2019 წლის საქართველო — 10 მთავარი მოვლენა
2019 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში ქუჩის პროტესტი არ შეწყვეტილა. მიზეზი ბევრი იყო ცალცალკე, ან ყველა ერთად: არასარურველი ჰესები, ოკუპაცია, "უსამართლო მართლმსაჯულება", პროპორციული არჩევნები, "მკვლელი სისტემა". პროტესტი იყო კედლებს მიღმაც. მმართველი პარტია დატოვა არაერთმა დეპუტატმა და მოხდა პირიქითაც — ოპოზიციური პარტია შექმნეს "გაბრაზებულმა" ბიზნესმენებმა. ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, წელი პოზიტიურად დასრულდა, რადგან საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.
ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე
28 დეკემბერს 48-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს. მანამდე მას 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. დე ფაქტო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილმა ე.წ. საზღვრის კვეთა არ აღიარა. ექიმი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იყო.
ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად გადავიდა.
გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახმა, ოპოზიციამ და მთავრობამ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ გაფრინდაშვილის დროულად დასაბრუნებლად.
პროპორციული არჩევნები: კი და არა
ქვექანაში მომხდარი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. 2020 წელს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას უკვე დიდი ხანია ითხოვს ოპოციზიის სრული სპექტრი.
20 ივნისს ანტიოკუპაციური აქციის დაშლის შემდეგ აგორებული საპროტესტო ტალღის ფონზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ აქტივისტების 1 მოთხოვნის შესრულება გადაწყვიტა. ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ 2020 წლიდან იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემა + 0-პროცენტიანი ბარიერით.
ამ ამბიდან 5 თვეში მივიღეთ გადაკეტილი რუსთაველი, შეშის ღუმელითა და კარვებით დაკავებული გზა, ქვიშის ტომრებით პიკეტირებული პარლამენტის შენობა და წყლის ჭავლით დაშლილი აქციის მონაწილეები.
ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა და მმართველმა პარტიამ "ამბოხებული მაჟორიტარების ხმებით" ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.
მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. ერთ-ერთი მთავარ საპროტესტო აქციის დროს გამოჩნდა კადრი, თუ როგორ მოდიან წარსულში ერთმანეთსდაპირისპირებული ოპოზიციონერები ხელკავითა და სლოგანით: "ერთად ერთის წინააღმდეგ".
გავრილოვის ღამე #სირცხვილია
პროპორციული არჩევნების დაპირება სწორედ 20 ივნისის მოვლენებმა განაპირობა, თუმცა თავდაპირველად ვითარება სრულიად განსხვავებულად წარიმართა. ეს თარიღი გავრილოვის "სამარცხვინო" ღამესთან ასოცირდება — დღე, რომელიც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში მოკალათებული რუსი დეპუტატის სურათით დაიწყო და რუსთაველის გამზირზე მიმოფანტული რეზინის ტყვიების კადრით დასრულდა. ასამბლეის ფარგლებში მოწვეული რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრია. იგი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებითაა ცნობილი.
ამავე დღეს მასშტაბური ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია დაიგეგმა თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით. პარალელურად, ასამბლეა, რისთვისაც რუსული დელეგაცია ჩამოვიდა, ჩაიშალა.
აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, საღამოს ათი საათისთვის კი სამართალდამცავებს აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა. დაახლოებით ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით, გაუფრთხილებლად დაშალეს აქცია. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი. თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ.
მომდევნო დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მომხდარის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა.
- ნიკა მელია
გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწყო ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება. მას პარლამენტმა ჯერ იმუნიტეტი შეუწყვიტა, შემდეგ კი დეპუტატის მანდატი.
მანამდე მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 20 ივნისს აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობის ბრალდებით. ამ საქმეზე მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს და შეზღუდვად კი სახლიდან გასვლა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დაუმატეს.
