შეუძლია თუ არა მთვარეს ჩვენი ხასიათის შეცვლა
იდეა, რომ მთვარის ციკლს ადამიანის ხასიათზე გავლენის მოხდენა შეუძლია, სათავეს ათასობით წლის წინ იღებს, მაგრამ თანამედროვე მედიცინამ ეს მოსაზრება უმეტესწილად უარყო. ახალი კვლევების თანახმად კი, არის შანსი, რომ უძველეს თეორიებში სიმართლის მარცვალი ურევია.
დევიდ ეივერის ფსიქიატრიული კლინიკის ოთახში მჯდომი 35 წლის კაცი ინჟინერი იყო: "მას პრობლემების გადაჭრა მოსწონდა", - იხსენებს ეივერი. პრობლემა, რომელიც ინჟინერს იმ მომენტში აწუხებდა, როდესაც სიეტლის ფსიქიატრიულ განყოფილებაში ეივერის პაციენტად ჩაეწერა, მის ხასიათში იყო. კერძოდ, მისი განწყობა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გაუკონტროლებელი ინტენსივობით გადადიოდა და ხანდახან სუიციდურ ფიქრებსა ან არარსებული რაღაცების დანახვასა და გაგონებასაც მოიცავდა. მისი ძილის რეჟიმი არათანმიმდევრული იყო და ხან თითქმის სრული ინსომნიით, ხანაც ღამეში 12-საათიანი ძილით ხასიათდებოდა.
როგორც პრობლემების გადაჭრის მოყვარული, კაცი თავისი მდგომარეობის აღმწერ დეტალურ ჩანაწერებს აკეთებდა და მათ უკან მდგარი მნიშვნელობების ამოხსნას ცდილობდა. ეივერმა ეს ჩანაწერები დაწვრილებით შეისწავლა და დამაინტრიგებელი თავისებურება შეამჩნია: "მე მისი მდგომარების ცვლის რიტმულობამ დამაინტერესა", - ამბობს ის. პაციენტის ხასიათი და ძილის რეჟიმი დედამიწის ოკეანეების დონეთა აწევასა და დაწევას მიჰყვებოდა, რაც, თავის მხრივ, მთვარის გრავიტაციული მიზიდულობითაა განპირობებული.
"აღმოჩნდა, რომ როდესაც კაცის ძილის ხანგრძლივობა მოკლე იყო, იმ ღამით ზღვის დონეთა მკვეთრი მიმოქცევა ფიქსირდებოდა", - ამბობს ეივერი. მან თავდაპირველად ამ ორ მოვლენას შორის მიზეზობრივი კავშირის დანახვა სიგიჟედ ჩათვალა. და მაშინაც კი, თუ კაცის ხასიათის ციკლები მთვარესთან თანხვედრაში მართლაც იყო, მას არც ამის ახსნა შეეძლო და არც შესაფერისი მკურნალობის დანიშვნა. პაციენტს წამლები და სინათლის თერაპია გამოუწერეს, რათა მისი ხასიათი და ძილი ნორმაში ჩამდგარიყო და გარკვეული პერიოდის მერე კლინიკიდან გაწერეს. ეივერმა კაცის ჩანაწერები დოკუმენტების უჯრაში ჩააცურა, უჯრა კი მიხურა.
თორმეტი წლის შემდეგ ცნობილმა ფსიქიატრმა ტომას უერმა გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც 17 ისეთი პაციენტი აღწერა, რომელთაც სწრაფი ციკლური ბიპოლარული აშლილობა ჰქონდათ - ეს არის დაავადების ფორმა, რომლის დროსაც ადამიანები მანიაკალური მდგომარეობიდან დეპრესიულზე ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად გადადიან. კვლევაში მოხსენიებულ პირებს, ეივერის პაციენტის მსგავსად, დაავადების რიგ გამოვლინებათა დროს უცნაური თანმიმდევრობა ახასიათებდათ.
