პარტნიორის კონტენტი

მარტივი გზამკვლევი: როგორ ამოვიცნოთ ყალბი ფოტოები ინტერნეტში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

აუცილებელი არაა, ექსპერტი იყო იმისთვის, რომ სიმართლე გამოარკვიო. ყალბი ამბების შემჩნევა არც ისე რთულია.

ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული ყალბი პუბლიკაცია

2016 წლის 3 აპრილს ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ინგლისური ფირმა Human Leather ადამიანის ტყავისგან ტანსაცმელს ამზადებს. ჟურნალისტის მტკიცებით, ინგლისელები სამოსის შესაქმნელად სირიიდან, უკრაინიდან, ერაყიდან თუ ლიბანიდან გაუჩინარებული ადამიანების კანს იყენებდნენ. "ჩნდება ლოგიკური კითხვა: საიდან აქვს ამ ფირმას შესაბამისი მასალა?! როგორც ფირმის მესვეურები აცხადებენ, ისინი იყენებენ მხოლოდ იმ მასალას, რომელსაც სიკვდილის პირას მყოფი ადამიანები მათ ანდერძით ჩუქნიან! თუმცა, თუ გავიხსენებთ ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს სირიაში, უკრაინაში, ერაყსა თუ ლიბანში, ადვილი მისახვედრია, ვინ ვისთვის და რისთვის ატყავებს თავის უბედურ მსხვერპლს!" - ნათქვამი იყო ასავალ-დასავალში გამოქვეყნებულ ტექსტში.

მეტი დამაჯერებლობისთვის "სიახლეს" ფოტოც ჰქონდა დართული, რომელსაც მტკიცებულების ეფექტი უნდა შეექმნა. ბევრი ადამიანის პირველი რეაქცია ასეთი ამბის წაკითხვისას შეძრწუნებაა, თუმცა რამდენად რეალურია ეს ამბავი?

სანამ დაზუსტებით მოგიყვებოდეთ, რომ ინგლისში ნამდვილად არ ყვავის ადამიანის კანისგან დამზადებული ტანსაცმლის ბიზნესი, რამდენიმე სიტყვა მითების დეტექტორზეც უნდა გითხრათ, ანუ პორტალზე, რომლის ყოველდღიურ საქმიანობასაც სწორედ ასეთი საეჭვო ცნობების გადამოწმება და გამოაშკარავება წარმოადგენს.

მითების დეტექტორი მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პორტალია, რომლის მიზანიც ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლაა. რაკი დეზინფორმაციულ აქტივობებთან ბრძოლაში მთავარი იარაღი ინფორმაციაა, მედიის განვითარების ფონდი სხვადასხვა მეთოდებს მიმართავს, რომ ყველასთვის გასაგები ფორმებით აამაღლოს მედიაწიგნიერება საზოგადოებაში.

მაგალითად, ამ ვიდეოში ზუსტად იმ ყალბ სიახლეზეა საუბარი, რომლითაც ეს სტატია დავიწყეთ:

რატომ ხდება ყალბი ამბები ვირუსული?

ფოტო: Shutterstock

ყალბი ამბების გავრცელებაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს, მაგრამ რატომ? შეიძლება იმიტომ, რომ სოციალური მედიის ეპოქაში შოკისმომგვრელი სათაური გვიბიძგებს, სასწრაფოდ გავუზიაროთ ამბავი სხვა ადამიანებს ჩაღრმავების, ან თუნდაც წაკითხვის გარეშე.

კიდევ ერთი ფაქტორი წინასწარგანწყობებია. ადამიანები უფრო მარტივად იღებენ ინფორმაციას, რომელიც მათ არსებულ მოსაზრებებს ადასტურებს და უგულებელყოფენ იმას, რაც მათ აზრებთან წინააღმდეგობაში მოდის, შედეგად კი ყალბი ამბების ტალღას ვიღებთ ხოლმე.

თუმცა ეს სიტუაცია გამოუსწორებელი არაა: უამრავი კვლევით დასტურდება, რომ რაც უფრო უკეთ იცნობს მომხმარებელი ინტერნეტს, ციფრულ ფოტოებს და ონლაინ მედია პლატფორმებს, მით უფრო რთულია მისი შეცდომაში შეყვანა. ამ უნარებისა თუ გამოცდილების ერთობლიობას მკვლევარები მედიაწიგნიერებას უწოდებენ.

როგორ უნდა გამოავლინო ყალბი შინაარსი?

ფოტო: Catherine Shypka

პირველი ეტაპი ინფორმაციის შეგროვება და მოკვლევაა. Human Leather-ის შემთხვევაში ერთადერთი წყარო, რაც მსგავსი კომპანიის არსებობას ადასტურებდა, 2008 წელს დარეგისტრირებული ვებ-საიტი იყო.

