"ჰოდა მოემზადე, ლუზერო!" — იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროპული საქართველოს დეპუტატს, ოთო კახიძეს, რომელიც ამბობდა, რომ გენერალურ პროკურორად დანიშვნისას წულუკიანს იურისტის დიპლომი არ ჰქონია შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მიმართა.

"შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემს წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები. იმას მაინც ვერ იძახი, გაიყვანეს და ცემესო, ანდა გაიყვანეს და აწამესო, ან კიდევ გაიყვანეს და ცოცხით შეურაცხყვესო, და ეს გწყინს, მაგრამ ვერ იტყვი და რას იზამ", — წერს წულუკიანი.

მისივე თქმით, სტრასბურგმა დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არაა და მისი დაკავება კანონიერი იყო.

"ბევრი ფულიც მიიღე ჰონორარად „საწყალი“ პატიმრისგან და სტრასბურგის სასამართლოს თხოვდი ამინაზღაურეთ ეს თანხაო: 202 საათი ვიმუშავე ამ საქმეზე, რაც ჯამში 39 390 აშშ დოლარი დამიჯდაო (საკუთარი თანამებრძოლის დასაცავად, ამის დათვლა მაინც არ დაგეზარა, ბიჭო?). სასამართლომ სრულად უარყო ეს შენი მოთხოვნა, ბევრ სხვასთან ერთად.

ახლა, რაღა დაგრჩა აბა. თებერვალში დაუსრულდება მისჯილი სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, მერე მაინც გასცემ ალბათ პასუხს მას იმის შესახებ, თუ რას ატყუებდი, რაში ვერ და არ დაიცავი და რატომ.

ჰოდა მოემზადე, ლუზერო!" — დაწერა იუსტიციის მინისტრმა.