სარკე — ლამაზი ნივთის მახინჯი ისტორია
სარკეები მბზინავი და მომნუსხველი ნივთები არიან, რომლებიც უკვე რამდენიმე ათასი წელია, ამოუცნობი ძალით გვიზიდავენ. მათ, ამასთან, ჩვენი საზოგადოების დამახინჯებული პრიორიტეტების შესახებ იმაზე მეტის ჩვენება შეუძლიათ, ვიდრე გვსურს, რომ დავინახოთ.
რვა ათასი წლის წინ, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ერთი ხელოსანი საკუთარ სახლში იჯდა და ვულკანური წარმოშობის მინის, ობსიდიანის ნატეხს ხელებით სათუთად წმენდდა და აპრიალებდა მანამ, სანამ მან მცხუნვარე მზის შუქზე არ გამოანათა. სწორედ ამ მომენტში ვულკანური კლდის ეს პატარა ნატეხი გასაოცარ ნივთად გარდაიქმნა. შავი ქვის ზედაპირზე ხელოსანმა თავისი გამოსახულების დანახვა შეძლო; მასშივე აირეკლა წინაპრების ძვლებზე ნაშენი სახლის შიდა კედლები, რომლებსაც ობსიდიანის მუქმა ბზინვარებამ ფერი ჩამორეცხა. მაგრამ ამით სამუშაო არ დასრულებულა. ხელოსანმა თეთრი თაბაშირი აიღო და ქვის დისკოს ერთ მხარეს წრიული მოძრაობებით გადაუსვა. საბოლოოდ, ნაკეთობა ადრეულ აგრარულ საზოგადოებაში მცხოვრები ქალის საფლავში მოხვდა და ის არქეოლოგებმა 1960 წელს აღმოაჩინეს. ეს ნივთი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სარკედ ითვლება.
ჩათალჰოიუქის დასახლების არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი, იან ჰოდერი ამბობს, რომ მისი გუნდის მიერ ნაპოვნი "ხუთი თუ ექვსი" სარკიდან ყველა ქალთა საფლავების ზედა მარჯვენა კუთხეებში აღმოაჩინეს. "ყველა მათგანი ძალიან ლამაზია", - ამბობს ის, - "ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ იმ პერიოდში სარკის მსგავსი ნივთები ექნებოდათ. ეს იმ ტიპის დასახლებაა, რომელიც ნადირობა-შემგროვებლობის პერიოდის დასრულების შემდგომ ხანაში გვხვდება. ეს არც თუ ისე განვითარებული საზოგადოება გახლდათ, ამიტომ გაგვაკვირვა ასე ძალიან ამ აღმოჩენამ. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, იმ პერიოდში სარკეებს, სავარაუდოდ, მომავლის წინასწარმეტყველბისთვის ან მათ ზედაპირზე არეკლილი გამოსახულებების საშუალებით სულების სამყაროს უკეთესად შესაცნობად იყენებდნენ. თუმცა დანამდვილებით ალბათ ვერასოდეს გავიგებთ, რა დანიშნულება ჰქონდათ მათ".
სარკეები საიდუმლოებით, ცდუნებითა და შიშით მოცული ნივთები არიან. ისტორიის მანძილზე ისინი საკრალურ მიზნებსაც ემსახურებოდნენ და - ავხორცულსაც. მათი დამზადების ტექნოლოგია წარსულში საიდუმლოდ ინახებოდა და მისი გამჟღავნებისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ. ის კარგა ხანს ფუფუნების საგანი იყო, რომლით სარგებლობაც მხოლოდ მდიდრებსა და ძლევამოსილებს შეეძლოთ. დღეს კი ჯიბესა თუ ჩანთაში პატარა სარკე ლამის ყველას მოგვეპოვება. და, თუ ის სახლში დაგვრჩება, შეგვიძლია, მისი ფუნქცია მობილური ტელეფონის ეკრანს შევასრულებინოთ.
