თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვაზე 60 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. როგორც ქალაქი მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი ვაგონების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით მოხდება.

მისივე თქმით, ვაგონების მოწოდება სამი წლის განმავლობაში განხორციელდება:

"მეტროს 40 ვაგონი იქნება პირველ ეტაპზე შეძენილი. ეს არის ოთხვაგონიანი ათი შემადგენლობა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა, რადგან ეს ჩვენთვის სიახლეა და მათი ექსპერტების ჩართულობით, ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაგონების შესყიდვა".

2018 წლის ოქტომბერში თბილისის მერმა განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოდან თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა დაწყება. როგორც მერმა აღნიშნა, დაახლოებით 8 ახალი მეტროსადგური იქნება, ჯამში კი 90 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

პრეზენტაციაზე ნაჩვენებ სლაიდებზე ჩანდა, რომ მეტრო ექსპლუატაციაში 2020-2021 წლებში, ეტაპობრივად, უნდა შევიდეს. მერმა აღნიშნა, რომ გეგმის მიხედვით, საწყის ეტაპზე, ექვსი შემადგენლობა ივლის და ინტერვალი 10-წუთიანი იქნება.