  • პირველ რიგში, მითების დეტექტორმა ვებ-გვერდზე მითითებული ელექტრონული მისამართის საშუალებით სცადა აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.
  • ამის შემდეგ მათ აღნიშნული საიტის სანდოობის შესამოწმებლად სპეციალური ვებ-რესურსი, scamadviser გამოიყენეს, რომელიც ვების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციისა და მისი სანდოობის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. ამ რესურსზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ საიტი საეჭვოდ და რისკის შემცველად იყო მიჩნეული.
  • ამის შემდეგ კი ფოტოსურათი გადაამოწმეს: სურათი, რომელსაც გაზეთი ასავალ-დასავალი ყალბი სიახლის გასაფორმებლად იყენებს, ფოტომანიპულაციის მაგალითია. როგორც ირკვევა, ფოტოზე ასახული ტექსტილი დიზაინერ ოლივიერ გულეს მიერაა შექმნილი. დიზაინერი წლების განმავლობაში მუშაობდა კანის მსგავსი ქსოვილის შექმნაზე.
  • მნიშვნელოვანია ისიც, საიდან იღებს სათავეს ყალბი ამბავი. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კვალი რუსულენოვან გამოცემებამდე მიდიოდა, სადაც აქცენტი დასავლეთის "ამორალურობაზე" კეთდებოდა.

გაიგეთ მეტი ამ მაგალითის შესახებ

ფოტომანიპულაციის ფორმები

ფოტო: William Joel

ვიზუალური გაფორმება ყალბი ამბების შემქმნელებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ფოტოს არსებობა მტკიცებულების ეფექტს ქმნის და გამოგონილი ცნობის დამაჯერებლობას ზრდის.

თუმცა რაც არ მომხდარა, იმის ფოტო ვერ იარსებებს, აბა საიდან მოდის ფოტოები, რომლებსაც დაინტერესებული მხარეები მცდარ სიახლეებს ურთავენ?

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება გავრცელდეს:

ფოტო, რომელიც გაყალბებული ან დამუშავებულია

ამგვარ ფოტოებს, როგორც წესი, თან ერთვის დეზინფორმაციული აღწერილობა|

ფილმის, რეკლამის, გრაფიკული თამაშის ფრაგმენტი

ასეთი ფოტოები რეალური მოვლენის ილუსტრაციად გამოიყენება და არა დადგმულის.

ავთენტური ფოტო, რომელიც არ შეესაბამება მოვლენის აღწერილობას

რეალური, დაუმუშავებული ფოტო, რომელიც სულ სხვა მოვლენის აღსაწერად გამოიყენება და შესაბამისად, რეალური კონტექსტიდან ამოვარდნილია

3 ნაბიჯი ყალბი ფოტოს გამოსავლენად

ფოტო: Shutterstock

ფოტოების კრიტიკული ანალიზი და მათი გადამოწმება გვეხმარება, დავადგინოთ რეალური ფაქტები. ფოტოს ორიგინალმა შეიძლება დეზინფორმაციის წყაროსთან მიგვიყვანოს, რაც რეალური სურათის აღდგენაში დაგეხმარება.

ფოტოს გადამოწმებისთვის არაერთი ონლაინ რესურსი არსებობს, ამ საკითხში შენი მთავარი დამხმარე, პირველ რიგში, Google Image Search იქნება.

1. გამოიყენე ფოტოს საძიებო სისტემები: Google Images, Tineye, Yandex: images

Google-ის ფოტოების საძიებო სისტემა საშუალებას გაძლევს, ფოტოს ავტორი, წარმომავლობა, გადაღების თარიღი და სხვა დეტალები დაადგინო. Google Image Search-ის საძიებო სისტემაში ფოტოს ატვირთვა შესაძლებელს ხდის, მოიძიო: იდენტური ფოტო, მასთან დაკავშირებული ტექსტი და ვებ-გვერდები, სადაც ფოტოა განთავსებული.

თუ Google Chrome ვებ-ბრაუზერს იყენებ, ფოტოს ჩამოტვირთვა და კომპიუტერში შენახვა არ დაგჭირდება. გადასამოწმებელ ფოტოსთან მაუსის მიტანის შემდეგ, მარჯვენა მხარეს დაკლიკვით ფუნქცია Search Google for Image აირჩიე და საძიებო სისტემა პირდაპირ შედეგებზე გადაგიყვანს.