ხშირ შემთხვევაში, როცა რაიმე ნივთი ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება, ის ძველ მიმზიდველობას კარგავს. მაგრამ სარკეებს ჩვენზე მომაჯადოებელი ზეგავლენა დღემდე აქვთ. ჩვენ კვლავ გვსურს მათში ჩვენი გამოსახულების დანახვა ან მომავლის განჭვრეტა. თუმცა მათდამი მოწიწებული დამოკიდებულება ნამდვილად დაიკარგა. ჩვენ მათ მიცვალებულებს საფლავში აღარ ვატანთ და მეტწილად აღარც მათი ზებუნებრივი ძალის გვჯერა. ამის მიუხედავად, ჩვენ მათ ნებას ვრთავთ, შეგვიცვალონ თვითაღქმა და ჩაგვიმწარონ ბედნიერება. სარკეში ჩახედვა ყოველდღიურობის ნაწილია - ეს რაღაც ისეთია, რაც ქალების ქცევასთან ასოცირდება. ჩვენ ამის გაკეთების სურვილს ზედაპირულ თვითტკბობასთან ვაკავშირებთ და დაგვავიწყდა, რომ საკუთარი თავის დანახვა ერთ დროს რაღაც იდუმალისთვის ფარდის ახდის მსგავსი იყო. ჩვენ დაგვავიწყდა, აღფრთოვანებითა და ხალისით როგორ შევხედოთ სარკეში არეკლილ ჩვენს გამოსახულებებს. ამის ნაცვლად, ჩვენ შიშითა და ეჭვით ვუყურებთ საკუთარ თავებს - თითქოს იმის ცოდნა, თუ როგორად აღგიქვამს სამყარო, გამოუთქმელ საფრთხეს შეიცავდეს.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, საკუთარი გამოსახულების დანახვის დაუცხრომელი სურვილი ევოლუციური პროცესების გავლენით გაგვიჩნდა. ამ ხედვის თანახმად, ჩვენ მბზინავი ძვირფასი ქვები და საგნები იმიტომ გვხიბლავენ, რომ ისინი ჩვენში სიცოცხლის წყაროს - წყლის ასოციაციას იწვევენ. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული 2003 წლის კვლევის მიხედვით, ახალშობილებისთვისაც კი ბრჭყვიალა თეფშები გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე სხვა, უბრალო საგნები. ამასთან, ის ტომებიც კი, რომელთაც რესურსების მოსაპოვებლად მეზობლებთან ბრძოლა არ უწევდათ და არც ფუფუნების საგნების შეგროვება და ვაჭრობა სჭირდებოდათ, ოქროსა და სხვა ძვირფას ქვებს მაინც იმარაგებდნენ. მათთვის ოქრო, წესით, ერთი რიგითი ქვა უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს ასე არ ყოფილა, რადგან ადამიანებს მბზინავი ნივთები მოგვწონს.
ზუსტად არავინ იცის, როდის შეძლეს ადამიანებმა თავიანთი გამოსახულების პირველად დანახვა. თუმცა ამ მომენტის წარმოდგენას ბევრი შეეცადა. ამერიკელი მეცნიერი და მწერალი, მარკ პენდერგრასტი 2003 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, სარკევ, სარკევ, იმ ჰომინიდის შთამბეჭდავ სურათს გვიხატავს, რომელიც წყალს პატარა გუბურიდან სვამს: "წარმოიდგინეთ სცენა: აფრიკული სავანა გადაუღებელი წვიმების შემდეგ", - წერს ის. ცნობისმოყვარეობისგან წარბებაწეული ეს უსახელო ფიგურა გაოცებული შესქცერის "არსებას, რომელიც მას უკან შემოჰყურებს". თავიდან ფრთხილობს. "მტერი, ხომ არაა?" - ფიქრობს ის. შემდეგ კი ცელქობას იწყებს. კაცი საკუთარ თავს თვალს უკრავს, ცხვირს თითით ეხება და კბილებს კრიჭავს. "რაღაც დონეზე მაინც ხვდება, რომ ისინი იდენტურები არიან, მაგრამ, ამავდროულად, განსხვავებულებიც", - წერს პენდერგრასტი.
