ქართული ოცნების დეპუტატმა სოფო კილაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე იმით გაამართლა, რომ "პრეზიდენტმა სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში გაზრდილი არაა".

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ჯარები, რომლის იმედიც გვაქვს სამშობლოს დაცვის დროს. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე სხვა რაღაცას გულისხმობდა. ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. ამას გულისხმობდა, ალბათ, და ვერ გამოხატა, ვერ გადმოსცა, რადგან არ არის საქართველოში გაზრდილი", — ამბობს დეპუტატი.

10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლის დროს პრეზიდენტმა განაცხადა:

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.