TinEye ფოტოების საძიებო პლატფორმაა, რომელიც Google Image-ის მსგავსად მუშაობს. თუმცა Google-ისგან განსხვავებით, TinEye ფორუმებშიც აღწევს. ფოტოს გადამოწმების პროცესიის გასამარტივებლად, Tineye-ს შედარების ფუნქციაც აქვს. შესაბამის ღილაკზე დაკლიკების შემდეგ შენ მიერ ატვირთული ფოტო მიღებულ შედეგს შეგიძლია შეადარო და შესაბამისი დასკვნები გამოიტანო.

Yandex: images კი რუსულენოვან გამოცემებსა და პორტალებზე სურათის მოძებნაში დაგეხმარება.

2. შეამოწმე ფოტოს გამოყენების თარიღი

ფოტოს პირველწყაროს დადგენა ყოველთვის შესაძლებელი არ არის, თუმცა ბევრი რამის გაგება შეიძლება იმით, თუ როდის ვრცელდებოდა ეს ფოტო ინტერნეტში. მაგალითად, თუ ფოტო 2018 წელს მომხდარი მოვლენის საილუსტრაციოდ არის გამოყენებული და ძიება გიჩვენებთ, რომ ფოტო გარკვეულ საიტებზე 2014 წელს ჩნდება, ეს დეტალი ინფორმაციის გადამოწმებას გაგიადვილებს.

ფოტოს გამოქვეყნების ზუსტი ან მიახლოებითი თარიღის დასადგენად, მას შემდეგ, რაც Google Image Search-ის პროგრამაში აარჩიე Custom Range და შენთვის საინტერესო დროის მონაკვეთი მიუთითე.

3. შეამოწმე ფოტოს მეტამონაცემები

გარდა საძიებო სისტემებისა, ფოტოები მათი მეტამონაცემების მიხედვითაც შეგვიძლია გადავამოწმოთ. ნებისმიერი ციფრული ფოტო, რომელიც მობილური ტელეფონით ან ციფრული კამერით არის გადაღებული, მეტამონაცემებს შეიცავს. არსებობს უფასო ონლაინ-ხელსაწყოები, რომლებიც ამა თუ იმ ფოტოს მეტამონაცემების იდენტიფიკაციაში გვეხმარება.

Jeffrey’s Image Metadata Viewer

ჯეფრის ონლაინ პროგრამა მომხმარებელს კონკრეტული ციფრული ფოტოს შესახებ მის მეტა მონაცემებს აწვდის, როგორიცაა ფოტოს ავტორი, გადაღების დრო და ადგილი, კამერის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია და სხვა.

Exif Data Viewer

ეს პროგრამაც ჯეფრის ონლაინ პროგრამის მსგავსად მუშაობს და 20 მეგაბაიტამდე მოცულობის ფოტოების შესახებ მეტამონაცემებს გვაწვდის.

Metapicz

კიდევ ერთი ასეთი პორტალი, სადაც კომპიუტერიდან ატვირთული ფოტოს მეტამონაცემების ნახვა შეიძლება.

გილოცავ ამ სტატიის ბოლოში ჩასვლას! რა არის შემდეგი ეტაპი?

ფოტო: Shutterstock

ბევრი ჩვენგანი საათობით არჩევს ტანსაცმელს ონლაინ, სანამ მის შესახებ ყველა დეტალს არ გაიგებს, თუმცა როცა საქმე ნიუსს ეხება, მსგავს სიფრთხილეს ცოტა თუ იჩენს. 2016 წლის კვლევის თანახმად, ფეისბუქის მომხმარებელთა 70% სტატიების ლინკს წაუკითხავად, მხოლოდ სათაურის წაკითხვის შემდეგ აზიარებს.

იმისთვის, რომ ყალბ სიახლეებს გავუმკლავდეთ, აუცილებელია მედიის მოხმარების წესები შევცვალოთ. ალგორითმი იმახსოვრებს, რა ტიპის ამბები მოგვწონს და შემდეგ ამის მიხედვით ადგენს ჩვენი კედლის "მენიუს", საბოლოოდ კი სოციალურ მედიაში მხოლოდ ის ამბები გვხვდება, რომლებიც ჩვენს წინასწარგანწყობებს ადასტურებს.

რა შეგიძლია შენ?

შეგიძლია ეს მანკიერი წრე ახლავე გაარღვიო და ეს სტატია გაუზიარო შენს იმ Facebook მეგობრებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ეგებიან ხოლმე ყალბი პუბლიკაციების მახეში. ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მედიაწიგნიერების ამაღლების საქმეში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს

გუშინ, ნიდერლანდების ინიციატივით, ეუთოს წევრმა 38-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, მოვუწოდებთ საქართველოს…