ყვარელში აქტივისტებმა იოსებ სტალინის ბიუსტი შეღებეს და აბრა ჩამოგლიჯეს. ფოტომასალა On.ge-ს მკითხველმა მიაწოდა.

როგორც აქტივისტებმა, რომლებსაც ანონიმად სურთ დარჩენა, On.ge-ს განუცხადეს, ეს არის პროტესტი რუსული ოკუპაციისა და საბჭოთა სიმბოლიკის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, სტალინის ძეგლს ჯერ ანტიოკუპაციური თვალსახვევი გაუკეთეს, რომელიც 20 ივნისის მოვლენების სიმბოლოა, შემდეგ კი წითელი საღებავით შეღებეს.

"მიუღებელია იმ ქალაქში, სადაც ილია [ჭავჭავაძე] დაიბადა, ილიას ღირებულებებით იზრდებიან ადამიანები, იდგეს ათასი უბედურებისა და სისასტიკის, ტერორისა და სიხლის ავტორის ბიუსტი", — ამბობენ ისინი.

სტალინის ბიუსტი ყვარლის ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარედ

სტალინის ბიუსტი ყვარლის ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარედ

აქტივისტებმა დააზიანეს სტალინის აბრაც. მათი თქმით, ეს სურათი ილიას გორის მიმდებარედ, ჭავჭავაძის ძეგლის ასასვლელთან იყო გაკრული.

"ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, ილიას ძეგლამდე მიგვიძღოდეს სტალინის აბრა", — აცხადებენ აქტივისტები.

სტალინის აბრა, ილიას გორის მიმდებარე ტერიტორიაზე

სტალინის აბრა, ილიას გორის მიმდებარე ტერიტორიაზე

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოქალაქეები სტალინის ძეგლებსა და ბიუსტებს ღებავენ. ორი კვირის წინ ბიუსტი შეღებეს მცხეთაში. ასე მოხდა 2013 წელსაც, როცა მისი ძეგლი თელავში გაიხსნა. მანამდე კი სტალინის ძეგლები სოფლებში, ზემო აკურასა და ალვანში გადაღებეს.