ჰოლივუდური სიყვარულის შეცვლილი ფორმულა
წლების განმავლობაში მეგობრები რომანტიკულ პარტნიორებთან შედარებით მეორეხარისხოვან როლებს სჯერდებოდნენ, მაგრამ, როგორც იქნა, მათ დიდ ეკრანებზე კუთვნილი ადგილის დაკავება დაიწყეს.
2019 წლის დასაწყისში კაპიტანი მარველის გამოსვლამ კინემატოგრაფიაში ჩუმი რევოლუცია წამოიწყო. თუმცა ის არა მარტო მარველის კინოსამყაროში სუპერგმირ ქალზე გადაღებულ პირველ ფილმად იქცა, არამედ, ამასთან ერთად, ტრადიციული რომანტიკული სიუჟეტური ხაზის არქონის გამოც მიიქცია ყურადღება.
იმის ნაცვლად, რომ ბრი ლარსონის პერსონაჟს, კეროლ დენვერსს, სასიყვარულო ინტერესის ობიექტი ჰყოლოდა, ფილმის შემქმნელებმა მას საუკეთესო მეგობარი, მარია რამბო არგუნეს და მათი ურთიერთობა ფილმის მამოძრავებელ ძალად აქციეს. "ეს არის მთავარი სასიყვარულო ხაზი; ეს დიდი სიყვარულია", - განაცხადა ლარსონმა ფილმის გამოსვლის პერიოდში, – "ეს დაკარგული და შემდგომში ხელახლა ნაპოვნი სიყვარულია. ესაა მიზეზი, რომელიც ბრძოლის გაგრძელებასა და იმ ერთადერთი ადამიანისთვის თავდადებას გაიძულებს, რომლის გულისთვისაც სამყაროს დასალიერშიც წახვალ".
რასაკვირველია, მარველის სამყარო მეგობრობის უამრავ ისტორიას იტევს, თუმცა ასეთ მაღალბიუჯეტიან ფილმში ტრადიციული რომანის ნაცვლად ორი ქალის სიყვარულის ისტორიის ყურადღების ცენტრში მოქცევა 2019 წლის კინემატოგრაფიაში უფრო მასშტაბურ ცვლილებაზე მიანიშნებს.
დიდი ხნის განმავლობაში მეგობრებთან ურთიერთობა კინოში მხოლოდ მეორეხარისხოვან სიუჟეტურ ხაზს წარმოადგენდა. მეგობრის დანიშნულება დასალევად სადმე გასვლა, მთავარი გმირის გამხნევება თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის წამოწყებაში დახმარება იყო. თუმცა ბოლო დროს არარომანტიკულ ურთიერთობებს წამყვანი როლი შესთავაზეს. ცოტა ხნის წინ ოლივია უაილდის სარეჟისორო დებიუტი ფილმით Booksmart შედგა და ფართო აღიარებაც მოიპოვა (Rotten Tomatoes-ზე ის კინოკრიტიკოსთა მიერ 97 პროცენტითაა შეფასებული). ეს სასკოლო კომედია მოგვითხრობს ორ მეგობარზე, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ ერთმანეთისგან მოშორებით ცხოვრების პრობლემას ეჩეხებიან.
სცენარი ჰოლივუდში ათწლეულის განმავლობაში უამრავი ადამიანის ხელში მოხვდა და ასევე უამრავჯერ გადაიწერა. საბოლოოდ, თავდაპირველი წინაპირობა, რომლის მიხედვითაც, ორი გოგო გამოსაშვები საღამოსთვის შეყვარებულებს ეძებდა, შეიცვალა და მთლიანად პერსონაჟების მეგობრობის ისტორიაზე ფოკუსირდა. სცენარისტმა ქეით სილბერმენმა განმარტა, რომ სურდა, რომანტიკული კომედიის სტრუქტურა შეენარჩუნებინა და ამ ურთიერთობისთვის ისეთივე დატვირთვა მიენიჭებინა, როგორსაც სასიყვარული ისტორია იმსახურებს - ყველა იმ გულისტკენასთან ერთად, რომელიც მას მოჰყვება ხოლმე.