"ამ ციკლებთან დაკავშირებით იმან გამაოცა, რომ ისინი ბიოლოგიური პროცესისათვის არადამახასიათებელი სიზუსტით გამოირჩეოდნენ", - ამბობს აშშ-ში არსებული ბეთეზდის ფსიქიატრიის ეროვნული ინსტიტუტის ფსიქიატრიის ემერიტუსი, პროფესორი უერი, - "ამიტომ დამაინტერესა, იყო თუ არა რაიმე სახის გარეგანი ზეგავლენა ამ ციკლებზე - და იმ მრავალსაუკუნოვანი რწმენის გამო, რომ მთვარე ადამიანის ქცევაზე გავლენას ახდენს, მთვარის ზემოქმედების ვარიანტად განხილვა სრულიად ლოგიკურად ჩავთვალე".
საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს სჯეროდათ, რომ მთვარე მათ ქცევაზე გავლენას ახდენდა. სიტყვა lunacy, რომელიც სიგიჟეს ნიშნავს, ლათინური lunaticus-ისგან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით მთვარით დაავადებულს ნიშნავს. ქართულშიც მოიძებნება მსგავსი დატვირთვის მქონე სიტყვა - მთვარეული. ბერძენ ფილოსოფოსს არსიტოტელესა და რომაელ ბუნებისმეტყველ პლინიუს უფროსს სწამდათ, რომ მთვარე სიგიჟესა და ეპილეფსიას იწვევდა. ასევე, ორსულ ქალებზე ამბობდნენ, რომ სავსე მთვარის დროს უფრო ხშირად მშობიარობდნენ, თუმცა ნებისმიერი სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც მთვარის სხვადასხვა ფაზის დროს შობადობის სტატისტიკური ჩანაწერებითაა გამყარებული, მსგავსი დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა. ასევე არ მოიპოვება იმის მყარი მტკიცებულება, რომ მთვარის ციკლი ფსიქიატრიულ პაციენტებსა და პატიმართა შორის ძალადობისკენ მიდრეკილებას ზრდის; თუმცა ერთმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ღია ცის ქვეშ მომხდარი კრიმინალური აქტივობების რიცხვი, შესაძლოა, მაშინ იზრდებოდეს, როდესაც მთვარის შუქი უფრო მეტია.
ამასთან, არსებობს გარკვეული მტკიცებულება იმისა, რომ ძილი მთვარის ციკლის მიხედვით იცვლება. მაგალითად, 2013 წელს ძილის ლაბორატორიაში განსაკუთრებული კონტროლის პირობებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ, თვის დარჩენილ მონაკვეთთან შედარებით, ადამიანებს სავსე მთვარის დროს საშუალოდ 5 წუთით მეტი სჭირდებოდათ დასაძინებლად და, საბოლოოდ, 20 წუთით ნაკლები ეძინათ - მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთვარის შუქს ვერც კი ხედავდნენ. მათი ტვინის აქტივობის გაზომვამ კი აჩვენა, რომ სავსე მთვარისას ღრმა ძილის ხანგრძლივობა 30%-ით შემცირდა. თუმცა შემდგომმა კვლევამ ამ აღმოჩენის რეპლიკაცია ვერ შეძლო.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ძილის მკვლევრის, ვლადისლავ ვიაზოვსკის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ არც ერთი კვლევა თითოეული პაციენტის ძილს მთვარის ერთი მთლიანი ციკლის ან რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაკვირვებია. "ამ საკითხში გასარკვევად ერთადერთი გზა, ერთი და იმავე პაციენტის სისტემატურად და უწყვეტად, განსხვავებული ფაზების დროს შესწავლაა", - ამატებს ის.
ეს ზუსტად ის არის, რაც უერმა ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტების შესწავლისას გააკეთა, როცა ზოგიერთ შემთხვევაში მათი ხასიათის ცვლილების ეპიზოდებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა. "რადგანაც ადამიანები მთვარის ციკლებზე რეაგირების მიხედვით განსხვავდებიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩემს მთლიან შეგროვებულ მონაცემებში საშუალო სტატისტიკურ შედეგებს გამოიყვანდით, დარწმუნებული არ ვარ, რომ რაიმე ტენდენციას მიაგნებდით", - ამბობს უერი, - "ერთადერთი გზა თითოეული ადამიანის ინდივიდუალურად დაკვირვებაა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებ ლოგიკური რიგითობის შემჩნევას".