რამდენიმე თვეში საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას წინააღმდეგ 7 წლის წინ აღძრულ საქმეზე განაჩენის გამოცხადების სხდომა ჩაინიშნა. მელიას მოსამართლემ 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. ამ განაჩენის გამო ოპოზიციონერ დეპუტატს საპარლამენტო უმრავლესობამ მანდატი შეუწყვიტა.
ეკა ბესელია და სხვები VS უმრავლესობა
პარალელურ რეჟიმში პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდათ — უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტება. ეს თემა გაცილებით ადრე, 2019 წლის იანვდიდან დაიწყო და ნოემბერში დასრულდა.
2019 წელი მმართველი პარტიის ვეტერანი წარმომადგენლების ქართული ოცნებიდან გასვლით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია გახდა. ეკა ბესელიას მტკიცებით, პარლამენტში წარდგენილი 10 მოსამართლის არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
პარტია ქართული ოცნება და ფრაქცია 27 თებერვალს დატოვა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ. მანამდე მოსამართლეების საკითხის გამო ქართული ოცნება დატოვეს გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა. მმართველი პარტია დატოვა ბექა ნაცვლიშვილმაც, მაგრამ განსხვავებული მიზეზით. მან ამ ფორმით გააპროტესტა ის, რომ პარლამენტმა დაგროვებით პენსიაზე მის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. უზენაესის მოსამართლეების კანდიდატების გამო პარტია დატოვეს დეპუტატებმა კობა ნარჩემაშვილმა და ლევან კობერიძემ. მმართველი პარტიიდან დეპუტატების წასვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.
საბოლოოდ 10 მოსამართლის ნაცვლად განახლებული სია წარადგინეს 20 მოსამართლეობის შემადგენლობით. სამოქალაქო აქტივისტების პროტესტისა და პარლამენტის პიკეტირების მცდელობის მიუხედავად, 20 კანდიდატიდან ქართულმა ოცნებამ 14 უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია, მათ შორის, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე.
თბილისი პრაიდი
2019 წელს, ისევე, როგორც წინა წლებში კვლავ აქტუალური იყო ივნისი-ივლისი ლგბტ თემის უფლებების შეზღუდვის მხრივ. ამ წლის ივნისში, ისტორიაში პირველად, LGBTQI პრაიდი დაიგეგმა. სოციალური-კულტურული ღონისძიებების გამართვის შემდეგ პრაიდის ღირსების მარში უნდა გამართულიყო. უსაფრთხოების გარანტიების არქონისა და ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო რამდენჯერმე შეიცვალა დრო და ადგილი. პრაიდს ჩაშლითა და აქტივისტებს დარბევით, სხვადასხვა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფი, მათ შორის, ლევან ვასაძის მხარდამჭერები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ქართული მარში ემუქრებოდა.
საბოლოოდ ღირსების მარში 8 ივლისს დაიგეგმა, თუმცა ისევდაისევ უსაფრთხოების მიზნით ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებული იყო.
თბილისის პარლამენტთან განლაგებული ძალადობრივი ჯგუფები კომბლებით ხელში, მუქარის შემცველი, დისკრიმინაციული შეძახილებით დროდადრო ლგბტ მარშის სავარაუდო ადგილებზე გადაადგილდებოდნენ.
შუადღისას პარლამენტის შენობასთან დრონზე მიმაგრებულმა ლგბტ დროშამ ლევან ვასაძესა და მის მხარდამჭერებს გადაუფრინა. ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წევრი მფრინავ დრონს ამაოდ გაეკიდა.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ლგბტ პრაიდის ღირსების მარში კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობასთან ჩატარდა. პრაიდის ორგანიზატორები იქ ლგბტ დროშებითა და საპროტესტო ბანერებით მივიდნენ. აქცია-მსვლელობა, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. ხელკეტებით, ბოთლებითა და კომბლით მისულ ჰომოფობიურ ჯგუფებს ღირსების მარში დასრულებული დახვდათ.