ასეთი რამ მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო. სხვადასხვა სახის ადრეული ჰომინიდები, ასე, შესაძლოა, უამრავჯერ მოქცეულან. ისინი ჩვენ საოცრად გვგვანან - მიუხედავად მუდმივი განვითარებისა, "ადამიანის სხეულის ფორმები 100 ათასი წლის განმავლობაში საგრძნობლად არ შეცვლილა", - განგვიმარტავს პალეონტოლოგი სტივენ ჯეი გულდი, - "კრომანიონელები ანატომიურად ჩვენნაირები იყვნენ და არა - წელში მოხრილი, ცხოველური ხმების გამომშვები არსებები". მათ, შესაძლოა, ისევე შეჰყვარებოდათ საკუთარი ანარეკლები, როგორც ეს ძველბერძნულ ნარცისის მითშია აღწერილი. შესაძლოა, მათ საკუთარ მუქ და იდუმალ თვალებში ყურება აჯადოებდათ.
არც ისაა გამორიცხული, რომ ჩვენი წინაპრები თავიანთი გამოსახულების დანახვისას დელფინებივით, სპილოებივით ან თუნდაც კაჭკაჭებივით იქცეოდნენ. ცხოველთა ფსიქოლოგი დაიანა რეისი ამბობს, რომ ცხოველები თავიანთი გამოსახულების შეცნობამდე რამდენიმე ეტაპს გადიან. თავდაპირველად ისინი ცდილობენ, სარკის მიღმა გაიხედონ, მერე სხვადასხვა მოძრაობას ასრულებენ, რომელსაც სარკეში აკვირდებიან. და როცა გააცნობიერებენ, რომ ისინი, მართლაც, საკუთარ თავებს ხედავენ, ბევრი ცხოველი სარკეს მათთვის მანამდე უხილავი სხეულის ნაწილებზე დასაკვირვებლად იყენებს.
ჩვენც ყველას გვრჩება თვალი ვერცხლზე, წყალზე თუ შუშაზე არეკლილ საკუთარ გამოსახულებაზე. მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოვიყურებით. ეს განსაზღვრავს ჩვენი კარიერული და პირადი ცხოვრების ტრაექტორიასაც კი. ჩვენ ადამიანებს მათი შესახედაობის საფუძველზე ვაფასებთ და სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ უფრო მეტ ღირებულებას მას ვანიჭებთ, ვინც კულტურაში იმ მომენტში დაწესებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამიტომ საკუთარი თავის დანახვის შესაძლებლობა და იმის გაცნობიერება, თუ როგორ გვხედავენ გარშემომყოფები, არსებობისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
ალბათ ამიტომაა, რომ სარკეები უკვე დიდი ხანია, რაც ჯადოქრობასთან ასოცირდებიან. თუ მათ შეუძლიათ საკუთარი თავები, ანუ ისეთი რამ დაგვანახონ, რასაც სხვანაირად ვერ დავინახავდით, მაშინ, რატომ არ შეიძლება, რომ მათში თვალთაგან დაფარული სხვა საგნებიც ირეკლებოდეს; მაგალითად, სულები, მოჩვენებები ან თუნდაც - მომავალი. მსოფლიოს სხვდასხვა კულტურაში სარკეების შესახებ განსხვავებული მითები არსებობს. ერთი წყაროს თანახმად, ძველბერძნები სარკეს მთვარის შუქის დასაჭერად იყენებდნენ, რის შედეგადაც მომავლის დანახვა იყო შესაძლებელი. რომში კი არსებობდნენ მისნები, რომლებსაც დაორთქლილ სარკეში მომავლის სურათების დანახვა შეეძლოთ. თეოლოგთა ნაწილის აზრით, ძველი აღთქმაც კი შეიცავს ინფორმაციას სარკით წინასწარმეტყველების შესახებ. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ იოსები ვერცხლის ჭიქაში ყურებით ღმერთისგან მინიშნებებს იღებდა.