და როდესაც ზუსტად ასე მოიქცა, უერმა აღმოაჩინა, რომ მისი პაციენტები ორ კატეგორიად იყოფოდნენ: ზოგიერთის ხასიათი 14.8-დღიან ციკლს მიჰყვებოდა, სხვების კი - 13.7-დღიანს. თუმცა მათი ნაწილი ხანდახან ამ ციკლებს შორისაც მონაცვლეობდა.
მთვარე დედამიწაზე რამდენიმე გზით მოქმედებს. პირველი და ყველაზე აშკარა მთვარის შუქის ინტენსივობაა; სავსე მთვარე ყოველ 29.5 დღეში ამოდის და მას ახალი მთვარე 14.8 დღის მერე მოჰყვება. შემდეგი გავლენის წყარო მთვარის გრავიტაციული მიზიდულობაა, რომელიც ოკეანური მიქცევისა და მოქცევის ციკლებს ყოველ 12.4 საათში ერთხელ იწვევს. ამ მიმოქცევის სიდიდე დაახლოებით 2-კვირიანი პერიოდის - 14.8-დღიანი გაზაფხულის ციკლის - მიხედვით განისაზღვრება, რომელიც მთვარისა და მზის ერთობლივი მიზიდულობის შედეგია. მას კი მოსდევს 13.7-დღიანი შემცირების ციკლი, რაც მთვარის დედამიწის ეკვატორთან მიმართებაში მდებარეობით არის გამოწვეული.
უერის პაციენტების ხასიათის ცვლილებები, როგორც ჩანს, სწორედ ამ, დაახლოებით 2-კვირიან ციკლებთან იყო სინქრონიზებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ 13.7 ან 14.8 დღეში აუცილებლად ერთვებიან მანიაკალური მდგომარეობიდან დეპრესიულზე ან პირიქით, "უბრალოდ, თუ მსგავსი გადასვლა ხდება, ეს ნებისმიერ დროს კი არა, მთვარის მიქცევა-მოქცევის ციკლის კონკრეტულ ფაზას ემთხვევა ხოლმე", - ამბობს ეივერი.
უერის კვლევის წაკითხვის შემდეგ ეივერი მაშინვე დაუკავშირდა მას და შედეგად ორმა მეცნიერმა ხელახლა გააანალიზა ინჟინერი პაციენტის სამედიცინო ისტორია. მათ აღმოჩინეს, რომ ამ კაცმის ხასიათის ცვლაც 14.8-საათიან ციკლს ემთხვეოდა.
პაციენტების ხასიათებზე მთვარის ზემოქმედების დამამტკიცებელი კიდევ ერთი საბუთი იმ აღმოჩენას ეფუძნება, რომ ყოველ 206 დღეში ცვლილებათა რეგულარულ რიტმში მთვარის სხვა ციკლი იჭრება; კერძოდ კი, ის, რომელიც სუპერ მთვარის შექმნაზეა პასუხისმგებელი. ამ დროს მთვარის ელიფსურ (ან ოვალური ფორმის) ორბიტას თანამგზავრი დედამიწასთან განსაკუთრებით ახლოს მოჰყავს.
შვეიცარიაში არსებული ბაზელის უნივერსიტეტის ფსიქიატრიული კლინიკის ქრონობიოლოგი, ენ უირც-ჯასტისი მთვარისა და მანიაკალურ-დეპრესიულ ციკლებს შორის კავშირის შესახებ უერის მონაცემებს "დამაჯერებელს", თუმცა კი "კომპლექსურს" უწოდებს. "არავის არ აქვს წარმოდგენა, ამ დროს ზუსტად რა მექანიზმები მუშაობენ", - ამატებს ის.
თეორიულად, სავსე მთვარის სინათლეს ადამიანის ძილის შეფერხება შეუძლია, რაც, თავის მხრივ, ხასიათზეც იმოქმედებდა. ეს განსაკუთრებით ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებს ეხებათ, რომელთა ხასიათის ცვლილებათა ეპიზოდები ხშირად ნასაზრდოებია დარღვეული ძილით ან ცირკადული რიტმით. ეს უკანასკნელი ორგანიზმის ერთგვარი შინაგანი საათია და მიმეართება ჩვენს ბიოლოგიასა და ქცევაში არსებულ 24-საათიან ციკლს, რომელიც ცვალებადი სამუშაო საათებისა და ხანგრძლივი ფრენის შედეგად შეიძლება დაირღვეს. იმის მტკიცებულებაც არსებობს, რომ უძილობა შეიძლება, ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტების დეპრესიისაგან გამოსაყვანადაც გამოდგეს.
