რატომ ვაკეთებთ ამას?
კინოსეანსიდან იმედგაცრუებული, აღელვებული, ატირებული და შეშინებულიც კი გამოვსულვარ, მაგრამ ბედნიერი — ძალიან იშვიათად. თბილისის კინოფესტივალზე თანამედროვე ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის, უარყოფითი რიცხვების ჩვენების დასრულების შემდეგ დარბაზი ნამდვილად ბედნიერმა დავტოვე და არა მარტო მე — მაყურებლების უმეტესობა ერთად ზეიმობდა კარგი ქართული ფილმის აწმყოში გამოჩენას.
ფილმი საბჭოთა კავშირის აღმწერი სცენებით იწყება და ნარატორი მაყურებელს ამცნობს, რომ ამ ბოროტების იმპერიის დამსხვრევის მიუხედავად, "ქართულ მენტალიტეტში" რაღაცები მაინც უცვლელი დარჩა. ასე განზოგადოებულმა მსჯელობამ და ყოვლად გაცვეთილი, უკვე ლამის გაბუნდოვანებული მნიშვნელობის მქონე სიტყვა "მენტალიტეტის" გაგონებამ წინასწარგანწყობა შემიქმნა, რომ წინ რაღაც "სამწუხარო რეალობის" პათეტიკური ტონით აღწერა მელოდა — რეჟისორი დაგვმოძღვრავდა, თუ რა ცუდია ზოგიერთი ადამიანი და რომ მათ არაფერი ეშველებათ. საბედნიეროდ, შევცდი.
უარყოფითი რიცხვების სიუჟეტი არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარდება და თითქმის მხოლოდ კაცების გარემოცვით აგებულ სცენებში ველოდი, რომ ტესტოსტერონით დამძიმებული ატმოსფეროს ატანა მომიწევდა — ძმობა, ვაჟკაცური გაგება და კუნთების თამაში. ასეც იყო, თუმცა არა მისი გაიდეალების ან, როგორც "ჭეშმარიტი კაცური" ცხოვრების წარმოჩენის მიზნით, როგორც ხდება ხოლმე ძირითადად.
რადგანაც ფილმი მოზარდი ბიჭების შესახებ მოგვითხრობს, ეს საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს მაყურებელს დააკვირდეს ზოგადად მასკულინობის კონსტრუქტის ჩამოყალიბებას, თუ როგორ ითვისებენ ისინი (ქართულ) სოციუმში არსებულ როლებს — ფულზე თამაში, კედელზე გაკრული შიშველი ქალის პოსტერები, სიგარეტის მოწევა და სხვა ყველა წვრილმანი დეტალი ის აუცილებელი ატრიბუტია, რომლებიც მათ "ნამდვილი კაცის" როლის სათამაშოდ დაისწავლეს.
თუმცა ეს პროცესი არ მიმდინარეობს "დიდი ძმის" — კაცის სიმბოლური სახის — მეთვალყურეობის გარეშე: ბიჭი თვითგამორკვევის პროცესში, როცა ცდილობს კაცობა გაითამაშოს, მუდმივად დაძაბულია, რადგან იცის, რომ მას სხვა კაცები აკვირდებიან — საკუთარი მამა, მის გარშემო მყოფი სხვა ბიჭები, ცოცხალი თუ მკვდარი კაცები — და თუ რამე შეეშლება, ეს ძვირად დაუჯდება, რადგან შერცხვენის შემდეგ "კაცობის" სტატუსის კვლავ დაბრუნება მეტისმეტად რთულია. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი ფილმის მთავარი გმირი ნიკაა, რომელსაც პასუხისმგებლობის დიდი ლოდი აქვს შემოგდებული სუსტ მხრებზე, რადგან ცდილობს "მთავარი კაცი" იყოს, ეს კი ბევრ რამეზე უარის თქმას გულისხმობს, განსაკუთრებით კი შინაგანი ემოციების გამოხატვაზე, ანუ ფემინურობის ყოველგვარ გამოვლინებაზე — არსებულ ემოციათაგან მხოლოდ ბრაზია მისაღები. თანაც, რაც უფრო შეუკავებელი იქნება, მით უკეთესი.
ერთ სივრცეში გამოკეტილი არასრულწლოვანი დამნაშავეები თავიანთ მკაცრ წესებსა და კანონებს მისდევენ, რომლებსაც ყველა უნდა ემორჩილებოდეს — რა არის მისაღები და რა მიუღებელი, ვის არის მნიშვნელოვანი და ვინ პირიქით და ასე დაუსრულებლად. მათი ცხოვრების წესი ხანდახან ისეთ სასტიკ სახეს იღებს, რომ ლიტერატურის მოყვარულებს მარტივად შეიძლება გაახსენდეთ უილიამ გოლდინგის რომანი ბუზთა ბატონი, რომელშიც კუნძულზე მარტო დარჩენილი ბავშვები სწორედ ასეთივე ძალადობრივი მეთოდებით იწყებენ თანაცხოვრებას. ოღონდ აქ ერთი რამეა საყურადღებო: უილიამ გოლდინგიცა და უტა ბერიაც ექსტრემალურ პირობებში აღმოჩენილი ბავშვების უიშვიათეს შემთხვევაზე კი არ გვიამბობენ, პირიქით — ამით დაუნდობლად აშიშვლებენ იმ მოდელს, რომელითაც მთელი ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ფუნქციონირებს.
მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, თავდაპირველად მაყურებელმა ინსტიქტურად მოირგოს მორალური სათვალე და გამოსასწორებელ დაწესებულებაში მოხვედრილი "დამნაშავე" არასრულწლოვნების ყოველი ქმედება მკაცრად განსაჯოს, ფილმის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება: ხვდები, რომ ისინი არა ბოროტი, დეჰუმანიზირებული არსებები, არამედ უბრალოდ რიცხვები არიან, რომლებიც თან არსებობენ და თან არა, როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი განმარტავს მათემატიკაში უარყოფითი რიცხვების მნიშვნელობას. ისინი უბრალო რიცხვები არიან, რომლებიც სახელმწიფო უწყების ანგარიშში მოხვდებიან, როგორც კრიმანული დანაშაულებების სტატისტიკური მაჩვენებელი. მათ მეტი ღირებულება ამ საზოგადოებაში უბრალოდ არ გააჩნიათ.
გამართული სცენარითა და კამერის ოსტატური მუშაობით რეჟისორი ახერხებს ფილმში ისე დახატოს თითოეული გმირის სახე, რომ უსიტყვოდ გვაჩვენოს, თუ როგორ მოისროლა საზოგადოებამ ისინი ნაგავსაყრელზე. იმასთან ერთად, რომ "დანაშაულებრივი წარსულის გამო" ისინი არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან, ყველა, ვინც შეიძლება მათი უკანასკნელი იმედი ყოფილიყო, კიდევ ერთხელ ჰკრა ხელი მათ — იქ მყოფი უახლოესი მეგობრის დახმარების იმედი ბოლომდე არ უნდა გქონდეს, რადგან არსებული სოციალური ნორმები გაიძულებს, რომ მარტო გადარჩე და თუ ამას ვერ შეძლებ. ესე იგი სუსტი ხარ და ეს შენი პრობლემაა; სახელმწიფო უბრალოდ ვერ გხედავს და მათ შორის არც იმ ჩალურჯებებს იმჩნევს შენს სხეულზე, რომლითაც მისმა ხელქვეითებმა უყოყმანოდ დაგდაღეს; ხოლო უკანასკნელმა ნუგეშისმცემელმა — ეკლესიამ, რომელმაც ყველასგან უარყოფილი და უიმედო თავის კალთაში უნდა ჩაგიწვინოს და მოურიდებლად ქვითინის საშუალება მოგცეს, შესაძლოა მაინც გამოგიხუროს კარი, თუ, მაგალითად, გაბედავ, სუსტი აღმოჩნდები და თავს მოიკლავ.
ფილმის ერთ მონაკვეთში მთავარი გმირი, ნიკა ტელეფონზე საუბრისას თავის ძმას, რომელიც მითითებებს აძლევს, თუ რა გზა უნდა გაიაროს ნამდვილ კაცად გახდომამდე, რაც მას სხვების მართვისა და შესაბამისად, ჩაგვრის საშუალებას მისცემს, უცებ კითხულობს: "რატომ ვაკეთებთ ამას?" ბავშვობიდან მოყოლებული, როცა ვხედავდი, რომ ფეხბურთს მხოლოდ ბიჭები თამაშობდნენ, საშინაო საქმეებს კი პატარა გოგოებს ავალებდნენ; როცა ვხედავდი თუ რა ხდებოდა ოჯახებში, ვინ აკეთებდა საჭმელს და ვინ იჯდა შემდეგ სუფრაზე; როცა ვისმენდი სადღეგრძელოებს, როცა მეუბნებოდნენ რა უნდა გამეკეთებინა, როგორც ბიჭს და რა არა; როცა გუმანით ვხდებოდი, თუ რა იყო საჭირო, რომ გადავრჩენილიყავი, რადგან ყველას ერთად გადარჩენა ამ საზოგადოებას უბრალოდ არ სჭირდებოდა; სწორედ მაშინ, ყოველთვის მინდოდა ხმამაღლა მეკითხა: რატომ ვაკეთებთ ამას?
და აი, ქართულ კინოშიც გაისმა იგივე კითხვა, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოყვა წინააღმდეგობა — ძალაუფლების მქონე ზემდგომები, ყოველთვის გაიძულებენ, რომ არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სისტემაში იმ ჭანჭიკის ფუნქცია შეასრულო, რომელიც შენთვის აქვთ განსაზღვრული, მაგრამ თუ გაბედავ და ამაზე უარს იტყვი, მაშინ ძალიან გაბრაზდებიან.
მაგრამ არაუშავს, საკუთარი თავისუფალი არჩევანით მოგვრილ სიმშვიდეს მათი სიბრაზე ვერაფერს დააკლებს — დაე, გვიყვირონ, გვაგინონ და შეგვარცხვინონ. ძალადობრივი, სხვების დამცირებაზე დამყარებული წესებით ცხოვრებას ყველაფერი აჯობებს.
კომენტარები