თანხმობა შეუთანხმებლობის გარეშე — ხელშეკრულების კითხვის პარადოქსი
ყოველდღიური რუტინა ხშირად ხელს გვიშლის დავაკვირდეთ არაჯანსაღ პროცესებს, რომელშიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ვმონაწილეობთ. კონტრაქტებთან ჩვენი დამოკიდებულება სწორედ ამ კონტექსტის ნაწილია. სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით, კონტრაქტი "შეთანხმებაა, რომელიც განსაზღვრავს მისი დამდები მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს". არ აქვს მნიშვნელობა, ვყიდულობთ ყურსასმენს თუ ხელს ვაწერთ შრომით ხელშეკრულებას, ჩვენ ვმონაწილეობთ შეთანხმების პროცესში. პარადოქსული კი ამ ამბავში ის არის, რომ ჩვენი უმრავლესობა ამ პროცესში ვმონაწილეობთ შეუთანხმებლობის გარეშე.
საქართველოში ამ საკითხის კვლევით ჯერ არავინ დაინტერესებულა, არც ციფრული კომუნიკაციის, არც ინფორმაციული ტექნოლოგიების, არც სამართლისა თუ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, თუმცა საზღგვარგარეთ კონტრაქტების კითხვის თავისებურებებთან დაკავშირებული გამოკითხვები უკვე წლებია ტარდება.
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური კომპანიის Deloitte-ის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა 91% ხელშეკრულებას წაუკითხავად აწერს ხელს, არადა, მათი 80% აღიარებს, რომ ამის უკან გარკვეული საფრთხე იმალება. ამავე სურათს აჩვენებს 2018 წელს ჩატარებული საერთაშორისო ექსპერიმენტიც - The Biggest Lie on the Internet: Ignoring Privacy Policies and Terms of Service Policies of Social Networking Services. კვლევის პროცესში, იორკის და კონექტიკუტის უნივერსიტეტების პროფესორებმა, ჯონათან ობარმა და ენ ოლდორფ-ჰირშმა ყალბი სოციალური ქსელი (NameDrop) შექმნეს, რომლის სახელშეკრულებო ტექსტში მითითებული იყო, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემთხვევაში მომხარებელს პირველი შვილის გაყიდვა მოუწევდა. კვლევაში 543-მა ამერიკელმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ავტორებს ორი რამ აინტერესებდათ: კითხულობენ თუ არა სტუდენტები შეთანხმების ტექსტს და რა დროს ხარჯავდნენ ისინი ამაში. გამოვლინდა, რომ მონაწილეთა 74% შეთახმების დოკუმენტს წაკითხვის გარეშე, ანუ შეუთანხმებლად ეთანხმებოდა. მომხმარებელს ინტერნეტ-ხელშეკრულების გასაცნობად საშუალოდ 15-დან 32 წუთამდე სჭირდება, თუმცა კვლევამ გამოავლინა, რომ ამისათვის სტუდენტები საშუალოდ ერთ წუთსაც კი არ ხარჯავენ. ამ კვლევის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ გამოკითხული სტუდენტები კომუნიკაციის პროგრამაზე სწავლობდნენ. როგორც კვლევის ავტორებმა მიგვანიშნეს, თუკი კომუნიკაციის მომავალი სპეციალისტებისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დახარჯონ დრო ინტერნეტ-კონტრაქტების კითხვაზე, მაშინ კიდევ უფრო უარესი შედეგი შეიძლება გამოვლინდეს სხვა დისციპლინებში.
