პარლამენტის ერთ-ერთ ჭიშკარს კიდევ ერთი ბოქლომი დაადეს, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადააკრეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ პოლიციას არ დარჩება სხვა გზა და გადაჭრის საქართველოს დროშას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. მისი თქმით, ასეთი რამ სამართალდამცველებმა არ უნდა გააკეთონ.

"საქართველოს დროშა იცავს საქართველოს პარლამენტს და არის ხალხის მხარეს", — თქვა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეუშვებენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაიშალა კარვები და დააწყვეს ქვიშის ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.