იმ აზრის გათვალისწინებით, რომ მთვარე შეიძლება პაციენტთა ძილზე მოქმედებდეს, უერმა აღმოაჩინა, რომ დღეების სვლასთან ერთად მათი გაღვიძების დრო სტაბილურად უფრო გვიანდელ დროზე იწევდა, მაშინ, როცა დაძინების დრო იგივე რჩებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაციენტების ძილის ხანგრძლივობა იზრდება და ზრდადია მანამ, სანამ უეცრად არ შემცირდება. ამას ფაზაზე გადახტომა ჰქვია, რაც ხშირად მანიის დაწყებასთან არის დაკავშირებული.
ამ აღმოჩენის მიუხედავად, უერი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს იმას, რომ ხასიათების ცვლა მთვარის შუქთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
"თანამედროვე მსოფლიოში სინათლით დაბინძურება იმდენად მაღალია და ხელოვნური განათების ქვეშ იმდენად ბევრ დროს ვხარჯავთ, რომ მთვარის შუქის ცვალებადობით გამოწვეული სიგნალი ჩვენამდე იმავე ძალით ვეღარ აღწევს", - ხსნის ის. უერი ეჭვობს, რომ მთვარის ზემოქმედების სხვა ასპექტი უფრთხობს ძილს მის პაციენტებს, რაც, თავის მხრივ, მათ ხასიათზეც აისახება. ამ ზემოქმედებათა შორის ყველაზე სარწმუნო კანდიდატი მთვარის გრავიტაციული მიზიდულობაა.
ერთი მოსაზრება ის არის, რომ ეს მიზიდულობა დედამიწის მაგნიტური ველის არც თუ ისე ძლიერ ფლუქტუაციას იწვევს, რის მიმართაც ზოგიერთი ადამიანი, შეიძლება, განსაკუთრებით მგრძნობიარე იყოს.
"ოკეანეები ელექტროგამტარები არიან, რადგან ისინი მარილიანი წყლისგან შედგებიან. მიმოქცევისას წარმოქმნილ ტალღებთან მაგნიტური ველია დაკავშირებული", - ამბობს ლონდონის უნივერისტეტის კოლეჯის კოსმოსური ამინდის ექსპერტი, რობერტ უიქსი. თუმცა ეფექტი მიზერულია და დაუდგენელია, არის თუ არა მთვარის ზემოქმედება დედამიწის მაგნიტურ ველზე იმდენად ძლიერი, რომ ბიოლოგიური ცვლილებების გამოწვევა შეძლოს.
ზოგი კვლევა გულის შეტევებისა და ინსულტების, ეპილეფსიის, შიზოფრენიისა და სუიციდების შემთხვევათა ზრდას მზის აქტივობას უკავშირებს. როდესაც მზის აფეთქებები ან კორონალური მასის ამოფრქვევა დედამიწის მაგნიტურ ველს ეჯახება, ის დენის წყაროს გასათიშად საკმარის უხილავ ელექტრულ ენერგიას წარმოქმნის, რომელიც, ზოგის აზრით, გულსა და ტვინში არსებული მსგავსი ენერგიისადმი მგძნობიარე უჯრედებზე ზემოქმედებს.
"პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ კავშირის არსებობა შეუძლებელია, არამედ ის, რომ ამ საკითხის შესახებ კვლევა ძალიან შეზღუდულია და განსაზღვრულად რაიმეს თქმა რთულია", - ხსნის უიქსი.