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
და მათ იცეკვეს
ლგბტ თემს ებრძოდნენ არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ კინოთეატრებშიც. ჰომოფობიურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, რომ უბრალო მაყურებელს ფილმი And Then We Danced არ უნდა ენახა, რათა "თავადაც არ გამხდარიყვნენ გეები".
პრემიერას თბილისსა და ბათუმში ჰომოფობიური ჯგუფები ძალადობრივი აქციით დახვდნენ. თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ. მაყურებელს სპეცრაზმის კორდონის გავლის, რამდენიმე პოლიციელის ჩხრეკისა და უსაფრთხოების დეტექტორში გატარების შემდეგ შეეძლო სეანსზე შესვლა.
აგრესიული პირების თავდასხმის გამო, თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. მიუხედავად ამისა, ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და არცერთი სეანსი არ ჩაშლილა.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
პანკისის ხეობა
ამ წლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ პანკისის აქცია. ეს ფაქტი 21 აპრილის დილას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში დიდი მასშტაბის საპოლიციო და სპეცდანიშნულების ძალები შეიყვანა იმათ წინააღმდეგ, ვინც ხეობაში ხადორი 3-ის ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა. ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაცვის გარანტიისთის პოლიციის შეყვანის მოთხოვნით შსს-ს ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, პასუხად, პანკისელებმა მათ ქვები დაუშინეს და კომპანიის კუთვნილი ტექნიკა დაწვეს. შსს-ს მონაცემებით, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი.
დაპირისპირების შემდეგ პანკისელებთან მოსალაპარაკებლად მაშნდელი შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა. მან ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ ჰესი იქამდე არ აშენდებოდა, სანამ ამ იდეას ადგილობრივების 90% არ დაუჭერდა მხარს.
პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების ამსახველი ფოტო
ეკლესიის ამბები
2019-ში ეკლესიის ჩაკეტილი სივრციდან უმაღლესი სამღვდელოების მიერ გაიჟღერა არაერთმა ხმაურიანმა განცხადებამ. ეს ამბები ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდებოდა და მათ გარკვეული ჯგუფები, მათ შორის, პოლიტიკური ოპოზიცია ერთთან — 2017 წლის ციანიდის საქმესთან აკავშირებდა.
-
განცხადება #1
"ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში მეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე", — ეპისკოპოსი იაკობი.
-
განცხადება #2
"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ [პატრიარქი]...", — ეპისკოპოსი იაკობი.
რამდენიმე დღეში გაიმართა სინოდის სხდომა, სადაც არაერთი დაგროვილი, პრობლემური საკითხი უნდა განეხილათ, მათ შორის დეკანოზ მამალაძის შეწყალება. სხდომის ბოლოს საპატრიარქოდან მედიასთან გამოვიდა მიტროპოლიტი პეტრე, თავსაბურავი გვერდით აქვს მოქცეული, აღელვებულია და ამბობს:
-
განცხადება #3
"დღეს წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან", — პეტრე ცაავა.
-
განცხადება #4
"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის", — პეტრე ცაავა.
ამ განცხადებების შემდეგ სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული.
ამასთან, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება უშუამდგომლოს დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალების საკითხზე.
მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
ბანკიდან ტრიბუნაზე
ზემოთმოცემული კრიზისის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბანკირების მიმართ პროკურატურამ გამოძიება 2008 წლის ტრანზაქციის გამო დაიწყო. სახელმწიფო ბრალდება თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავება. 2019 წლის თებერვალში მათ ბანკში თანამდებობები დატოვეს, მოგვიანებით კი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მმართველი თანამდებობები.
ხაზარაძე და ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელშეშლად აფასებენ და ამაში პირადად ბიძინა ივანიშვილს სდებენ ბრალს.ბრალის წარდგენის შემდეგ ხაზარაძის პირველი კომენტარი იყო: "მაინც ავაშენებთ". სექტემბერში მან ანაკლიაში, ზღვის სანაპიროზე საზოგადოებრივი მოძრაობის, ლელოს პრეზენტაცია გამართა.
ფოტო: მამუკა ხაზარაძე / Facebook
კომენტარები