იმის რწმენამ, რომ სარკეში ჩახედვა პარანორმალური ცოდნის მიღების გზას წარმოადგენს, კულტურებსა და საუკუნეებს გაუძლო. მეზოამერიკაში რკინისგან, ობსიდიანისგან და მაგნეტიტისგან დამზადებულ სარკეებს დეკორატიული და მაგიური მიზნებისთვის იყენებდნენ. 1940 წელს არქეოლოგებმა მექსიკის ტერიტორიაზე გათხრილ საფლავში ძველი წელთაღრიცხვის 600 წლით დათარიღებული ჩაზნექილი ქვის შვიდი სარკე აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი აზრით, მფლობელთა მაღალ სტატუსს უსვამდნენ ხაზს და ცეცხლის გაჩაღებისთვის გამოიყენებოდნენ (ამ წრიული სარკეების ზედაპირის კუთხეები გახვრეტილი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ყელსაბამად ხმარობდნენ). ოლმეკებისთვის სარკე რელიგიური დატვირთვის მქონე ნივთი იყო, რომელსაც მზის ღმერთთან აკავშირებდნენ, რადგან მისი საშუალებით ცეცხლის დანთება შეეძლოთ.
რამდენიმე ასეული წლის შემდეგ მაიას ტომის მოსახლეობა სარკეს იმავე მიზნებისთვის იყენებდა. ისინი მათ მიცვალებულებს საფლავში ატანდნენ. მკვლევართა აზრით, სარკეებს "ელიტის წარმომადგენლები მომავლის წინასწარმეტყველებისთვის განკუთვნილ იდუმალ საგნებად მიიჩნევდნენ". წიგნში, წარმოებული სინათლე: სარკეები მეზოამერიკულ სამყაროში, ანთროპოლოგი მარკ ბლეინი ამბობს, რომ მაიას მოსახლეობა სარკეებს "ალტერნატიული განზომილების ფანჯრად" აღიქვამდა. ეს ის ადგილი გახლდათ, სადაც მათი წინაპრები და ღმერთები განისვენებდნენ - უხილავი, თუმცა ძლიერი ძალებით სავსე მიწა.
ჩინელები სარკეს საკუთარი აღნაგობის დასანახავადაც იყენებდნენ და - სპირიტული დაცვისთვისაც. მათ ლითონისგან სარკეების დამზადება დაახლოებით 4,000 წლის წინ დაიწყეს. ხელოსნები წრიული ფორმის ბრინჯაოს სარკეებს ქმნიდნენ, რომელთა მეორე მხარე მოხატულობებით იყო დაფარული. მათზე გამოსახული იყო ნამდვილი და გამოგონილი ცხოველები, კულტურული მნიშვნელობის მქონე მცენარეები და ყვავილები და მზის ნათების და სინათლისა და სიკაშკაშის სიმბოლოები. ამ ძვირადღირებულ ტოტემურ ნივთებს მდიდრები დამზადებისთანავე იძენდნენ.
ზოგიერთი მათგანი სარკეს ზუსტად იმავე მიზნისთვის იყენებდა, რისთვისაც მას დღეს ვხმარობთ - მაკიაჟის გასაკეთებლად, წარბების კორექტირებისთვისა და საკუთარი თავის ნათლად დასანახავად. თუმცა ბევრი მათ მაგიურ ან რელიგიურ მნიშვნელობასაც ანიჭებდა. ტრადიციის თანახმად, ადამიანის გარდაცვალებისას სარკეები ან ნაჭრით იფარებოდა ან, საერთოდ, სახლიდან გაჰქონდათ. ამასთან, ამ ნივთებს ჩინელები თავიანთ გარდაცვლილებს საფლავებშიც ატანდნენ, რადგან სწამდათ, რომ მათ ბოროტი სულების განდევნა და სახლებისა თუ საფლავების გაძარცვისგან ან სხვა უბედურებისგან დაცვა შეეძლოთ. შანჰაის მუზეუმში მომუშავე მაჰ ჯინჰონგის თქმით, "ჩინელები ფენ-შუის, სივრცის მოწყობის უძველესი ჩინური ხელოვნების გავლენით, ახლაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სარკეების სახლში განთავსების ადგილს. გავრცელებული რწმენის თანახმად, სარკეების მდებარეობა ენერგიის ნაკადზე ახდენს გავლენას".
