თიბისის ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოების დაფუძნების მიზეზებზე რამდენიმე წუთის წინ ანაკლიაში ისაუბრა. საზოგადოებას, რომელსაც ის აფუძნებს ლელო ერქმევა.

"შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა იმ პოლიტიკოსებს, იმ ჩინოვნიკებს, იმ შემოტევების გამო, რომლებმაც ეს პრობლემები შემიქმნეს იმიტომ, რომ მე გავახილე თვალი და მივხვდი, რომ მე ასე ვერ გავაგრძელებდი. ეს აღარ მეხევა მხოლოდ მე, ეს ეხება თითოეულ ჩვენთაგანს. მე არ მინდა ნაპირის ერთ მხარეს ვიდგე, მერქვას ბიზნესმენი, რომელმაც ეს თქვენთან ერთად დიდი შრომის შედეგად განახორციელა. არამედ, მინდა მე თქვენთან ერთად ვიღვაწო და საქმე გავაკეთო ყველასთვის", — თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა. მაშინ ის ამბობდა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებდა სახეზე იყო ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც "ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება". ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან მისივე განცხადებით, ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.