თბილისში დაჭრილი და ნაცემი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ამის შესახებ On.ge-ს დაზარალებულის ადვოკატმა ციალა რატიანმა აცნობა:

"მისი მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება".

14 ოქტომბერს ღამით თბილისში 32 წლის ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც საზოგადოება ზიზის სახელით იცნობს, დაჭრეს. მას თავი გაუჩეჩქვეს და ყელი გამოჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მისი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა, რომელსაც წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს.

მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელის ქცევა "საზოგადოებისთვის მომატებულ საფრთხედ" შეაფასა და მისი იზოლირება მიიჩნია საჭიროდ.