრიობას მარსზე კოლონიის დაარსება სურს, რადგან ის მზის სისტემაში ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული პლანეტაა. ვიცით, რომ ამ ციურ სხეულზე თხევადი წყალი არსებობდა და სქელი ატმოსფეროც ჰქონდა, თუმცა დღეს იგი სულ სხვაგვარია.

მარსზე დასასახლებლად მეცნიერები მის ტერაფორმირებას განიხილავენ, ანუ ხელოვნურად იმგვარად შეცვლას, რომ იქ დედამიწის მსგავსი პირობები იყოს — სუნთქვისთვის გამოსადეგი ჰაერი, მაღალი ტემპერატურა და ა.შ. წითელ პლანეტაზე მცენარეების გაზრდით შესაძლებელია, რომ მის ატმოსფეროში უხვად არსებული ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაიქმნას.

საინტერესოა, დედამიწაზე არსებული სიცოცხლის რომელი ფორმა შეძლებს მარსის პირობებში გადარჩენას? ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სწორედ ასეთი ორგანიზმი გამოავლინეს, რომელიც წითელი პლანეტის სიმულირებულ გარემოში მოათავსეს. ის არ მომკვდარა.

ესაა ლიქენი — ჰიბრიდული კოლონია, რომელიც წყალმცენარეების ან ციანობაქტერიებისა და სოკოებისგან შედგება. ის მკაცრ პირობებს მარტივად ერგება, რადგან ამეტაბოლური მდგომარეობა ახასიათებს, რომელსაც ანჰიდრობიოზი ეწოდება. სიტყვასიტყვით ის ითარგმნება, როგორც "სიცოცხლე წყლის გარეშე". ასევე, ლიქენები ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართაც განსაკუთრებულად ამტანები არიან.

ფოტო: Getty

მკვლევრებმა ლიქენების ორი სახეობა — Diploschistes muscorum და Cetraria aculeata — მარსის სიმულირებულ გარემოში 5 საათით მოათავსეს. იქ ისინი რენტგენული გამოსხივების, ტემპერატურული ცვლილებისა და მაღალი წნევის ქვეშ იყვნენ. აღმოჩნდა, რომ წითელი პლანეტისთვის პირველი მათგანია შესაფერისი, მეორე კი რადიაციას ვერ უძლებს.

"ჩვენი კვლევა პირველია, რომელმაც წარმოაჩინა, რომ ლიქენის სიმბიოზური სოკოს მეტაბოლიზმი მარსის ზედაპირის მსგავს გარემოშიც ნარჩუნდება. აღმოვაჩინეთ, რომ Diploschistes muscorum-მა მეტაბოლური პროცესების წარმართვა შეძლო და თავდაცვის მექანიზმებიც გაააქტიურა", — აცხადებს კაია სკუბალა, კვლევის ხელმძღვანელი.

"ეს შედეგები მარსის სიმულირებულ პირობებში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების უკეთ გააზრების შესაძლებლობას გვაძლევს. ასევე, იმის გაგებაში გვეხმარება, თუ როგორ რეაგირებენ ჰიდრირებული ორგანიზმები მაიონიზებელ რადიაციაზე, რაც მარსის სიცოცხლესთან თავსებადობისა და იქ გადარჩენის შესაძლებლობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა", — ამბობს ის.

რა თქმა უნდა, უკანასკნელი მიგნება არ ნიშნავს, რომ ლიქენებს მარსზე ხვალვე გავგზავნით. მანამდე დამატებითი სიღრმისეული კვლევებია საჭირო, რათა ხანგრძლივი ეფექტი შევისწავლოთ.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში IMA Fungus გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.