როგორ შევიყვაროთ სიარული
პირველი, რაც ვარჯიშზე გვახსენდება, როგორც წესი, სავარჯიშო დარბაზი, მძიმე წონები, სარბენი ბილიკები, უხერხული გასახდელები და სახლს გარეთ შხაპის მიღების უცნაური გამოცდილებაა, თუმცა არსებობს ვარჯიშის ერთი სახეობა, რომელიც სრულიად უფასოა (წესით, ფულსაც ზოგავს), ძალიან სასარგებლოა და წინასწარ ფიზიკურ მომზადებასაც არ საჭიროებს. რაკი სათაური უკვე წაკითხული გაქვთ, ალბათ, მიხვდებით, რომ სიარულზე ვსაუბრობთ.
სულ უფრო და უფრო მეტი კვლევა ადასტურებს, რომ კვირაში 150 წუთი სიარული ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად ცვლის. ზოგ შემთხვევაში სწრაფ ტემპში სიარული სირბილზე უფრო ეფექტურია. ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის თანახმად, სირბილი გულის დაავადების რისკს 4,5%-ით ამცირებს, სიარული კი - 9,3%-ით.
კარგი ამბები ამით არ სრულდება: დღეში 30-წუთიან გასეირნებას ხუთი დღის განმავლობაში შეუძლია, რომ მშვიდი ძილი გაჩუქოთ, მეორე დღეს კი ყურადღების მოკრებაში დაგეხმაროთ.
როგორ დავიწყოთ
კვირაში 150 წუთ ფიზიკურ აქტივობას თუ 5 დღეზე გადაანაწილებთ, დღეში ნახევარსაათიან გასეირნებას მიიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ 30-წუთიანი სიარული ყველაზე ეფექტური მაშინაა, თუ პაუზას არ აიღებთ, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი მინ ლი გირჩევთ, დღეში 3-ჯერ 10-10 წუთით გაისეირნოთ, ხოლო უწყვეტ სიარულზე დროთა განმავლობაში გადახვიდეთ.
რაც უფრო მალე დაიწყებთ სიარულს, მით უფრო მალე იგრძნობთ განსხვავებასაც გონებასა და სხეულში. თუ მიზანი წონის დაკლებაა, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ 30-წუთიან სიარულს დაახლოებით 150 კალორიის დაწვა შეუძლია (დათვლილია 70-კილოგრამიანი ადამიანზე).
სიარული მენტალური ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა: ის დეპრესიის ხარისხს ამცირებს და თვითშეფასებაზე დადებითად მოქმედებს.
როგორ ვიაროთ "სწორად"
სიარულის პირველი წესი წელისა და მუცლის კუნთების ჩართვაა: სხეულის მთელ წონას ფეხებს ნუ აზიდვინებთ.
დარწმუნდით, რომ სიარულისას წელში არ იხრებით. ნიკაპი მიწის პარალელურად უნდა იყოს, არც წინ უნდა იხრებოდეთ და არც - უკან.
რა თქმა უნდა, გზასაც უნდა უყუროთ, რომ ფეხი რაიმეს არ წამოსდოთ, მაგრამ ნაცვლად ფეხსაცმელებზე ცქერისა, უბრალოდ ეცადეთ, მზერა რამდენიმე მეტრით წინ მიმართოთ, მხრები დაუშვით და ფეხის ტერფები მთლიანად შეიგრძენით: ქუსლიდან ფეხის წვერამდე.
სწორი ფეხსაცმლის გარეშე შორს ვერ წახვალთ: პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით
- შოპინგისას ფეხსაცმელი სქელ წინდებზე მოისინჯეთ. სიარულისას თქვენი ტერფი ზომაში გაიზრდება და ეს მნიშვნელოვან განსხვავებას შექმნის.
- მნიშვნელოვანია, რომ ფეხსაცმლის წვერი საკმაოდ ფართო იყოს, თვითონ ფეხსაცმელი კი - მოქნილი და მსუბუქი.
- ზოგიერთ მაღაზიას საკუთარი ბილიკი აქვს, რომ სასურველი ნივთი მოქმედებაში შეამოწმოთ.
უთხარით გამყიდველს, რომ ფეხსაცმელი სიარულისთვის გინდათ და სავარაუდოდ, ისეთ მოდელს შეგირჩევთ, რომელსაც უკანა მხარეს პატარა ჩაღრმავება აქვს. ეს დეტალი ქუსლზე დატვირთვას ამცირებს.
დროდადრო შეცვალეთ მარშრუტი და გაზომეთ თქვენი პროგრესი
იმის გასაგებად, რამდენი იარეთ, უამრავი მოწყობილობა და აპლიკაცია არსებობს. ზოგიერი აპლიკაცია იმის საშუალებასაც გაძლევთ, რომ მეგობრებს შეეჯიბროთ ან წინა რეკორდები მოხსნათ.
როგორც კი 30-წუთიანი სიარული თქვენთვის ჩვეულ პროცესად იქცევა, შეცვალეთ მარშრუტი, რომ მოწყენილობამ არ შეგიპყროთ:
- იარეთ აღმართებზე საჯდომის კუნთების გასავარჯიშებლად.
- სცადეთ დიდხანს სიარული გამძლეობის შესამოწმებლად.
- მოუსმინეთ საკუთარ სხეულს გრძელი გზის გავლის შემდეგ: როგორ გრძნობთ თავს? მზად ხართ კილომეტრების დასამატებლად თუ სჯობს კიდევ ერთი კვირა ეს ინტენსივობა შეინარჩუნოთ?
როცა შეგიძლიათ, აირჩიეთ გამწვანებული გზა. სიმწვანეში სიარული სტრესის დონეს ამცირებს, ხასიათს აუმჯობესებს და კონცენტრაციაში გეხმარებათ.
აუცილებელი არაა, მარტომ იაროთ
სიარულისას თავად ირჩევთ, ეს დრო გარემოს დასათვალიერებლად და პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოთ, თუ დიდი ხნის უნახავი მეგობრის სიახლეებთან "დასაწევად". სეირნობა რომ ადამიანური კავშირების გასაღრმავებლად იდეალური გზაა, ამის დასტური თუნდაც ისაა, რომ სეირნობისას პარტნიორები ფეხსაც ისევე ჰარმონიულად უწყობენ ერთმანეთს, როგორც დიალოგს.
სიარული შეიძლება გახდეს ინსპირაცია კონტაქტისთვის: სხვა ადამიანთან ან თქვენს ოთხფეხა მეგობართან, უცნობებთან და ქალაქთან, სიმწვანესთან და საკუთარ აზრებთან.
მთავარი პირველი ნაბიჯია.
ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაციისათვის სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა კამპანია წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების გაერთიანებას, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. ასე ჩამოყალიბდა ეკოისტი - მოძრაობა, რომლის წევრებიც ჯანსაღი ცხოვრების წესსა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ და ცდილობენ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.
შეუერთდი ეკოისტების ფეისბუქ ჯგუფს
კომენტარები