პირველ რიგში - კონკრეტული სახეობის ჩიტების, თევზებისა და მწერებისაგან განსხვავებით - მიიჩნევა, რომ ადამიანებს მაგნიტური მგრძნობელობა არ აქვთ. თუმცა წელს გამოქვეყნებული კვლევა ამ მოსაზრებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანები მაგნიტური ველის ცვლილებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ - და ეს ზემოქმედება თავისი სიმძლავრით არ აღემატებოდა იმას, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურობაში განვიცდით - მათი ტვინის ალფა სიხშირეების აქტივობა მკვეთრად ეცემოდა. ალფა სიხშირეები ღვიძილისას კი წარმოიქმნება, მაგრამ იმ დროს, როცა არავითარ კონკრეტულ დავალებას არ ვასრულებთ. ამ ცვლილებების მნიშვნელობა ჯერ კიდევ დაუდგენელია - ეს, შეიძლება, ევოლუციის შედეგად ფუნქციადაკარგული მექანიზმია ან, შესაძლოა, ჩვენს გარემოში მიმდინარე მაგნიტური ცვლილებები ჩვენი ტვინის ქიმიას ჩვენთვის გაუცნობიერებელი გზით ცვლიან.
უერისათვის მაგნიტური თეორია მიმზიდველია, რადგან გასული ათწლეულის მანძილზე ჩატარებული სხვადასხვა კვლევა მიანიშნებდა, რომ ისეთ ორგანიზმებში, როგორიცაა, მაგალითად, ხილის ბუზი, პროტეინი სახელწოდებით კრიპტოქრომი, შეიძლება, მაგნიტური სენსორის როლსაც ასრულებდეს. კრიპტოქრომი მოლეკულური საათების ძირითადი კომპონენტია, რომელიც ჩვენს უჯრედებსა და ქსოვილებში - მათ შორის, ტვინისაშიც - 24-საათიან ცირკადულ რიტმებს წარმართავენ.
როდესაც კრიპტოქრომი სინათლის მშთანთქმელ მოლეკულა ფლავინს უკავშირდება, ეს ცირკადულ საათს არა მხოლოდ იმას ეუბნება, რომ გათენდა, არამედ ის იმ რეაქციასაც წარმოქმნის, რომელიც მოლეკულათა ერთობლიობას მაგნიტურ მგრძნობელობას სძენს. გაერთიანებულ სამეფოში არსებული ლესტერის უნივერსიტეტის ქცევითმა გენეტიკოსმა, ბამბოს კირიაკუმ და მისმა კოლეგებმა დაამტკიცეს, რომ დაბალსიხშირიან ელექტრომაგნიტურ ველებს ხილის ბუზებში ცირკადული საათისა და, შედეგად, ძილის განრიგის შეცვლაც შეუძლიათ.
თუ ეს ადამიანების შემთხვევაშიც სიმართლეა, მაშინ ამან, შეიძლება, უერისა და ეივერის ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტების ხასიათის უეცარი ცვლილება ახსნას. "ეს პაციენტები ცირკადული რიტმის განრიგში დრამატულ ცვლილებას ხასიათის ცვლილებისას განიცდიან და მათ, შედეგად, ძილის დროებსა და ხანგრძლივობაშიც დრამატული ცვლილებები აღენიშნებათ", - ამბობს უერი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოქრომი ადამიანის ცირკადული საათის აუცილებელი კომპონენტიცაა, ის ხილის ბუზებში ოდნავ განსხვავებულად მუშაობს. "როგორც ჩანს, ადამიანებსა და სხვა ძუძუმწოვრებში კრიპტოქრომები უკვე აღარ უკავშირდება ფლავინს. ფლავინის გარეშე კი ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიძლება ამოქმედდეს მაგნიტურობისადმი მგძნობიარე ქიმიური რეაქციები", - ამბობს გაერთიანებულ სამეფოში არსებული ტენდინგტონის ფიზიკის ეროვნული ლაბორატორიის ფიზიკოსი, ალექს ჯოუნსი, - "ამ მხრივ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანის კრიპტოქრომები მაგნიტური ველების მიმართ მგრძნობიარე იყოს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ადამიანში არსებობს სხვა ისეთი მოლეკულები, რომლებსაც მაგნიტური ველების აღქმა შეუძლია".
კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, უერისა და აივერის პაციენტები მთვარის გრავიტაციულ მიზიდულობაზე ისევე რეაგირებენ, როგორც ოკეანეები: მიქცევა-მოქცევის ძალების საშუალებით. ამის საწინააღმდეგო გავრცელებული არგუმენტი ისაა, რომ, მართალია, ადამიანთა მასის სადღაც 75% წყალია, ჩვენი სხეულები ამ ნივთიერებას ბევრად ნაკლები ოდენობით შეიცავენ, ვიდრე ოკეანეები. "ადამიანები წყლისგან შედგებიან, თუმცა მიზიდულობა იმდენად მცირეა, რომ ფიზიკური თვალსაზრისით ძნელად წარმოსადგენია მსგავსი ეფექტის არსებობა", - ამბობს კირიაკუ.