ნოსტრადამუსი, მეთექვსმეტე საუკუნის ფრანგი ასტროლოგი, ცნობილი იყო, როგორც ბროლის ბურთში მომავლის ამოკითხვის უნარის მქონე მისანი. სპირიტუალისტები წინასწარმეტყველებისას ობსიდიანის სარკეებს კვლავ აქტიურად იყენებენ. ზოგს სჯერა, რომ ეს ტექნიკა პარალელური განზომილებების დანახვის საშუალებას იძლევა. სხვები კი ფიქრობენ, რომ ამ გზით ჩვენს თავებში ჩაბუდებულ საიდუმლოთა ამოხსნა ან მომავლის დანახვაა შესაძლებელი. როგორც ვიქტორიანული პერიოდის ქალბატონები სთხოვდნენ სარკეებს, დაენახებინათ, ვინ იყო მათი ჭეშმარიტი გულისწორი, ზუსტად ასე, მილიონობით ადამიანი მისჩერებია დღეს სარკეს იმ იმედით, რომ მისი დახმარებით სწრაფი წარმატების მიღწევის გზას იპოვის.
ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ქვისგან დამზადებული სარკეები დღემდე იყიდება. შესაძლოა, მათ ეფექტიანობაში ეჭვი შეგეპაროთ, თუმცა როგორც ჰოდერი ამბობს, ჩათალჰოიუქში აღმოჩენილი სარკეებიც კი გამოსახულებას მშვენივრად ირეკლავდნენ. რა თქმა უნდა, ლითონისგან დამზადებული სარკეები უკეთესი ხარისხისაა და უფრო მარტივი მოსავლელიც არის, მაგრამ ადამიანებს მადნეულის დამუშავებაში გასაწაფავად გარკვეული დრო დასჭირდათ და სხვადასხვა კულტურაში ამ მეთოდის გამოყენება განსხვავებულ პერიოდში დაიწყეს.
მესოპოტამიაში დამზადებული სპილენძის სარკეები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წლით თარიღდებიან, ხოლო ეგვიპტეში - ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2000 წლით. ქვისგან დამზადებულებისგან განსხვავებით, ეს სარკეები უფრო მსუბუქები იყვენენ და ფერებსაც უკეთესად ირეკლავდნენ. თუმცა სრულყოფილებამდე მათ კიდევ ბევრი აკლდათ. რომაელი მწერალი, პლინიუს უფროსი, წიგნში, ბუნების ისტორია, გვეუბნება, რომ ქალაქ სიდონში სარკეებს შუშისგან პირველ საუკუნეში ამზადებდნენ. თუმცა მეცნიერებს მხოლოდ მეორე საუკუნით დათარიღებული შუშის სარკეები აქვთ აღმოჩენილი. ამ სარკეების მინა უსწორმასწოროა და ისინი სიდიდით რვა სანტიმეტრს არ აღემატებიან.
ამ ეტაპიდან მოყოლებული სარკეების განვითარების პროცესი შეყოვნდა. ევროპაში, აზიასა და შუა აღმოსავლეთში ლითონისგან დამზადებული სარკეები ინარჩუნებდნენ პოპულარობას. როგორც ჩანს, შუშის სარკეები ან ნაკლებად მოსწონდათ ან ამრეკლავი ლითონის ფენით შუშის დაფარვის ტექნიკაში მოიკოჭლებდნენ.
ევროპაში ლითონისგან დამზადებული სარკეების შუშის სარკეებით მასობრივად ჩანაცვლება მხოლოდ 1400-იანი წლებიდან დაიწყო. კარგად დამუშავებული პირველი მოდელები ვენეციის ლაგუნაში მდებარე კუნძულ მურანოზე იქმნებოდა. მეცამეტე საუკუნიდან მოყოლებული ვენეცია მინის მწარმოებელ ქალაქად იქცა. აქაურობა მთელი ევროპიდან იზიდავდა ნიჭიერ ხელოსნებს, რომლებსაც როგორც ხელოვანებს, ისე ეპყრობოდნენ.
