სვანეთი მხოლოდ მესტია, უშგული და კოშკები რომ არაა, ამაში ალბათ ყველა დაგვეთანხმება. On.ge-ს მკითხველი ზემო სვანეთის ერთ გამორჩეულ სოფელს, ჭუბერს უკვე იცნობს, ამ სტატიაში კი ნაკრას გაგცნობთ, რომელიც ლეგენდის მიხედვით კეისრის ნაქები ადგილი ყოფილა.

ნაკრა

ნაკრას ადმინისტრაციული ერთეული ამავე სახელწოდების მდინარის ხეობაში მდებარეობს და 11 სოფელს მოიცავს. ამ გზაზე პირველად თუ მოხვდებით, ალბათ იფიქრებთ, რომ ამდენ მთას შორის, ამ ვიწრო გზის ბოლოს, აღმართ-დაღმართ სოფელი არსად შეგხვდებათ. თუმცა, სვანებს ეს ადგილი სწორედ იმ პრინციპით შეურჩევიათ, რომ ხეობაში ერთადერთი ვაკე ტერიტორიაა. ადგილობრივების თქმით, სახელი ნაკრაც აქედან მოდის, რადგან სიტყვა ნაკ სვანურად ვაკეს ნიშნავს. ვაკე ნაკრას შემთხვევაში შედარებითია, რადგან სახლები სინამდვილეში მთის ფერდობიდან-ფერდობამდეა განლაგებული.

ნაკრას ხეობა

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

სახლები თითქმის ერთნაირია, პატარა ეზო ყვავილებით, ხეხილი, იქვე ახლოს სიმინდის ყანები და სავარგულები. სოფლის ცენტრში, თითქმის ერთ ეზოში ეტევა სკოლა, ბაღი და გამგეობის შენობა.

ნაკრაში დაახლოებით 400 ადამიანი ცხოვრობს და 8 საოჯახო სასტუმროა. ეს ადგილი სამ მთას, შდავლერს, კვარმაშს და ცალგმალს შორისაა მოქცეული. ხალხს აქ დასახლება დაახლოებით 150 წლის წინ დაუწყია, ახალა კი ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია ნენსკრა ჰიდრო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ცდილობს საინფორმაციო კამპანიით ეს ადგილები კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნოს.

გაიგეთ მეტი: სტუმრად ჩუბეხევში – ნენსკრა ჰიდრო აპირებს, ნენსკრასა და ნაკრას ხეობები მსოფლიოს გააცნოს

ალპური ზონა — ადგილი სადაც გაფრენა გინდება

ნაკრას მთავარი სილამაზე ალპური ზონაა. "ზედა სოფლებია რაცაა, იქ მართლა გაფრენა გინდა ისეთი ლაღი ბუნებაა", გვითხრა 79 წლის შამილი გვამლიანმა და ნამდვილი სიალამაზის ნახვა თუ გინდათ ამ 7 კილომეტრიან გზას დაადექითო, გვირჩია.

გზა საშუალო სირთულისაა და ისევე, როგორც მთლიანად სვანეთი, ლეგენდებითაა სავსე. ადგილობრივ გიდს თუ გაყვებით, თქვენი ლაშქრობა უფრო საინტერესო და ზღაპრული გახდება. რაც უფრო მაღლა ადიხართ, მით მეტ ისტორიას ისმენთ ნასახლარებზე, ეკლესიებზე, ძველ ხალხზე, რომელიც ლავერში ცხოვრობდა, თუმცა არავინ იცის, ვინ იყო... სვანების სიმამაცის დასამტკიცებლად გიდმა მოგვიყვა, რომ მტრის შემოსევის დროს, როცა ტყვიები გამოელეოდათ, მის ნაცვლად ჯაჭვს ჭრიდნენ და მტერს ასე იგერიებდნენ. ეს ხეობა მტერს სამჯერ ამოუწყვეტია, რადგან ბასას უღელტეხილიდან მარტივად უტევდნენ. დღეს კი ეს გზა ტურისტებისთვის უნიკალური ბუნებითაა საინტერესო.

ალპური ზონა

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

ალპურ ზონაში ასასვლელი მარშრუტი ტყეში გადის, თუ ფეხით სიარული არ გიყვართ, ადგილობრივები სამანქანო და საცხენოსნო ტურებსაც შემოგთავაზებენ. ბუნებაში თავისუფლად გაშვებული ცხენები ალპურ ზონაშიც შეგხვდებიან. ისინი ჩვენთან ცოტა ხნით გაჩერდნენ და მალევე იალაღებს შეუყვნენ. აქაურობა მთლიანად ცხოველებისა და ფრინველების მფლობელობაშია, ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვვეაში შეგხვდებათ, თუ სეზონურად მთაში საქონლის სამწყემსადაა წამოსული.