2018 წლის ნეტფლიქსის ფილმის, Set It Up-ის სცენარიც სილბერმენის დაწერილია. ფილმი იმ მრავალ რომანტიკულ კომედიას შორისაა, რომელიც სტრიმინგ-სერვისმა ბოლო ორ წელში გამოუშვა. თუმცა წელს ნეტფლიქსი მეგობრობაზე ფოკუსირებული ნამუშევრებისკენ გადაიხარა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი, Someone Great, იმით იწყება, რომ მთავარ პერსონაჟს შეყვარებული მიატოვებს, საბოლოოდ, სიუჟეტი გოგო მეგობრების ყოლის მნიშვნელობაზე კონცენტრირდება. მსგავსად ამისა, ემი პოლერის კომედია, Wine Country, ერთ-ერთი პერსონაჟის 50 წლის იუბილის აღსანიშნად ხელახლა შეკრებილი მეგობრების ჯგუფზეა. ფილმი ხანგრძლივი მეგობრობისთვის თანამდევ იუმორს, სითბოსა და უთანხმოებას რეალისტურად გადმოსცემს.
კაცებს შორის მეგობრობაც ყურადღების ცენტრშია. ტარანტინოს უკანასკნელი ნამუშევარი, Once Upon a Time… in Hollywood, კარიერული პრობლემების მქონე მსახიობის (ლეონარდო დიკაპრიო) და მისი დუბლიორის (ბრედ პიტი) ურთიერთობას აღწერს. რეჟისორის ინსპირაცია ბარტ რეინოლდსისა და ჰალ ნიდჰამის რეალური მეგობრობის ისტორია გახდა. როგორც ცნობილია, რეინოლდს ნიდჰამზე ეს სიტყვები აქვს ნათქვამი: "ის რომ ქალი ყოფილიყო, ჩვენ არაჩვეულებრივი ქორწინება გვექნებოდაო". მალე გამოვა ბიოგრაფიული დრამა A Beautiful Day in the Neigbourhood ამერიკელი სატელევიზიო ვარსკვლავის, ფრედ როჯერსის შესახებ, რომელსაც ტომ ჰენკსი განასახიერებს. ისტორია როჯერსსა და მეთიუ რაისის მიერ განსახიერებულ ჟურნალის თანამშრომელს შორის რეალურად არსებული მეგობრობის განვითარებაზე მოგვითხრობს.
თუმცა, თუ ძმაკაცებსა და ბრომანსზე გადაღებული ფილმები დიდი ეკრანისთვის უცხო არაა, ქალების მეგობრობის ამსახველი მრავალწახნაგოვანი პორტრეტები გაცილებით იშვიათად იმსახურებდა ჰოლივუდის ყურადღებას. რა თქმა უნდა, არსებობს ქალ მეგობრებზე გადაღებული ფილმებიც; მაგალითად, სენტიმენტალური მელოდრამა Beaches, საკულტო სათავგადასავლო ფილმი, Thelma & Louise და ჰიტად ქცეული კომედია, Bridesmaids. ისეთი თინეიჯერული ფილმები კი, როგორებიც Mean girls და Clueless არიან, ამ განსაკუთრებული დინამიკის გადმოცემას ყოველთვის ახერხებდა. 2017 წელს ოთხი მეგობრის ნიუ ორლეანსში მოგზაურობაზე გადაღებულმა უხამსმა კომედიამ, Girl’s Trip, გამომუშავებული ფულით მოლოდინებს გადააჭარბა და სიქველიც დაუმტკიცდა.
საუკეთესო მეგობრის როლი თითქმის ყველა ჰოლივუდურ პროდუქტში გვხვდება, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტაა ისეთი ფილმი, რომელიც რომანტიკულ ხაზს მეგობრობას ამჯობინებს და რომელშიც ქალები კაცის გამო ერთმანეთს არ უპირისპირდებიან ან კაცების ცუდი საქციელის გამო მათ წინააღმდეგ არ ერთიანდებიან. მეტიც, მეგობრობა, განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში, ისევე მარტივად შეიძლება კლიშეების მსხვერპლი გახდეს, როგორც - რომანტიკული ისტორია. Sex and the City-ის სერიალიცა და ორივე ფილმიც იმ იდეას უწევეს პოპულარიზაციას, რომ როდესაც რომანტიკული ურთიერთობები იწყება და მთავრდება, მეგობრები ორივე შემთხვევაში შენ გვერდით არიან - როგორც წესი, რომელიმე დაბალგრადუსიანი კოქტეილით ხელში. იშვიათად თუ ვხედავთ ეკრანზე მეგობრობის არეულ, მტკივნეულ და სასტიკ მხარეს ან იმას, თუ როგორ და რატომ მთავრდება ხოლმე ურთიერთობები.