ციფრული კონტრაქტები შემთხვევით არ მიხსენებია. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა კითხვის პროცესს სხვა განზომილება შესძინა. ელექტრონული ხელშეკრულებების გაცნობა და ხელმოწერა, ერთი შეხედვით, კომფორტულია, მაგრამ როგორც ყველა სხვა ციფრული კომუნიკაცია, ესეც სწრაფი და ზედაპირული ქმედებისკენ უფრო უბიძგებს მომხმარებელს, ვიდრე მისი შინაარსიანი გააზრებისკენ. არანაკლებ პრობლემურია ბეჭდურ კონტრაქტთან მომხმარებლის დამოკიდებულებაც. ინტერნეტ-ტექნოლოგიების და ციფრული კომუნიკაციების მკვლევრები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ყურადღების დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ცნება "ყურადღების ეკონომიკაც" სწორედ ამ დისკუსიებს უკავშირდება, რასაც კიდევ უფრო ფუნდამენტურ პრობლემამდე მივყავართ: წაკითხულის გააზრების უნარის (reading literacy) დაქვეითება. ის, რომ წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებული სირთულეები საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშიც მოექცა, ეს 2018 წელს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ ჩატარებულმა მოსწავლეთა საერათაშორისო შეფასების (PISA) დოკუმენტმაც დაადასტურა. PISA-ს თანახმად, reading literacy-ის განმსაზღვრელი მთავარი კრიტერიუმი ტექსტში რელევანტური ინფორმაციის მიგნება და მისი გაანალიზების უნარია. ყველა ზემოთ მითითებული მიგნება არ არის კონტრაქტებისადმი ჩვენი არაჯანსაღი დამოკიდებულების გამომწვევი ერთადერთი ფაქტორი, თუმცა მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კონტრაქტების კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებაზე.
ყველაფერი რომ ინტერნეტს და ტექნოლოგიებს არ დავაბრალოთ, საჭიროა ვისაუბროთ ორგანიზაციების პასუხისმგებლობაზეც. აქ რამდენიმე გარემოების ხსენება შეგვიძლია, მათ შორისაა დრო, რომელიც კონტრაქტის გასაცნობად გვეძლევა, ასევე ტექსტის ენა, ანუ ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც ხშირად გაუგებარია საშუალო სტატისტიკური განათლების მქონე მომხმარებლისთვის, და კრიტიკული კითხვის მეთოდი, რომელიც გვეხმარება გავიგოთ ის, რაც კონტრაქტში არ წერია, თუმცა იგულისხმება.
ბოლოდან რომ დავიწყოთ, ის ფაქტი, რომ მომხმარებელს კონტრაქტში უწევს ეძებოს, ის რაც არ წერია, თუმცა იგულისხმება — საფუძვლიდანვე გამორიცხავს ეთიკის ნორმებს, მაშინ როცა ჯანსაღი კომუნიკაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი სწორედ გამჭვირვალობაშია. თუმცა მომხმარებელთან ღია კომუნიკაციის მასშტაბი და ხარისხი კომპანიის სტრატეგიულ ხედვაზეა დამოკიდებული.
როდესაც ვსაუბრობ ტექსტის ენაზე მხედველობაში მაქვს სიტყვები, რომლითაც შეთანხმების დოკუმენტი იწერება. ფინანსური კომუნიკაციების მრჩევლები ხშირად შენიშნავენ, რომ "კონტრაქტები იწერება იურისტების მიერ იურისტებისთვის და არა მომხმარებლისთვის". კომუნიკაციის ენის შერჩევისას მთავარი გამოწვევა ადვილად აღსაქმელ ტერმინოლოგიაშია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაწყდებით "სიტყვებზე ძალადობას", როგორც XVII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი აღნიშნავდა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში An Essay Concerning Human Understanding; შედეგად ზარალდება მომხმარებელთან კომუნიკაცია, შესაბამისად კომპანიის იმიჯიც.
საერთაშორისო გამოცემა ფორბსის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბლოგპოსტი კონტრაქტის ფენომენს ბრენდინგის კონტექსტში განიხილავს. ავტორი ტრევის ბიქჰამი ამბობს, რომ ორგანიზაციების თვითშეფასების კითხვარში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - "რამდენად მარტივია ჩვენთან თანამშრომლობა?", მაშინ როდესაც მომხმარებელს იშვიათად ეკითხებიან "რამდენად გამარტივებულია საკონტრაქტო პროცესი ჩვენთან თანამშრომლობისას?".
