კომბლები, ტყავის ქამრებით შეკვრა, ყურების აწევა — ვასაძის ძალადობრივი განცხადებები და პოლიტიკოსების შეფასება
განახლება: დღეს, 17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო რაზმების შექმნის შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ არ იცის ვინ არის რაინდი და ნებისმიერი ვინც, ხელს აღმართავს პოლიციაზე დაისჯება. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ვასაძის განცხადებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს, წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას და საფრთხისშემცველია ლბტ პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. პრემიერმა კი განაცხადა, რომ ბოლო დღეებში სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე იყო და ქვეყანას გამოხატვის თავისუფლების პრობლემა არ აქვს.
ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ "ნამდვილი კაცების" აქციაზე დაემუქრა თითქმის ყველას: სამართალდამცავებს, ლგბტ პირებს, ელჩს (არ დაუკონკრეტებია რომელს), უცხოელ სტუმრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბიზნესმენი მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისა და ძალადობისკენ მოუწოდებდა. მან აღნიშნა, რომ პოლიციას თუ არ "ეყოფა ჭკუა" და კორდონს ჩადგამს, მაშინ "სახალხო ლეგიონი" კორდონს კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს.
ამ საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ გამოძიება არ დაუწყია. შსს-ში On.ge-ს უთხრეს, რომ თუ უწყებას განცხადება ექნება, თავად გაავრცელებენ.
ლევან ვასაძის ძალადობრივი განცხადებები
შეკრებაზე ვასაძემ განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის დღეს, კორდონის გარღვევის შემდეგ ლგბტ თემის წევრებს "არ სცემენ", არამედ "ქამრით შეკრავენ".
"ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც გვექნება თან და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან", — განაცხადა მან.
ბიზნესმენმა სახალხო ლეგიონის შექმნა დააანონსა, რომელიც ქალაქში "წესრიგს დაიცავს". მისი თქმით, ლეგიონის მუშაობის ფორმა იქნება "მშვიდი, იარაღის გარეშე". მაგრამ თავადვე ამბობდა, რომ სახალხო არმია ნებისმიერ კორდონს გაარღვევს.
"ჩვენ გვეყოლება ათეულები ათისთავებით, ეს ათეულები შეიკვრება ასეულებად ასისთავებით და ეს ასეულები შეიკვრება ათასეულებად და იქნება ლეგიონი".
ვასაძის მოწოდების შემდეგ ლეგიონში ჩაწერის მსურველთა რიგი დადგა. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა ისიც განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ კაცებმა არ უნდა დაიცვან და ქართველ დედათა ლეგიონია საჭირო.
ვასაძემ მოუწოდა მხარდამჭერებს ძალადობისკენ, თუმცა ამტკიცებდა, რომ ეს ძალადობა არ არის. მან "ლეგიონის" პოტენციურ წევრებს უთხრა, რომ, თუ პრაიდის მონაწილეები "გააბრაზებენ", მათ "ყური უნდა აუწიონ". ის იდეითაც კი გამოვიდა, რომ "დოდო აბაშიძის ყურის ამწევთა საზოგადოება" შექმნან.
ვასაძე ღიად დაემუქრა სამართალდამცავ სისტემასაც და განაცხადა, რომ "აღარ გამოუვათ ის, რაც კანცელარიასთან აქციის დროს გააკეთეს". მისი თქმით, განყოფილებებშიც კი შევარდებიან.
"არცერთ ჩვენიანს არ გაგატანთ. სტაცებთ ხელს ვინმეს ათეულში? ათეული გამოესარჩლება მას. არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება. არ ეყოფა ასეული? ათასეული გამოესარჩლება. თუ, რაღაც სასწაული მოხდა და ამ ჩვენ ლომივით მეომრებს, მორაგბეებს, მოჭიდავეებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი, თქვენს თავს დააბრალეთ. სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც, იქ მოგაკითხავთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენიანს", — განაცხადა მან.
ბიზნესმენმა უწყებას განუმარტა, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც მათი შეჩერება შესაძლებელია, არის ტყვია. ის ამტკიცებდა, რომ ურჩევნია პირველი ტყვია მას ესროლონ. "მეც მესროლეთ", — სკანდირებდნენ მისი მხარდამჭერები.
ვასაძემ გეგმაც კი წარადგინა, თუ როგორ გაარღვევენ პოლიციის კორდონებს.
"ეს იქნება ათეულების დარტყმები ამ კორდონებზე. პირველი ათეული შევა, ვერ გაანგრევს, მაგრამ არევს. მეორე ათეული შევა, მესამე ხო შევა, მეოთხე ხო შევა, მეხუთე ხო შევა. ჩვენ ეგ არ გაგვიჭირდება. ქართველმა მეომარმა ყოველთვის იცის, რომ არ უნდა დაეცეს", — განაცხადა მან.
ის არამხოლოდ დაემუქრა, არამედ "გააფრთხილა" კიდეც პოლიციელები, რომ კომბლებით შეიარაღებულები დაუპირისპირდებიან, თუ მათ შეეწინააღმდეგებიან. მანვე მსოფლიოში პირველი "კომბლების რევოლუცია" დააანონსა.
"მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები: არაფერი არ შეგეშალოთ ძმებო. აი, ამ კორდონებით, თუ ხელმძღვანელობას ჭკუა არ ეყოფა და მაინც დააყენებს იქა, გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს. იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ პასუხს. ჩვენ არ მოვალთ იქ იარაღით, მოვალთ იქ შიშველი ხელებით და აი, ამ ქამრით... ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ შეგვხვდებიან, დავუბრუნებთ კომბალს", — იმუქრებოდა ის.
ამ განცხადებების მიუხედავად, ვასაძე ამტკიცებდა, რომ ისინი "სუფთა ხელებით" მიდიან. მისი თქმით, ძალადობის წინააღმდეგია და ნებისმიერ "პროვოკატორს", რომელიც მათ წევრობას დაიბრალებს და დანას გამოიყენებს, ან ლგბტ თემის წევრს გალახავს, თავად დაიჭერენ და ჩააბარებენ პოლიციას.
ამის შემდეგ, ის დაემუქრა თბილისი პრაიდის უცხოელ სტუმრებსაც.
"ქართლის დედას კარგად დააკვირდნენ, ორი რამე უჭირავს: ღვინის თასი, სტუმართმოყვარეობის სიმბოლო და მახვილი. რა თქმა უნდა, ჩვენ მახვილით არავის არ დავხვდებით, ვინც ამაში მიღებს მონაწილეობას, მაგრამ უარყოფით პასუხს გავცემთ", — განაცხადა ვასაძემ.
ვასაძის მუქარის ადრესატები გახდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. მას არ დაუკონკრეტებია ვინ, თუმცა ერთ-ერთი ელჩი შეურაცხმყოფელად მოიხსენია და განაცხადა, რომ "თუ ჭკუის სწავლებას არ შეეშვება", მასსა და მის დაცვასაც ქამრით შეუკრავენ ხელებს.
"ის ტუტუცი, უცხოელი ელჩი, რომელსაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, რომელიც გამოდის ქუჩაში და გვასწავლის ჭკუას, ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას უშრობს სისხლს, ის აღარ არის ელჩი, თუ უნდა, რომ ხელები შევუკრათ თავის დაცვიანად, არც ეგ არის პრობლემა და მივაბრძანებთ თავის საელჩოში", — განაცხადა მან.
სავარაუდოდ, ვასაძის კრიტიკის ობიექტი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ან ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი გახდა. საუბრისას მან ახსენა ამერიკის საელჩოში მღვდლებისა და ელჩის შეხვედრა, რომელიც "არ მოეწონა". რაც შეეხება რებეკა ჰარმსს, მან რამდენიმე დღის წინ ღიად გააკრიტიკა მთავრობის პოზიცია თბილისი პრაიდთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ საქართველო ვერ ახორციელებს იმას, რაც ევროკავშირთან ასოცირებულმა სხვა ქვეყნებმა შეძლეს.
ვასაძე გამოსვლისას ამტკიცებდა იმასაც, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლის სავარაუდო მკვლელობაზე აქვს ინფორმაცია, რომელიც სურთ, მათ დააბრალონ. ის ამბობდა, რომ პრაიდისთვის ერთი პირის "მსხვერპლად შეწირვა" სურთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს არც ამ საქმეზე გამოძიების დაწყება დაუდასტურეს.
პოლიტიკური შეფასებები
მმართველი პარტიის დეპუტატმა, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ ვასაძის განცხადება ლეგიონის შექმნაზე "არის დანაშაულებრივი და უკიდურესად საშიში მოწოდება". მისი თქმით, ასეთი აგრესიის პროპაგანდა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია.
"სამწუხაროა, რომ ამ თემით ორივე მხრიდან ხდება მანიპულირება და ამ ყველაფერს ეწირება ჩვენი უკეთესი მომავალი და განვითარება. იქნებ ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ამ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით. სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას", — განაცხადა მან.
ხულორდავას თქმით, პოლიციამ კარგად გაართვა თავი პარასკევს კონტრაქციის მონაწილეთაგან აქციის მონაწილეების დაცვას. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ თემა გრძელდება და პოლიციას მომავალ კვირაშიც "მძიმე ფუნქციის შესრულება მოუწევს".
"ჩვენ ვაყენებთ მათ ამ ურთულესი ამოცანის წინაშე! დარწმუნებული ვარ ამ განცხადებასაც აგრესიით შეხვდებიან, და მაინც გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ კანონს, არ დავუშვათ ძალადობა!" — განაცხადა დეპუტატმა.
ვასაძის განცხადებებს უკვე გამოეხმაურა ევროპული საქართველო. პარტიამ განცხადება გაავრცელა და მთავრობას მოუწოდა, დროულად დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა. მათი თქმით, ხელისუფლების უმოქმედობა, ამ დანაშაულის თანამონაწილეობას უდრის. მათივე თქმით, ასეთი მოწოდებები, საქართველოს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დაცული არაა.