ცნობილი არაა, თუ ვის ეკუთვნის ვენეციური სარკის დამზადების ფორმულა, არც ის ვიცით, პირველი თანამედროვე სარკის დასამზადებლად ვინ წაუსვა შუშის უკანა მხარეს ლითონთა მდნარი ნაზავი. მურანოში მინის მწარმოებლები და ვენეციის მთავრობა სარკეების დამზადების ტექნოლოგიას საიდუმლოდ ინახავდნენ. მისი გამხელა სიკვდილით ისჯებოდა და თუ მინის შექმნის რომელიმე ოსტატი მურანოდან გამგზავრებას გაბედავდა, მისი ოჯახის წევრები ზოგჯერ ტყვეობაში აჰყავდათ, რათა მისი დაბრუნება დაეჩქარებინათ.
თუმცა ამ მკაცრად გაკონტროლებულ სფეროში ხელოსნები მაინც მუდმივად ცდილობდნენ თავიანთი ნამუშევრის ახლებურად გალამაზებას და უფრო დიდი და შთამბეჭდავი სარკეების შექმნის მეთოდების შემუშავებას. ზოგი შუშას ტყვიას უმატებდა; ზოგი ზედაპირზე მოელვარე ოქროს ნაწილებს ურთავდა; ზოგიც კი სარკეებს გაპრიალებული და შეთხელებული ვერცხლით ან ვერცხლისწყლისა და რკინის შენადნობით აპირკეთებდა. ეს მასალები ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე უსაფრთხოა, განსაკუთრებით კი - ვერცხლისწყალი, რომელიც მომწამვლელი ნივთიერებაა. იმ მუშებს, რომლებიც აორთქლებულ ვერცხლისწყალს ისუნთქავდნენ, შესაძლოა, ხასიათსა და ქცევაში არაჯანსაღი ცვლილებები განვითარებოდათ, თირკმლების ფუნქციონიერება შეფერხებოდათ და ხელების კანკალი დაწყებოდათ. ხელოსნებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რა იწვევდა მათში ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგრამ მათ შემოსავლის ერთადერთი წყაროს დაკარგვის ეშინოდათ.
ამის მიუხედავად, ვენეციური სარკეები რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ფუფუნების საგნებად რჩებოდა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ პარიზში ამ ნივთის ქონა ყველას სურდა. წიგნის, სარკის ისტორია, ავტორი, საბინ მელქოირ-ბონეტი ამბობს, რომ "ვერცხლით მოპირკეთებული ვენეციური სარკე რაფაელის ნახატზე უფრო ძვირადღირებული იყო: სარკე 8,000 ფუნტი ღირდა, ნახატი კი მხოლოდ 3,000 ფუნტი". რადგან სარკეები ასეთი მოთხოვნადი იყო, გავლენიანმა ფრანგებმა ვენეციელი ხელოსნების გადაბირება გადაწყვიტეს. ის, ვინც საფრანგეთში მათი დამზადების ტექნიკას შეიტანდა, მეფე ლუი XIV-ისგან და სარკეებზე შეყვარებული მოსახლეობისგანაც დიდ ჯილდოს მიიღებდა.
1660-იანი წლების დასაწყისში ლუი XIV-ის ფინანსთა მინისტრმა, ჟან-ბატისტ კოლბერტმა, მურანოდან რამდენიმე ხელოსნის გადაბირება მოახერხა. თუმცა 1667 წელს - იქამდე, სანამ საფრანგეთი წარმოების ამ სფეროში ვენეციისთვის კონკურენციის გაწევას მოასწრებდა - ორი ხელოსანი მოულოდნელად გარდაიცვალა. ერთ მათგანს ციებ-ცხელება შეეყარა და რამდენიმედღიანი ტანჯვის მერე განუტევა სული. მეორე კი უჩვეულო მუცლის ტკივილის შეგრძნებების შედეგად მოკვდა. ეს ხელოსნები მუშაობისას მძიმე ლითონებს იყენებდნენ, რომლებიც მომწამვლელ ნივთიერებებს გამოყოფდნენ, თუმცა მათი სიკვდილი სამუშაო პირობებთან არ დაუკავშირებიათ. გადარჩენილები შიშმა შეიპყრო. კოლბერტის ქარხანამ "ორი საუკეთესო ხელოსანი დაკარგა და მათმა გარდაცვლებამ ქარხნის მუშაობის პარალიზება გამოიწვია", - წერს მელქოირ-ბონეტი, - "გვამების გაკვეთა მოითხოვეს და ქარხნის მმართველმა, დუნოიერმა, ხელოსნების მოულოდნელ სიკვდილში მაშინვე ვენეციის მთავრობა დაადანაშაულა".