კონტრაქტების გამარტივების მიზნით, ბრიტანულმა საბანკო ქსელმა ლოიდსმა (Lloyds Bank) 2015 წელს მომხმარებლისთვის განკუთვნილი ორწუთიანი ვიდეო-ინსტრუქციაც შექმნა, სადაც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ინტერნეტ-ბანკინგით სარგებლობის დროს პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით. ვიდეოს ქვეშ მითითებულია ბმული, რომელსაც მომხმარებელი ხელშეკრულების ტექსტურ ვერსიასთან მიჰყავს. ბანკი მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებამდე აღნიშნული ვიდეოს ნახვას ურჩევს.
ფინანსური მრჩევლები ყურადღებას ამახვილებენ სიტყვების პარადოქსულ რაოდენობაზეც, რომლისაგანაც მარტივი ხელშეკრულებები შედგება. ისინი ორგანიზაციებს სიტყვების რაოდენების მაქსიმალური შემცირებისა და გამარტივებისაკენ მოუწოდებენ.
ამ მსჯელობის ფონზე, თითქოს წარმოუდგენელიც კია იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ეპოქაში ხელშეკრულების კითხვას ვისწავლით, თუმცა ფაქტია, რომ ამ უნარს გამომუშავება და წახალისება სჭირდება. ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურზე ფინანსური წიგნიერების საგანმანათლებლო პროგრამის შემოღებამ შესაძლოა შედეგი უფრო გააუმჯობესოს. ამერიკაში კონტრაქტის კითხვა სამართლებრივი და ბიზნეს-კომუნიკაციების პროგრამების ნაწილია. უფრო მეტიც, შტატში (ინდიანა), სადაც ამჟამად კომუნიკაციის სამაგისტრო კურსზე ვსწავლობ, კონტრაქტის კითხვის სწავლა პროფესიულ კოლეჯშიც შეიძლება.
კონტრაქტზე ხელმოწერამდე გასათვალისწინებელი რჩევები მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
1. განსაზღვრეთ კონტრაქტის მნიშვნელობა. შესაძლოა მაცივრის შეძენისას გაცემული საგარანტიო ხელშეკრულება იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს თქვენთვის, რამდენადაც ფინანსური მოგების განაწილებასთან დაკავშირებული შეთანხმება, ამიტომ კარგად შეაფასეთ კონტრაქტის ღირებულება თქვენი მომავალი საქმიანობისთვის.
2. მოიძიეთ ძირითადი ტერმინოლოგია, რომელიც კონტრაქტის გააზრებაში დაგეხმარებათ.
3. მიეცით თქვენს თავს მეტი დრო, იმისათვის, რომ კონტრაქტის გაგება შეძლოთ. მოითხოვეთ ხელშეკრულების ასლი, რომელიც მის სრულად გასაგებად გჭირდებათ. ნუ მოგერიდებათ, ითხოვოთ დრო და მარტო ყოფნა, იმისათვის რომ კონტრაქტის კრიტიკულად წაკითხვა შეძლოთ.
4. არასდროს მოწეროთ ხელი შეთანხმებას, რომელიც არ გესმით.
5. თუ საჭიროა, დაიქირავეთ იურისტი.
6. საგულდაგულოდ შეინახეთ ხელმოწერილი კონტრაქტის ასლი.
საფრთხეების მასშტაბი ხელშეკრულების მიზნისა და მნიშვნელობის მიხედვით იცვლება, მაგრამ მთავარია იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე შევძლოთ შეთანხმება, რაც ზემოთ განვიხილეთ. კომპრომისი ორგანიზაციებისგან და მეტი სიფხიზლე მომხმარებლისგან, რასაც საბოლოოდ ეთიკურ კომუნიკაციამდე და კრიტიკულ მომხმარებლამდე მივყავართ. წინააღმდეგ შემთხვევში, ნუ იგრძნობთ თავს დამცირებულად, თუკი აღმოაჩენთ, რომ ერთ დღეს, ზემოთხსნებულ კვლევაში მონაწილე სტუდენტების მსგავსად, უფროსი შვილის გაყიდვა მოგიწევთ, რადგან ეს ის მთავარი პირობაა, რომელიც ორგანიზაციამ ხელშეკრულებაში ჩაგიწერათ, თქვენ კი მას შეუთანხმებლად დათანხმდით.
კომენტარები