პარტიაში განმარტავენ, რომ ბოლო დღეების მანძილზე "პუტინისტური და ექსტრემისტული ჯგუფების" მხრიდან გრძელდება უკანონო მოქმედებებისკენ მოწოდებები, რაც ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ On.ge-ს განუმარტა, რომ ვასაძის განცხადებები კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს შეიცავს, რადგან უკანონო ფორმირებებზე საუბრობენ, რომელიც "პოლიციას ჩაანაცვლებს".
"მხოლოდ სიძულვილს კი არ ქადაგებენ, რაც ჩემთვის ამაზრზენია, მაგრამ შეიძლება არ იყოს დასჯადი. მე არ ვარ მომხრე შინაარსობრივად ვინმეს დასჯის, კონკრეტულ ქმედებებზეა საუბარი. არის მყისიერი საფრთხე მოქმედების. ვნახეთ უკვე, ძალადობრივ მოწოდებებს რომ მოყვა მოქმედება", — განაცხადა მან.
დეპუტატი ამბობს, რომ არსებობს გარე პრობლემა, რაც პუტინის პროპაგანდაა, რომელსაც ეს ჯგუფები ავრცელებენ და ამავდროულად, არსებობს შიდა პრობლემა, ხელისუფლების სახით. მისი განმარტებით, ეს ჯგუფები ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ და მათ პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.
მომხდარს ხელისუფლების სისუსტედ აფასებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძეც. როგორც მან On.ge-ს განუცხადა "მოფაშისტო ბრბომ" და "აგრესიულმა მღვდლებმა" ხელისუფლებას დამამცირებელი დარტყმა მიაყენეს.
მისი თქმით, შესაბამის უწყებებს რეაგირება არ აქვთ ორი მიზეზის გამო:
- მოშლილია ქვეყანაში მართვის ვერტიკალი და რეალურ ძალაუფლებას არცერთი ოფიციალური პირი არ თმობს;
- ეს აგრესიული ჯგუფები მათი შექმნილი და გამოზრდილია, ოპოზიციის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, რომლებმაც შეიძინეს ავტონომია.
გოცირიძე ამბობს, რომ ძალის გამოყენების ექსკლუზიური უფლება სახელმწიფოს აქვს და მას მოძალადის წინააღმდეგ უნდა იყენებდეს.
მომხდარს გამოეხმაურა ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც. "მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, დღეს იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს", — დაწერა მან ფეისბუქგვერდზე.
14 ივნისის აქცია და კონტრაქცია
ვასაძემ "ნამდვილ კაცთა" კრება 14 ივნისის კონტრაქციის შემდეგ დაგეგმა. კანცელარიასთან აქციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა სიძულვილის შემცველი, ღირსების შემლახავი და ჰომოფობიური განცხადებები. ისინი ამბობდნენ, რომ პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებდნენ. კონტრაქციის მონაწილეები აგინებდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და ემუქრებოდნენ მათ.
პოლიციამ კონტრაქციის წევრების დაკავება ერთი საათის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად, მათ რამდენიმე ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ. მაგალითად, ნეტგაზეთის ჟურნალისტს სამართალდამცავების თვალწინ კონტრაქციის მონაწილემ წაართვა და დაუგდო კონტრაქციის მონაწილემ ტელეფონი. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტმა მოუწოდა პოლიციას რეაგირებისკენ, თუმცა უშედეგოდ. ასევე, პოლიციამ მოუწოდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გასცლოდა ტერიტორიას, როცა მას შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ მოტივით, რომ კონტრაქციის მონაწილეები "ღიზიანდებოდნენ".
ამავე მოტივით მოთხოვა ტერიტორიის დატოვება პოლიციამ ომბუდსმენის მოადგილესაც, რომელსაც კონტრაქციის მონაწილეები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. დაგიმახსოვრებთ", "დაგერხა" იმუქრებოდნენ ისინი.
ასევე, ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ღიად აცხადებდა, რომ, თუ აქტივისტები არ დაიშლებოდნენ, ძალით გაიყვანდნენ. ეს განცხადება მან პოლიციის გარემოცვაში გაავრცელა. გარდა ამისა, აქციის დასასრულს, რამდენიმე პირი, რომელიც მისდევდა აქტივისტ ნატა ფერაძეს იძახდა "დაამტვრიეთ", "მოკალით". პოლიციამ აქ რამდენიმე პირი დააკავა,დაუმორჩილებლობისა და ფერაძეზე თავდასხმის მცდელობისთვის.
სულ კონტრაქციაზე 28 პირი დააკავეს. მათგან 21 იმავე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს, 7 კი პატიმრობაში დატოვეს. მათგან სამს სასამართლომ 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
კონტრაქცია პარლამენტთან ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იკრიბებობდნენ. ისინი საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებდნენ, რომლითაც სახელმწიფოს მოუწოდეს პრაიდი არ დაუშვას. აქტივისტები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, მათ აქციის გამართვა კანცელარიის კიბეებზე მოუწიათ.
კომენტარები