მწყემსების ქოხები

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

იმ წერტილიდან, სადაც მანქანით მიხვალთ, მთელი ხეობა ხელისგულზე იშლება. ნაკრას ალპური ზონა ზღვის დონიდან 2 500-2 800 მეტრზე მდებარეობს. აქ თქვენ წინ კავკასიონის ქედი, ნაკრას ხეობა, ტყე და ულამაზესი ბუნება მოჩანს. ამ წერტილიდან გზა ფეხით უნდა გააგრძელოთ, თან შეგიძლიათ ველური მოცვი დააგემოვნოთ, რომელიც, რაც უფრო მაღლა ადიხართ უფრო და უფრო გემრიელდება.

მწყემსების ქოხები

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

რჩევები, რომლებიც ჭუბერის შემთხვევაში გაგანდეთ, აქაც გასათვალისწინებელია, რადგან ალპურ ზონაში ყოფნის დროს ერთხელ სეტყვა წამოვიდა, ორჯერ კი იწვიმა. გზა რთული არაა და სალაშქრო აღჭურვილობის გარეშეც ახვალთ, თუმცა საწვიმარი, ფეხსაცმელი და თბილი ტანისამოსი არ დაივიწყოთ. მთების ყურებაში გართულებმა, კიდევ ერთი ლეგენდა მოვისმინეთ იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ნაკრაში დევკაცები და როცა მთის წვერებზე ჩამოსხდებოდნენ, მათი ფეხები ხეობამდე წვდებოდა. ამინდში თუ გაგიმართლათ კავკასიონის მშვენებას — იალბუზსაც დაინახავთ.

იალბუზი

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

ყველაზე მეტად ალპურ ზონას ყვითელი ყვავილები ალამაზებენ. უშველებელი მთების თოვლისა და სიმკაცრის ფონზე, ეს პატარა, ნაზი ყვავილები ზამთრის მოსვლას გვამცნობენ. როგორც მოგვიყვნენ, მთაში ეს ყვავილი მაშინ ამოდის, როცა სიცივეები იწყება, მანამ ყვავილობს, სანამ ყინვა დაიწყებდა და შემდეგ მომდევნო წლამდე ქრება.

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე

ერთადერთი სვანური კოშკი ნაკრას ხეობაში

სვანურ კოშკებზე ყველას მესტია და უშგული ახსენდება, თუმცა მეათე საუკუნის, რიჩგვიანების საგვარულო კოშკი ნაკრას ხეობასაც ამშვენებს. ეს ამ ხეობაში ერთადერთი კოშკია და აქ ყოფნის დროს ნამდვილად უნდა მოინახულოთ. ამ კოშკის გამო რიჩგვიანებსა და დადეშქელიანებს ერთმანეთში შუღლი ჰქონდათ. დადეშქელიანებს ქალდენბი დახმარებიან და კოშკიც ახლა მათ ეკუთვნით. ეს კოშკი გამორჩეულია იმითაც, რომ ქალებმა გალესეს. ტრადიციის მიხედვით კოშკს კაცები აშენებდნენ, თუმცა ამ მხარეში ორი სახელგანთქმული ქალი ყოფილა, რომლებსაც განსაკუთრებული ხელი ჰქონდათ, ამიტომაც გამონაკლისი დაუშვეს. ფაქტია, სხვა კოშკებისგან მხოლოდ ნანგრევები შემორჩა, ქალი ხელოსნების შემოლესილი კოშკი კი დღემდე მკაცრად გადაჰყურებს ხეობას.

რიჩგვიანების საგვარეულო კოშკი

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

ნაკრას ხეობის კიდევ ერთი გამორჩეული ნაგებობა, როგორც სვანები იტყვიან — უფალი ღმერთის ეკლესიაა. ადგილობრივებმა გვითხრეს, ღმერთის სახელზე მთელ სვანეთში მხოლოდ ეს ტაძარია აშენებული და ტურისტებსაც ურჩევენ, წასვლამდე ეს ადგილიც ნახონ.

ალპური ზონის მონახულების შემდეგ, სოფელში დაბრუნდებით თუ არა, ნინო ცინდელიანის საოჯახო სასტუმრო შეგხვდებათ. მასპინძლის თქმით, ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, თუმცა ბევრმა ამ ადგილების შესახებ ჯერაც არ იცის. On.ge-სთან საუბრისას კითხვაზე, რა არის ისეთი რაღაც, რაც ნაკრაში ყველამ უნდა ნახოს გვპასუხობს:

ნინო ცინდელიანი

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

"ეს არის ჩვენი ულამაზესი კუთხე, ჩვენი ბუნება მთები და უმთავრესი, რაც უნდა ნახოს ტურისტმა - გაიცნოს აქაური ხალხი. სტუმართმოყვარე, თბილი, ყურადღებიანი და სანდო." და, რა თქმა უნდა, ტრადიციული კერძები: კუბდარი, ჭვიშტარი და ფეტვის ხაჭაპური.

