ფილმ Fast and Furious-ის გადაღებების გამო 21 სექტემბერს მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში

21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). აქედან გამომდინარე, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება შეუძლებელი იქნება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან დაშვებული იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანისა ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით.

დათუაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვლება #88 და #99 ავტობუსების მარშრუტები. #88-ის ბოლო გაჩერებად მე-4 მიკრორაიონში არსებული #192 საბავშვო ბაღის მიმდებარე მოედანი განისაზღვრება. #99 ავტობუსი ჟღენტის ქუჩიდან აუხვევს ვარაზის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებს მე-4 მიკრორაიონში და კაპანელის ქუჩაზე, #1 კორპუსის სიახლოვეს გაჩერდება.

გადაღებების პერიოდში მე-5 მიკრორაიონის მეტროსადგურ დელისთან დასაკავშირებლად ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება, რომელიც ვარაზის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩებით გავლით იმოძრავებს. უცვლელი დარჩება #63 და #107 ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები.

21 სექტემბერს 07:00 საათიდან 10:00 საათამდე მოძრაობა, ასევე, შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

გადაღებების პერიოდში კერძო ტრანსპორტი ისნისა და სამგორის რაიონებიდან ბარათაშვილის ხიდისკენ ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით იმოძრავებს.

რამდენიმე საათით შეიცვლება #31, #44, #80 და #102 ავტობუსების მარშრუტებიც. ისინი ევროპის მოედნიდან მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

Fats and Furious-ს გადაიღე საქართველოში პროგრამის ფარგლებში იღებენ. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა, XM2 UK LIMITED-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა და გადაღებებისთვის საქართველოში 8 უპილოტო საჰაერო ხომალდიც დარეგისტრირდა.