ეს ინციდენტი სარკეების გარშემო გაჩაღებული ძალადობის არც დასაწყისი და არც დასასრული ყოფილა. ჯერ კიდევ 1547 წელს ორი ვენეციელი ხელოსანი გერმანიაში გადასახლების მცდელობის გამო მოკლეს. ქვეყნიდან წასულ სხვა ოსტატთა ოჯახის წევრებს კი გალერას ტიპის ხომალდებზე მონებივით მენიჩბეებად ამუშავებდნენ. ეს ძალადობისა და ინტრიგების კასკადი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა. იტალიელები ჯაშუშებს საფრანგეთში გზავნიდნენ, ფრანგები კი - იტალიაში. საბოლოოდ, 1670 წელს საფრანგეთის სამეფო მხარდაჭერის მქონე ერთ-ერთმა კომპანიამ მრავალი ცდის მერე აღმოაჩინა, როგორ დაეთხელებინათ, დაეფარათ და გაეწმინდათ შუშის დიდი პანელები. საიდუმლოს ფარდა აეხადა და კოლბერტის ხელოსნებმა ეს ცოდნა მალევე სხვა ფრანგ ხელოსნებსაც გაუზიარეს. 1684 წელს ვერსალის სარკეებიანი დარბაზის გახსნის შემდეგ ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სარკის დამზადების საგულდაგულოდ შენახულმა საიდუმლომ ერთხელ და სამუდამოდ დააღწია თავი კუნძულ მურანოს.
სარკეების ისტორია მარტო იმიტომ არაა შავ-ბნელი, რომ მათი უკანა მხარის დასაფარად მომწამვლელი ვერცხლისწყალი გამოიყენებოდა; ან თუნდაც იმიტომ, რომ მათზე მომუშავე ოსტატთა მიზანმიმართული მკვლელობები მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპას სისხლიან ფონად გასდევდა. დიახ, ეს ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ ის ნელი, ჩუმი ტანჯვა, რომელსაც დღეს ჩვენი გამოსახულების დანახვისას განვიცდით, არანაკლებ შემაძრწუნებელია.
იმ პერიოდში, როცა სარკეს რელიგიასთან და ჯადოქრობასთან აკავშირებდნენ, ადამიანები ამ ნივთის ძალას მოწიწებით აღიარებდნენ. როცა თითქმის ფასდაუდებლები გახდნენ, ისინი სილამაზისა და ფუფუნების ობიექტებად იქცნენ. მაგიურობასთან ასოციაციის დაკარგვასთან ერთად სარკეები უბრალო მბზინავი ნივთები გახდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ მას დღეს კაცებიც ისევე იყენებენ, როგორც ქალები, ეს ნივთი მაინც ფემინურობას უკავშირდება. სარკეში მომზირალი ქალის ხატი ზედაპირულ თვითტკბობასთან და, შესაბამისად, დასაძრახ და დასაცინ ქმედებასთანაა გაიგივებული.
მართალია, ჰოდერმა ვერ შეძლო, ზუსტად დაედგინა, რა დატვირთვა ჰქონდა მის მიერ აღმოჩენილ სარკეებს, თუმცა, მისი აზრით, ექვსივე სარკე ქალების საფლავებში რომ აღმოაჩინეს, სულაც არაა შემთხვევითობა. არქეოლოგებმა იმავე ტერიტორიაზე დეკორატიული კოსმეტიკის ნიმუშებიც იპოვეს. ამიტომ ის ვარაუდობს, რომ ქალები ობსიდიანის სარკეს თვალებისა და ტუჩების ცისფრად და წითლად შესაღებად იყენებდნენ.