ფეტვის ხაჭაპური

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

ჭვიშტარი

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

ნაკრაში ასევე დიდი შანსია, დუცის არაყი შემოგთავაზონ, რომელსაც შესახედაობაზეც ეტყობა, რა ძალა აქვს. ეს სვანეთში მოგზაურობის ის ნაწილია, რომელიც უცხოელს თუ ადგილობრივს ერთნაირად მოსწონს.

კიდევ ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი ნათელა ცინდელიანი იხსენებს, რომ ტურისტები ნაკრაში შოტლანდიიდან და სინგაპურიდანაც ჩასულან, ამერიკელ ტურისტს კი აქაურობა იმდენად მოეწონა, რომ ფარცხვაშიც სიამოვნებით ეხმარებოდა მასპინძელს. შამილ გვამლიანი, რომელმაც ალპური ზონის მონახულება გვირჩია, გულდაწყვეტით იხსენებს, რომ ამ მხარეში ბევრი საინტერესო რამაა, თუმცა ახლა ის მიტოვებულია. ნაკრაში ადგილობრივებს უნდათ, რომ ძველი ალპინისტების სკოლები ისევ დაბრუნდეს, რადგან ამ მხარეს ეს პოტენციალი ნამდვილად აქვს და აქ საუკეთესო სპორტსმენები იზრდებოდნენ.

ბონუსად კონფუცი, ადგილზე დაყენება და საინტერესო ტრადიციები

ყველაფერთან ერთად სვანეთი მოულოდნელობებით სავსე მხარეცაა. ისეთ ადგილას, სადაც იფიქრებთ, რომ სულიერი არავინ იქნება, შეიძლება სოფელი დაგხვდეთ, გზად ნახოთ მთა, რომელიც, იმდენად თბილია, რომ თოვლი არასდროს დევს, პირველად გაიგოთ ენა, რომელსაც სხვაგან ვერსად მოისმენთ და საუბარში ჩინელი ფილოსოფოსის აზრიც გაიხსენონ. სწორედ ასე მოხდა მაშინ, როცა შამილ გვამლიანს სვანურ ადათ-წესებსა და ტრადიციაზე ვესაუბრებოდით. მისი თქმით, სვანური ტრადიცია – საქმის დაყენება კონფუცის მოტივებზეა დამყარებული. ამ წესის მთავარი ფორმულა ისაა, რომ რაც შენ არ გსიამოვნებს ის სხვასაც არ უნდა გაუკეთო.

"ესაა ნამდვილი ჰუმანური ცხოვრება და ჩვენ გვაქვს სვანური წესი, ორი ან ოთხი კაცი დაჯდება და გაარჩევს საქმეს. ისინი სოფლის რჩეულები არიან, ამ ტრადიციას ადგილზე დაყენება ჰქვია, შენს ადგილზე მე რომ ვყოფილიყავი ამას გაპატიებდი, ან ასე მოვიქცეოდი", — გვიხსნის შამილი.

ალპური ზონა

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

სვანეთში საჭირბოროტო საკითხების, ოჯახებს შორის კონფლიქტის თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად ამ ტრადიციას დღესაც იყენებენ. ნათელა ცინდელიანმა კი კიდევ ერთი, ცეცხლთაყვანისცემის დროინდელი, თუმცა ისევ ცოცხალი ტრადიცია გაიხსენა. ამ დღესასწაულ სვანეთში ლამპრობა ჰქვია და 28 თებერვალს ტარდება. ამ დღეს სოფელი "საძმოებად" იყოფა, საძმოში რამდენიმე ოჯახი შედის, კაცები თხმელის დიდ ტოტებს აგროვებენ, საბოლოოდ, ყველა სოფლის ცენტრში იკრიბება, დიდი კოცონს ანთებენ და შელოცვას ამბობენ. საღამოს მთელ საძმოს რომელიმე მასპინძელი ოჯახი თავისთან ეპატიჟება.

სვანეთში ყოფნისას მალევე ხვდები, რომ შენც ამ ლეგენდების, ამ ადათის ნაწილი ხარ. მაღალი, მკაცრი მთების, ცარიელი, თვალუწვდენელი ველების და ულამაზესი ველური ბუნების ყურებისას საკუთარი თავი ძალიან პატარა და ძალიან თავისუფალი გგონია. მთავარია, სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქო, სანამ დრო გაქვს უსაზღვრო სიმწვანეს უყურო და მერე ყველას მოუყვე, როგორია ისეთ ადგილებში მოგზაურობა, რომლებზეც ბევრმა არაფერი იცის.