საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ხელმძღვანელის და შეწყალების კომისიის ყოფილი წევრის ეკა, გიგაურის თქმით, შეწყალების საქმეზე, გამოძიების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტიც. მისი თქმით, გამოძიების დაწყება საზოგადოების აღშფოთების დამსახურებაა.

"რაც შეეხება კორუფციას, სამწუხაროდ პრეზიდენტს აქამდე განმარტება არ გაუკეთებია... მე ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი და ვიცი, რომ ვერ გამორიცხავ ვერავის და ყველა წევრი უნდა განიხილო. პრეზიდენტის უფლება არის ნებისმიერ დროს შეიწყალოს პირი, თუმცა ამ პროცესში უნდა იყოს გამორიცხული რაიმე ინტერესები. ამიტომ უნდა იყოს დაცული კრიტერიუმები. ბევრი კითხვა არის, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს", — განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში ვინ ფიგურირებს.

პატიმრების შეწყალება

პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რამდენიმე კვირის წინ თვითონ სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

"ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში", — თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. 18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.