სწორედ მეგობრობის რეალურ სახესა და მის კულტურულ განსახიერებას შორის არსებულმა უფსკრულმა გადააწყვეტინა ემა ჯეინ ანსვორთს ორი თავზეხელაღებული ქალის შესახებ რომანი, Animals, დაეწერა. მეგობრების ურთიერთობა გამოცდის წინაშე დგება, როდესაც ერთ-ერთი მათგანი იმაზე იწყებს ფიქრს, ცხოვრება მათი ურთიერთდამოკიდებული სამყაროს მიღმაც თუ არსებობს. წიგნზე დაფუძნებული ფილმი ამ თვეს გამოვიდა. მისი სცენარი თავად ანსვორთს ეკუთვნის, მთავარ როლებში კი ჰოლიდეი გრეინჯერი და ალია შოკატი გვევლინებიან.
"მეგობრობის ყოველდღიური დინამიკის სწორად გადმოცემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - ამბობს მწერალი, – "მინდოდა, ამბავი სასაცილო ყოფილიყო, ენამოსწრებული დუეტით, რომელიც მუდმივად თავგადასავლებში ეხვევა. მუშაობისას ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა ფილმს, Withnail & I. მიყვარს ეს ფილმი, მასში ძალიან დიდ კომედიასთან ერთად დიდი ტრაგედიაც ჩანს". პირველად წერა რომ დაიწყო, ანსვორთს რეალისტურად ქაოსური მეგობრობის ასახვა უნდოდა - სწორედ ისეთის, როგორიც თავად არაერთხელ გამოეცადა. "იმ დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მსგავსი რამ არასოდეს წამეკითხა. თუმცა, ვფიქრობ, მას შემდეგ ბევრი კარგი რამ დაიწერა".
შეიძლება, ამ თემაზე ნიუანსური ისტორიების ნაკლებობის გამო არის, რომ ჯერ კიდევ 1978 წელს გადაღებული ფილმი დღემდე მოიხსენიება ქალების მეგობრობაზე შექმნილ ყველაზე გავლენიან ნამუშევრად. კლაუდია უეილის Girlfriends ფემინიზმის მეორე ტალღის პერიოდში ერთად მცხოვრები ორი ნიუ-იორკელი საუკეთესო მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს. ერთ-ერთი მათგანი ცხოვრების არსის გადაფასებას მას შემდეგ იწყებს, რაც მეგობარი მას ოჯახის შესაქმნელად მიატოვებს. ფილმმა ლენა დანჰემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ უეილი Girls-ის ერთი ეპიზოდის გადასაღებად მიიწვია. ამ ფილმის გავლენა იგრძნობა 2012 წლის Frances Ha-ზეც, რომელიც ნოა ბაუმბახის გადაღებულია, სცენარის თანაავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი კი გრეტა გერვიგი გახლავთ. ფილმში მეგობრობა დახატულია როგორც ტრაგიკული რომანი - ესაა ურთიერთობა, რომელიც ინგრევა, როდესაც ერთ-ერთი მეგობარი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის მზაობას მეორეზე ადრე იგრძნობს.
იდეა, რომ არარომანტიკული ურთიერთობაც იცვლება და ზოგჯერ მთავრდება კიდეც, სწორედ ის იყო, რისი ეკრანზე გადმოტანაც ანსვორთს სურდა. "ჩემი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე დასრულებული მეგობრობის გამო ძალიან გულნატკენი ვიყავი", - ამბობს ის, - "მაგრამ ამ ფილმით იმის ჩვენებაც მინდოდა, რომ თუ რაღაც სამუდამოდ არ გრძელდება, ეს მარცხის მანიშნებელი სულაც არაა".
ქალები Animals-ში არც იმ გაცვეთილ ტროპს ერგებიან, რომლის მიხედვითაც, ისინი მუდამ ერთმანეთს უნდა ამხნევებდნენ. მათ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დიდი ტკივილის მიყენებაც შეუძლიათ. "თუ მეგობრულ ურთიერთობას სათანადოდ აღვწერთ და ვიტყვით, რომ სირთულისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით ის თავისი მნიშვნელობით რომანტიკული და სექსუალური ურთიერთობების ტოლფასია, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის არანაკლებ მტკივნეული და დამაბნეველი, საშიში და ბოროტიც შეიძლება იყოს", - ხსნის ანსვორთი.
ის იმედოვნებს, რომ კინოში მეგობრობის უკეთ აღქმული პორტრეტების შექმნის ტენდენცია გაგრძელდება. "იმედი მაქვს, სულ მეტ სიღრმეებში ჩავალთ და ურთიერთობების ბევრი სხვადასხვა გზით ჩვენებას შევძლებთ". შეიძლება, მეგობრობა ჩვენ არ შთაგვაგონებს, გადავარჩინოთ სამყარო, როგორც ამას კაპიტანი მარველი აკეთებს, მაგრამ ეს ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირებია. და ამაში, როგორც ჩანს, უკვე კინემატოგრაფიაც გვეთანხმება.
კომენტარები