ეს უჩვეულო ჰიპოთეზა სულაც არაა - ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტი წაწყდომია ასობით ისეთ ნახატს, რომლებიც სარკეზე მიშტერებულ ქალებს გვიჩვენებენ. ტიციანი, ედგარ დეგა, გიუსტავ კურბე, ედუარ მანე და მრავალი სხვა მხატვარი საკუთარი ნიჭის დემონსტრირებისთვის ხშირად მიმართავდა სარკის ზედაპირით გაორმაგებული ფემინური სხეულის წარმოჩენის მეთოდს. ზოგიერთმა მათგანმა თავის ნახატს ამაოება და ამაოების ალეგორიაც კი უწოდა. მათ ვერ შეძლეს მიმხვდარიყვნენ, თუ რა დატვირთვა აქვს ქალებისთვის სარკეში ყურებას. სინამდვილეში, ეს ქცევა მათთვის თვითგადარჩენის ფორმა იყო და დღემდე არის. სარკეში ყურებისას ქალი ვარჯიშობს. ის საკუთარი თავის ისეთად აღქმას ცდილობს, როგორადაც მას კაცები აღიქვამენ. ის საკუთარ ძალასა და ღირებულებას აფასებს და უნდა გაარკვიოს, როგორ შეიძლება ამ თვისებათა განმტკიცება.
სანამ ზემოთხსენებული მხატვრები ქალების ზედაპირულ არსებებად წარმოსაჩენად ამ თავიანთ კოხტა ნახატებს ქმნიდნენ, ბევრი სხვა კაცი შემოქმედი სარკეებს ისეთი კომპოზიციების შესაქმნელადაც იყენებდა, რომელიც მათ ტილოზე საკუთარი თავის გამოჩენის შესაძლებლობას მისცემდა. ამ გზით ისინი ნამუშევრის უკან მდგარ შემოქმედს ააშკარავებდნენ. ამ ტექნიკის ყველაზე ცნობილი მაგალითი ალბათ დიეგო ველასკესის მენინებია. ამ ტიპის ნახატებზე სარკე მხატვრის ტექნიკის წარმომჩენი საშუალებაცაა და საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების მახვილგონივრული გზაც. თუმცა იგივე ნივთი როცა ქალის სხეულთანაა დაწყვილებული, ამ უკანასკნელის დამამცირებლის ფუნქციას ასრულებს. ეს ცნობილი სიტყვები ხელოვნებათმცოდნე ჯონ ბერგერს ეკუთვნის: "შიშველ ქალს იმიტომ ხატავდნენ, რომ მისი ცქერა სიამოვნებდათ. მაგრამ როგორც კი მას ხელში სარკეს დააჭერინებდნენ, ტილოს მაშინვე ამაოებას არქმევდნენ და ამგვარად იმ ქალს გმობდნენ, რომლის სიშიშვლეც საკუთარი სიამოვნებისთვის გამოსახეს". მსგავს ნახატებში სარკეში მაცქირალი ქალები - კაც მხატვართა ავტოპორტრეტებისგან განსხვავებით - არასოდეს არიან რაიმე საქმით დაკავებულები; ისინი მხოლოდ იყურებიან.
მაგიურობისა და თაყვანისცემისგან განძარცვამ საკუთარი გამოსახულების დანახვის აქტს პოლიტიკური დატვირთვა შესძინა. შემთხვევითობა არაა, რომ ჩვენი თვითაღქმა სულ მეტად კარგავს ავტონომიურობას და საზოგადოების შეხედულებათა არეკვლის არეალად იქცევა. ეს ერთობ კლაუსტროფობული მდგომარეობაა. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ სარკე დაგებული მახეა, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ის საბრძოლო იარაღიცაა იმ სამყაროსთან გასამკლავებლად, რომელიც სილამაზის ნორმებს თვითნებურად აწესებს და სჯის მას, ვინც მის ჩარჩოებში არ მოექცევა. ალბათ ყველაზე ამაზრზენი რამ, რაც სარკეებს ახასიათებთ, სწორედ ეს არის. ისინი საზოგადოების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდიან, ვიდრე - ცალკეულ ინდივიდებზე. და ის, რასაც ისინი გვიჩვენებენ, მიმზიდველი ყოველთვის ნამდვილად არაა.
კომენტარები