ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ტყიბულის მეშახტეებმა კუთვნილი ხელფასი მიიღეს. ამის შესახებ მინისტრმა მაესტროს ეთერში ისაუბრა.

"ტყიბულში პირადად ვარ კომუნიკაციაში როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე, პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული", — აღნიშნა თურნავამ.

24 სექტემბერს ტყიბულში, დახლოებით, 30 მეშახტე კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ჩავიდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მათ ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა აეღოთ. საქნახშირის განცხადებით, კომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ცნობილი იყო ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებისთვისაც.

მეშახტეების ნაწილმა ღამე შახტებში გაათენეს. ასევე, ტყიბულის მერიასთან მოეწყო საპროტესტო აქცია. საბოლოოდ, მეშახტეებმა გაფიცვა 26 სექტემბერს შეწყვიტეს. ეკონომიკის მინისტრი ამ დღეს ტყიბულში ჩავიდა და მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გამოჩნდა ახალი ინვესტორი კომპანია, რომელმაც იკისრა ვალდებულება, გაისტუმროს, სოციალური გადასახადები, მათ შორის, დაზარალებული ოჯახების წინაშე. მინისტრის თქმითვე, კომპანია Steell International trades company ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებას ნოემბერში განაახლებს.

ტყიბულში მეშახტეებს იგივე პრობლემებს 2018 წელსაც ჰქონდათ. მაშინ დასაქმებულები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა მათთვის წარედგინათ ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებდნენ.

ტყიბულში 2018 წლის 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მაშინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს ხელფასები აუნაზღაურდებოდათ.