ამის მიუხედავად, ის ყვავილ Arabadopsis thaliana-ს შესახებ ჩატარებულ იმ კვლევას იშველიებს, რომელიც ვარაუდობს, რომ ამ მცენარის ფესვების ზრდა 24.8-საათიან ციკლს მიჰყვება - ეს ის დროა, რომელიც მთვარეს დედამიწის ერთი სრული ორბიტის შემოსავლელად სჭირდება. "საუბარი გასაოცრად მცირე ცვლილებებზეა, რომელთა შემჩნევა მხოლოდ განსაკუთრებით მგრძნობიარე აპარატურით შეიძლება. თუმცა ამ აღმოჩენის სიზუსტეს უკვე 200-ზე მეტი მეცნიერული სტატია უჭერს მხარს", - ამბობს გერმანიის ქალაქ პოტსდამში არსებული მცენარეთა ფიზიოლოგიის მაქს პლანკის ინსტიტუტის ბიოფიზიკოსი, ხოაკიმ ფისანი.
ფისანმა ცალკეული მცენარეების უჯრედებში წყლის მოლეკულების გროვათა დინამიკა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ მთვარის ორბიტით ნასაზრდოები გრავიტაციის ყოველდღიური ცვლილებები საკმარისი ძალისაა უჯრედებში წყლის მოლეკულების დაკლების ან მომატების გამოსაწვევად.
"წყლის მოლეკულების მოცულობა - იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მასშტაბი ნანომეტრებშია გამოსახული - ნებისმიერ უმცირეს გრავიტაციულ ცვლილებაზეც კი რეაგირებს", - ამბობს ის, - "შესაბამისად, წყლის არხებში წყლის მოლეკულები იწყებენ გადაადგილებას, ანუ წყალი უჯრედის შიგნიდან გარეთ და გარედან შიგნით იმის მიხედვით მოძრაობს, თუ საითკენაა მიმართული გრავიტაციული ძალა. ამან კი, შეიძლება, მთელს ორგანიზმზე იმოქმედოს".
ის ახლა იმგვარი ტესტის ჩატარებას გეგმავს, რომელიც ამ მექანიზმს ფესვის ზრდის კონტექსტში დააკვირდება. ამისათვის ფისანი მუტაციაგანცდილი წყლის არხების მქონე მცენარეებს შეისწავლის, რათა ნახოს, შეიცვალეს თუ არა მათ ზრდის ციკლები.
თუ მცენარის უჯრედები მიქცევა-მოქცევის ძალებისადმი მართლაც მგრძნობიარენი არიან, მაშინ ფისანი მიზეზს ვერ ხედავს, რატომ არ შეიძლება, ადამიანების უჯრედებიც ასევე რეაგირებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ სიცოცხლე ოკეანეებში წარმოიშვა, მიწის ზედაპირზე მცხოვრები ზოგიერთი ორგანიზმი, შესაძლოა, მიმოქცევათა წინასწარმეტყველების ფუნქციას კვლავ ინარჩუნებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ მექანიზმს აღარანაირი პრაქტიკულ გამოყენება აღარ გააჩნია.
იმის მიუხედავად, რომ ამ მექანიზმის ახსნა ჯერ ბოლომდე არ შეგვიძლია, ფაქტია, რომ უერის ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტების ხასიათის ცვლილებები რიტმულია და, როგორც ჩანს, ეს რიტმები მთვარის გარკვეულ გრავიტაციულ ციკლებთან არის დაკავშირებული.
უერი იმედოვნებს, რომ მომავალში ამ ფენომენს სხვებიც გამოიკვლევენ. "მე არ ამიხსნია, თუ როგორ მოქმედებს ეს ეფექტი, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი აღმოჩენები დამატებით კითხვებს ნამდვილად ბადებს", - ამბობს ის.
კომენტარები